რუსუდან ფეტვიაშვილი - პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება - მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ,  როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ

პირველი აღსარება, რომელიც ჩემს სიცოცხლეში ვთქვი, მის უწმინდესობას ჩავაბარე. სახარებაზე მუშაობა შემომთავაზა და მითხრა, რომ საპატრიარქო ჩემი სახლია და შემიძლია აქ ვიყო და ვიცხოვრო, - ამის შესახებ მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.

რუსუდან ფეტვიაშვილის თქმით, ილია მეორე კაცთმოყვარე ადამიანი იყო, უდიდესი სიყვარული ჰქონდა, რაც მას გამოარჩევდა.

„ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი სიმშვიდე, ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული. როდესაც მეცნიერი მიდიოდა მასთან, მეცნიერულ თემებზე ელაპარაკებოდა. მიდიოდა ჩვეულებრივი რიგითი პენსიონერი, მუშა, ხელოსანი, ყველას შეეძლო მისვლა, გამოყოფილი იყო დღეები და ყველას შეეძლო გასაუბრება. მე ანტრესორში ვმუშაობდი სახარებაზე და მის დარბაზში რა ხდებოდა, ჩემდაუნებურად ყველაფერი მესმოდა, იმ დარბაზში ვიჯექი მე თვითონაც, როდესაც ვმუშაობდი და ის იყო ადამიანი, რომელიც ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა და არასდროს თავს არ ამეტებდა არავის, ზუსტად იმ დონეზე, იმ სივრცეში ელაპარაკებოდა, რა სივრციდანაც ეს ადამიანი მოდიოდა. ის იყო საოცარი ადამიანი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. კაცთმოყვარე ადამიანი იყო, უდიდესი სიყვარული ჰქონდა და ეს არის ყველაზე მთავარი, რაც მას გამოარჩევდა. როცა დიდი სიყვარული გაქვს, ყველაფრის გაგება შეგიძლია. ყველაფრის გაგება და მიხვედრა შეეძლო. შეეძლო ყველა დეტალის შემჩნევა, რა უჭირდა ადამიანს“, - განაცხადა რუსუდან ფეტვიაშვილმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ „საპატრიარქოში დიდი ძვრები არ იქნება“ და საქართველო „ბეწვის ხიდზე გაივლის“.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი იყო მშვიდობის გარანტი. მისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი. სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება, ურთიერთთანხვედრა, გულისხმიერება ერთმანეთის მიმართ. ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ გაქრა ეს ადამიანი, გარდაიცვალა, სხვა სივრცეში არსებობს. მან ერთხელ თქვა, როდესაც თქვენ გაგიჭირდებათ და მე აღარ ვიქნები, გარდავიცვლები, თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ ისე, როგორც ცოცხალს და თქვენს თხოვნას შევასრულებ. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოში დიდი ძვრები არ იქნება. მთელი მსოფლიო იძვრის, მიწისძვრასავითაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ და უწმინდესიც დარწმუნებული იყო, რომ ბეწვის ხიდზე გავივლით“, - განაცხადა რუსუდან ფეტვიაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ