ირაკლი კობახიძე - უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას - ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს.

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო მოქალაქეების გულებში რწმენის განმტკიცება.

„სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას. მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსმთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება. უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ