მურთაზ ზოდელავა - პოლიტიკური ტრაგედია და დრამა არ უნდა გადაიქცეს 60 ადამიანისა და მათი ოჯახების დრამად, თუ მთელი ერი მიდიხართ გასაერთიანებლად, ეს 60 კაციც გაიყოლეთ

ეს პოლიტიკური ტრაგედია და დრამა არ უნდა გადაიქცეს 60 ადამიანის და მათი ოჯახების დრამად, - თუ მთელი ერი მიდიხართ გასაერთიანებლად, ეს 60 კაციც გაიყოლეთ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა, მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის [კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების] შემდეგ, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ერი უნდა გაერთიანდეს, ამიტომ ის ბრალდების მხარეს მოუწოდებს, დაკავებულების მიმართ, რომელთაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვთ, რაიმე "შეღავათი" გავრცელდეს.

"თუ ეროვნული განწყობა მართლაც არსებობს და თუ სახელმწიფო მედიაც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ იმაზე, რომ ერი უნდა გამთლიანდეს, უნდა მოხდეს დაახლოება და რაღაცა, იქნება აი, ამ 60 აბსოლუტურად ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეზე, ყოველგვარი პოლიტიკისგან ყოველთვის გამიჯნულ ადამიანებზე, არანაირი შეხება რომ არ ჰქონიათ და არც ექნებათ მომავალში, ასეთ ადამიანებზე მაინც გავრცელდეს [შეღავათი].

მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ვიღაცამ წინასააღდგომოდ ორ დღეში გაათავისუფლოს, ამაზე არ მაქვს საუბარი. საუბარია ზომიერ, თავშეკავებულ მიდგომაზე, ზომიერ, ადამიანურ, თავშეკავებულ მიდგომაზე ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ. მათი ოჯახის წევრებს ხედავთ დარბაზში, სხვა არავინ არ დადის ჩვენს პროცესზე. არ მაქვს საუბარი პოლიტიკოსებზე და ჩემს თავზე პირველ რიგში, მე ვსაუბრობ ჩვეულებრივ ადამიანებზე, ამ ადამიანების სოციალურ ტრაგედიად გადაიქცა ეს პროცესი. არ ვგულისხმობ ხვალ და ზეგ გათავისუფლებას, უბრალოდ 4-დან 6 წლამდე მუხლით გყავდეს სამოცამდე ადამიანი, იმისთვის, რასაც მთელი საქართველო 30 წელია აკეთებს, დადის აქციაზე ან დროშის ტარით ან ქვასაც ისვრის, ასეთია საქართველოს ისტორია, ამ ადამიანებმაც იგივე გააკეთეს, რასაც მთელი საქართველო აკეთებს ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში და მათ მიმართ ეს ძალიან დიდი წნეხია 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, სრულიად შეუსაბამო.

ეს პოლიტიკური ტრაგედია და დრამა არ უნდა გადაიქცეს 60 ადამიანის და მათი ოჯახების დრამად, სოციალურ დრამად. თუ მთელი ერი მიდიხართ გასაერთიანებლად, ეს 60 კაციც გაიყოლეთ. რაიმე კრიტერიუმები განსაზღვრეთ და რაიმე შეღავათი გაუკეთეთ“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მისივე თქმით, აქციაზე გაკეთებული მოწოდება "მამაკაცური ძალის" შესახებ იმიტომ გააკეთა, რომ ბილო პერიოდში ქალბატონების მიმართ სისტემატური ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები ხშირი იყო.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი