პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე დამატებითი დეტალები 18 მარტს, წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება. შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, 18 მარტს, 14:00 საათზე, გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, რის შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესის და უნეტარესისის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პატრიარქს, 18 მარტს გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში.
„ხვალ შედგება სინოდი, 14:00 საათზე. სინოდის შემდეგ გავაცხადებთ დეტალებს დაკრძალვასთან დაკავშირებით. ხვალვე გადავასვენებთ კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, იქ იქნება პანაშვიდები. საპატრიარქოში პანაშვიდები არ იგეგმება. შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს საპატრიარქოს შენობა სასულიერო პირთა ნაწილმა უკვე დატოვა. საპატრიარქოს შენობა, ცოტა ხნის წინ, ასევე, დატოვეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გააკეთა.