მისი უწმინდესობა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, დაიკრძალება სიონის საპატრიარქო ტაძარში, არა ეზოში არამედ ტაძრის შიგნით, ეს არის აუცილებლად დასაზუსტებელი, ვინაიდან იქ განისვენებს მეოცე საუკუნის უკლებლივ ყველა პატრიარქი, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირმა, დეკანოზმა თეიმურაზმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.
დეკანოზის თქმით, ტაძრის შიდა სივრცე სპეციალისტებმა შეისწავლეს და ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
"დღეს, როგორც ყველასთვის არის ცნობილი, საქართველოს საპატრიარქოს მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და სხვა რამდენიმე მღვდელმთავარმა, აგრეთვე, რამდენიმე სპეციალისტმა ნახეს ადგილი, შემოსაზღვრეს და ახლა უკვე მომზადდება აღნიშნული ადგილი, დამუშავდება. ვინაიდან ტაძარი არის ძველი არქიტექტურული ნაგებობა, დაგებულია ფილაქნები და ეს არ არის ჩვეულებრივი საფლავი, უნდა ჩატარდეს სპეციალური სამუშაო, რათა ყველაფერი იყოს დაცული.
ავტოკეფალიის მინიჭებიდან უკლებლივ ყველა არის სიონში დაკრძალული. ზოგი მარცხნივ, ზოგი მარჯვნივ (ილია მეორეს დაკრძალვა მარცხნივ გადაწყდა). რამდენიმე პატრიარქი დაკრძალულია უშუალოდ ამბიონის წინ. ორი პატრიარქი სვეტების გვერდით", - აღნიშნა დეკანოზმა.