ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“, გასული კვირის არაერთი განცხადებით, სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიცაა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ორი დღის წინ ელისაშვილის ბრალთან დაკავშირებით ხელახლა გაკეთებული განცხადება, რაც წარმოადგენს განგრძობად ზეწოლას სასამართლოზე და ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ მათ მიერ გაკეთებული განცხადებით, სასამართლოზე წნეხს აგრძელებს.
„აღსანიშნავია ის, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი, მისი მწვავე განცხადებების, სუს-ის ამჟამინდელ უფროსთან ინციდენტის და პოლიტიკური პოზიციების გამო, არაერთხელ გახდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ფიზიკური ძალადობის ობიექტი, მათ შორის საპროტესტო აქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ამხილა ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეები, მათ შორის ხაშურის პოლიციის უფროსის მოადგილე ზაქრო ჩოხელი, საგამოძიებო უწყებების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მეტიც, ირაკლი კობახიძე ვერ იხსენებს ოპონენტებზე ძალადობის ფაქტებს, და მისი თანაგუნდელის, შალვა პაპუაშვილის, მრავალჯერადი იმპერატიული კარნახით, ბრალდების მხარე ელისაშვილს ტერორიზმის მცდელობას ედავება.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“, გასული კვირის არაერთი განცხადებით, აგრძელებს სასამართლოზე წნეხს, რისი ნათელი მაგალითიცაა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ორი დღის წინ ელისაშვილის ბრალთან დაკავშირებით ხელახლა გაკეთებული განცხადება, რაც წარმოადგენს განგრძობად ზეწოლას სასამართლოზე და ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას, აგრეთვე არღვევს ალექსანდრე ელისაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციას.
ქონების დაზიანების მცდელობისთვის დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმე, რომელიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებების და ზეწოლის ფონზე, გადაკვალიფიცირდა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობად, არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა”, - განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის საქმის არსებითი განხილვა 31 მარტს დაიწყება.