საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას - ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, კარგი, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, როდესაც უპასუხა ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით.
ზახაროვას თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტა არ მომხდარა რუსეთის ინიციატივით, თუმცა ბოლო წლებში იწყება ეკონომიკური, ჰუმანიტარული კავშირები და არის არა მხოლოდ „კონკრეტული გამოვლინებები, არამედ შედეგებიც“.
„მინდოდა მეთქვა, რომ სრულიად მართალი ხართ, რომ საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი, როგორც ვხედავთ, როგორც აღვნიშნავთ, მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას. ამ ურთიერთობებმა კოლოსალური დარტყმა მიიღო მათგან, ვინც ვითარებით მანიპულირებდა კავკასიაში, როგორც მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, ასევე, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიაში - ვინც პოსტ-საბჭოურ სივრცეში მანიპულირებდა. ვისი ამოცანაც ამ ოდესღაც ჩვენს საერთო სივრცეში ქაოსის დათესვა იყო და ისინი ამას ისტორიული კავშირების გაუთვალისწინებლად აკეთებდნენ. ისტორიული კავშირებისა და იმ კავშირების საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ, რომლებიც გვაერთიანებდა. უხეშად, ცინიკურად აკეთებდნენ, არა კონფლიქტების, არამედ სწორედ შეჯახებების პროვოცირებას ახდენდნენ. ნაწილობრივად ეს პროვოკაციები გამოუვიდათ, მაგრამ, ვფიქრობ, მათ გაცილებით მეტი სურდათ და მეტს ვერ მიაღწიეს.
ამავდროულად, ნამდვილად, ურთიერთობები გაწყდა. მგონია, რომ ისტორია ძალიან კარგად იცით, არ შეგახსენებთ, მაგრამ აღვნიშნავ, რომ რუსეთის ინიციატივით არ მოხდა გაწყვეტა, ამავდროულად, ბოლო წლებში იწყება ეკონომიკური, ჰუმანიტარული კავშირები, არის ამის არა მხოლოდ კონკრეტული გამოვლინებები, არამედ კონკრეტული შედეგებიც.
ვხედავთ, როგორ ამბობს ამჟამინდელი მთავრობა, რომ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხის ნებით. რა თქმა უნდა, გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა ამ მიმართულებით. მაგრამ, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ კარგი, საინტერესო, სახალისო და, ამავდროულად, სპორტული თამაშისთვის”, - განაცხადა ზახაროვამ.
მარია ზახაროვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა.
“მწუხარების სიტყვებით დავიწყებ თქვენი, თქვენი მედიის მეშვეობით, და საქართველოს მოქალაქეებისადმი და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ხალხისთვისაც, ვინც ქართველ ერს წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რომლებიც განიცდიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ეს გარდაცვალებას.
ვიცი, რამხელა სითბო და როგორი განსაკუთრებული სულიერი გრძნობა აქვს ქართველ ხალხს თავისი რელიგიისადმი, თავისი ისტორიისადმი, ვინაიდან, ეს ისტორიის, კულტურის ნაწილია - მნიშვნელოვანი, დიადი. და, რა თქმა უნდა, იქნება მწუხარების სიტყვები რუსეთის ოფიციალური პირებისგან. მწუხარება უკვე გამოხატა უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა”, - განაცხადა ზახაროვამ.