ყველა სიკეთესთან ერთად იყო დიდი ქართველი, - ამის შესახებ მუსიკოსმა, გია ბაღაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, პატრიარქი იყო მთელი ქვეყნის სულიერი მამა და მნიშვნელოვანი ავტორიტეტი.
ბაღაშვილის შეფასებით, პატრიარქმა რთულ პერიოდში ჩაიბარა ეკლესია და მასშტაბური ცვლილებები განახორციელა, რის გამოც იგი ისტორიული მნიშვნელობის ფიგურად მიიჩნევა.
„მისი უწმინდესობა და უნეტარესობა იყო მთელი საქართველოს სულიერი მამა და ავტორიტეტი. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას და ჩვენს მრევლს, სამებაში ათიათასობით ადამიანი პატრიარქის დამსახურებაა. მართლაც სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და წარმოუდგენელი მასშტაბის საქმიანობა გააჩაღა. საოცარი მიღწევები აქვს მას, როგორც პატრიარქს. გრიგოლ ხანძთელის, უდიდესი მოღვაწეების გვერდით დაიმკვიდრებს თავის ადგილს. მისივე ცხოვრებაში ვიცოდით, რომ ისტორიული მასშტაბის ფიგურა იყო მიუხედავად იმისა, რომ უბრალოებით გამოირჩეოდა.
ვისაც გვქონია პირადი ურთიერთობის ბედნიერება, ის იყო ცხოვრების წესით, განა მხოლოდ სიტყვით, რომლის სიტყვა და საქმე იყო ერთი”, - აღნიშნა ბაღაშვილმა.
მუსიკოსის თქმით, მიუხედავად კრიტიკისა და შეურაცხყოფისა, პატრიარქი ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა და, პირიქით, მის კრიტიკოსებზეც ლოცულობდა.
„მრავალმა უგუნურმა სრულიად დაუმსახურებლად ტალახი ესროლა და ასეთ დროს, მიუხედავად მისი დიდი ავტორიტეტისა, შეიძლებოდა მისი რისხვა სხვანაირად დატეხოდა, მსგავსი არაფერი გამოუხატავს. ერთ-ერთი სასულიერო პირის ნათქვამი შემხვდა, რომელმაც თქვა, რომ პირიქით მთხოვდა, მითხარი ვინ თქვა, რომ მათზე განსაკუთრებით ვილოცოო“, - განაცხადა ბაღაშვილმა.
გია ბაღაშვილმა ასევე გაუსვა ხაზი პატრიარქის პიროვნულ თვისებებს - შინაგან სიმართლეს, იუმორს, მუსიკის სიყვარულს და უბრალოებას.
„შინაგან სიმართლესთან ერთად იყო ნამდვილი ქართველი ყველა გამოვლინებით: იუმორით, მუსიკის სიყვარულით, საუბრის მანერით. ვრწმუნდებით, რომ მთელ ქრისტიანულ სამყაროში უპირველესი თუ არა ერთ-ერთი ავტორიტეტი იყო. ამას ვხედავთ რეაქციებით. ყველა სიკეთესთან ერთად იყო დიდი ქართველი“,- განაცხადა ბაღაშვილმა.