ეპისკოპოსი მიქაელი - წმინდა მამებზე რომ წამიკითხავს, მხოლოდ პატრიარქში ვნახე ასეთი რამ - თავისი საქციელით ქადაგებდა და მდუმარებაში რომ იყო, იმითაც ქადაგებდა, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი

40 წელიწადი ვიცნობდი, სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი არ მინახავს - ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მლოცველი და მზრუნველი ადამიანი ქართველი ერისა, - ამის შესახებ საპატრიარქოსთან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქი თავის საქციელით ქადაგებდა, ასევე, მდუმარებაში რომ იყო იმითაც ქადაგებდა, თუ როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი.

„ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. ასეთი ადამიანი მე ცხოვრებაში არ მინახავს. წმინდა მამებზე რომ წამიკითხავს რაღაცები, ისეთი რჩევა-დარიგებები როგორი პიროვნებებიც იყვნენ, როგორ ზრუნავდნენ ხალხზე, როგორ ჰქონდათ გულში მართლმადიდებლური სარწმუნოება, მარტო პატრიარქში ვნახე ეგეთი რამ. 40 წელიწადი ვიცნობდი, სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი არ მინახავს. სულ შენდობებითა და მოფერებით გვაკეთებინებდა ყველაფერს. ისეთი ნდობა გვქონდა, რომ ჩვენ გვიხაროდა ყველაფრის კეთება. ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მლოცველი და მზრუნველი ადამიანი ქართველი ერისა. ისე წყნარად და მშვიდად წავიდა, არავინ არ შეუწუხებია. პატრიარქი თავის საქციელით ქადაგებდა, მდუმარებაში რომ იყო იმითაც ქადაგებდა როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი. მე რა ხნისაც ვარ, არ მინახავს მისი განკითხვა და ვინმეზე ცუდი და აუგი ეთქვას. მინდა, რომ ჩვენ ყველანი ასე ვიყოთ და შევუსრულოთ პატრიარქს ერთიანობა ჩვენი ქართველი ერისა და ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცე და სიძლიერე“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფეს ასევე ჰკითხეს პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს არის იდუმალი.

„ეგ არის იდუმალი და რომ გაცხადდება მერე გამოჩნდება. [ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. გაიხსნება და ყველას ეცოდინება“, - განმარტა მეუფემ.

კითხვაზე, გაიხსნება თუ არა ამ სინოდის სხდომაზე ანდერძი, მეუფემ უპასუხა, რომ არ იცის.

„არის შეკითხვა, რომელზეც შემიძლია გიპასუხოთ, არის შეკითხვა, რომელსაც ყველანი უნდა დაველოდოთ. მეც კი არ ვიცი. იმიტომ რომ ყველაფერი რომ ვიცოდე, მაშინ აბა რა იქნებოდა. ღმერთმა რაც იცის, მერე ვიცით ხოლმე ჩვენ, თუ გვაუწყებს“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს