უზენაესი სასამართლო - უდიდესი დანაკარგის მომსწრეა ჩვენი სამშობლო - რთული იქნება ილია მეორეს გარეშე ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში გზის გაგრძელება, თუმცა, გვწამს და ნუგეშს გვაძლევს, რომ ამიერიდან გვყავს ზეციური მფარველი

უდიდესი დანაკარგის მომსწრეა ჩვენი სამშობლო! სიტყვებიც კი უძლურია იმ დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე, რომელსაც სრულიად საქართველო და თითოეული მისი შვილი განიცდის, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დაგვტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ილია მეორემ.

ფასდაუდებელია კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი და ამაგი ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე. ის იყო ეპოქალური ადამიანი, საქართველოს დიდი სულიერი წინამძღოლი, მისი მეოხი და მისთვის დამაშვრალი ლოცვითა და უდიდესი საქვეყნო მნიშვნელობის საქმეებით, თანამედროვე მართლმადიდებლური სამყაროს გამორჩეული მანათობელი და დიდი სულიერი ძალა.

ჩვენმა უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე. მისი მოღვაწეობა გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში და მარად დარჩება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო და შთამაგონებელი.

რთული იქნება მის გარეშე ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში გზის გაგრძელება, თუმცა, გვწამს და ნუგეშს გვაძლევს, რომ ამიერიდან გვყავს ზეციური მფარველი, დაუცხრომელი მლოცველი და მეოხი უფლის წინაშე, რომელიც კვლავაც ილოცებს ჩვენი ერისთვის ღვთაებრივი სასუფევლიდან.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩვენს დიდ სულიერ მამას, საქართველოს უდიდეს მეოხს უფლის წინაშე და ამიერიდან მის ზეციურ მფარველს”, - წერია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში