საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს ახალ, სტრატეგიულ პროექტს - „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიული როლის გაძლიერებას, მათ მხარდაჭერას და სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო პარტნიორობის ჩამოყალიბებას.
პროექტის მთავარი გზავნილია - ყველაფერი იწყება მასწავლებლით. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით, პროექტი ჰოლისტურად წარმოაჩენს განათლების ეკოსისტემას და ქმნის განვითარების უწყვეტ ჯაჭვს: მოსწავლე → მასწავლებელი → სკოლა → უნივერსიტეტი.
პროექტი ეფუძნება ხედვას, რომლის მიხედვითაც ძლიერი მასწავლებელი ქმნის ძლიერ მოსწავლეს, ძლიერი მოსწავლე ყალიბდება მოტივირებულ აბიტურიენტად, ხოლო საბოლოოდ - წარმატებულ სტუდენტად. ამგვარად, იქმნება ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული საგანმანათლებლო სისტემა, სადაც თითოეული ეტაპი ერთმანეთთან სინქრონში მუშაობს.
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ ეს არის პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ახალი ცოდნა, გაიზიარონ პრაქტიკული გამოცდილება, ჩაერთონ ვორქშოფებში და შექმნან პროფესიული ქსელები. შედეგად, ფორმირდება უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის მდგრადი, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება: მასწავლებელთა ფორუმი, სხვადასხვა ტიპის შუალედური აქტივობები, პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება - მასწავლებლის დაჯილდოება „მასწავლებლის გავლენის ჯილდოთი“, რომელსაც საკონკურსო პირობებით სპეციალური ჟიური გამოავლენს. გამოვლინდება ის მასწავლებელი, რომლის საუკეთესო ინიციატივები და პროექტები მნიშვნელოვან, პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესზე.
პროექტის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი არის მასწავლებელთა ფორუმი - „გარდამავალი ეტაპები განათლებაში“, რომელიც 4 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება და მთელი დღის განმავლობაში გააერთიანებს მასწავლებლებს, განათლების სფეროს ექსპერტებსა და პრაქტიკოსებს.
ფორუმი ფოკუსირდება იმ კრიტიკულ გარდამავალ ეტაპებზე, რომლებიც განსაზღვრავს მოსწავლის განვითარების გზას - ბაღიდან სკოლაში, დაწყებითი საფეხურიდან საშუალოზე, შემდგომ დამამთავრებელ ეტაპზე და საბოლოოდ უნივერსიტეტსა და პროფესიულ ცხოვრებაში. ეს პროცესები მოიცავს არა მხოლოდ აკადემიურ ცვლილებებს, არამედ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ, სოციალურ და პროფესიულ ტრანსფორმაციებს.
ფორუმის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ გარდამავალი ეტაპები არ არის მხოლოდ ინდივიდუალური გამოცდილება - ისინი წარმოადგენენ განათლების სისტემის ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ პროცესს, სადაც სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე მასწავლებლების თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ფორუმის მიზანია, განათლების სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე მასწავლებლების გაერთიანება პროფესიულ დიალოგში, რომელიც დაეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ მოსწავლის განვითარების გარდამავალი ეტაპები და იმუშაონ ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებაზე. ფორუმის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ ექსპერტების მოხსენებები, ჩაერთონ თემატურ ვორქშოფებში და მონაწილეობა მიიღონ აქტიურ პროფესიულ დისკუსიებში.
პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მასწავლებლის ცენტრალურ როლს - როგორც იმ ფიგურას, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ მოსწავლის აკადემიურ გზას, არამედ მის ღირებულებებს, ხედვასა და მომავალს.
ამ ინიციატივით საქართველოს უნივერსიტეტი აძლიერებს საკუთარ სტრატეგიულ ხედვას იყოს არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ინსტიტუცია, არამედ განათლების სისტემის აქტიური პარტნიორი, რომელიც ქმნის ერთიან, მდგრად და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ეკოსისტემას.
(R)