გურამ როგავა ევროპარლამენტარებს - საქართველოში ჟურნალისტის საქმიანობა სახიფათო გახდა, აქციაზე თავს დამესხნენ არა იმიტომ, რომ კანონი დავარღვიე, არამედ იმიტომ, რომ მიკროფონი მეჭირა - გამოძიება არ ჩატარებულა

დაზარალებულის სტატუსი მაქვს, მაგრამ ეს რეალურად არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გურამ როგავამ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე აჩვენო, მაშინაც კი, როდესაც ეს არაკომფორტულია ხელისუფლებისთვის, მაგრამ, დღეს საქართველოში ეს საქმიანობა ძალიან სახიფათო გახდა. ჩემი საქმე უკვე საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის მაგალითის საჩვენებლად უცხოეთში გამოიყენება. მე საპროტესტო აქციაზე, როდესაც პირდაპირ ეთერში ვაშუქებდი, სპეცრაზმის ოფიცერი ზურგიდან თავს დამესხა. იმ ღამეს, თავს იმიტომ კი არ დამესხნენ, რომ კანონი დავარღვიე, არამედ იმიტომ რომ ხელში მიკროფონი მეჭირა. როგორც ჟურნალისტი, ჩემს საქმეს ვასრულებდი. მე, ჩემს ოპერატორთან ერთად, ვაშუქებდი, თუ როგორ სცემდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს სპეცრაზმის თანამშრომლები. ზურგიდან დამარტყეს და მიწაზე დამაგდეს. კისრის მალა და სახის ძვლები დამტვრეული მქონდა. სერიოზული დაზიანებები მქონდა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დამჭირდა. როგორც ექიმებმა მითხრეს, გამიმართლა, რომ ამან პარალიზება არ გამოიწვია“, - განაცხადა გურამ როგავამ.

მისი თქმით, „თავდასხმა პირდაპირ ეთერში იყო, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ გრძნობს პასუხისმგებლობას და ამბობს, რომ ეს პატარა ინციდენტი იყო“.

„არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. დაზარალებულის სტატუსი მაქვს, მაგრამ ეს რეალურად არაფერს ნიშნავს. ეს ფორმალური სტატუსია, რომელიც უბრალოდ უფლებას მაძლევს, რომ ჩემს საქმეზე დოკუმენტები მოვითხოვო. თუ ჩემი საქმის დოკუმენტებს ნახავთ, იქ აზრის გამოტანა შეუძლებელია. ქაღალდებია მხოლოდ იმისთვის, რათა საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ, რომ მუშაობენ, მაგრამ ეს სიყალბეა“, - აღნიშნა როგავამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი