მისი მძიმე ჯვარი, რომელიც თავის სამშობლოსთან ერთად ატარა, დღეს უფლის წინაშეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დეპუტატმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორესთან უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს.
„ყველა ადამიანის გული, არ აქვს მნიშვნელობა მორწმუნე ქრისტიანი იყო თუ არა, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილით არის აღსავსე, იმიტომ, რომ ჩვენი პატრიარქი უფლის წინაშე წარსდგა. მისი მძიმე ჯვარი, რომელიც თავის სამშობლოსთან ერთად ატარა, დღეს უფლის წინაშეა. საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.