დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი - გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება

ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს, - ამის შესახებ დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი შეუფასებელია.

„ყველა გლოვობს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, თითოეულ ქართველს, ასევე, ემიგრანტებს, რომელიც ძალიან უყვარდა პატრიარქს, ყოველთვის ლოცავდა ხოლმე, განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდა, ყოველთვის სიკეთეს უსურვებდა ისევე, როგორც მთელ საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ადამიანისთვის. ერთია, რომ ადამიანმა თეორიულად რაღაც იცის, ხედავს და მეორეა მისი გულის მდგომარეობა, გულში კი იგრძნობა ეს ტკივილი, ეს არის უმთავრესი. მთელი ქრისტიანობის არსიც ეს არის, რომ სიტყვა გულში შევიდეს და ადამიანმა ეს თავის გულში იგრძნოს, გულიდან გამომდინარე სიკეთე აკეთოს. ის სიყვარული, რაც მან გვასწავლა ღვთის შესახებ და ის ღვაწლი, რაც მან გააკეთა, ადამიანის ბუნებისთვის შეუფასებელია. რაღაცას შეაფასებ, მაგრამ ბოლომდე ამას ვერ ჩასწვდები, ეს ძალიან დიდი სიღრმეა. როგორც იტყოდა, რწმენა და დიდი სიყვარული უნდა გქონდეს, რომ რაღაც ნაწილი მაინც გაიგო ის სულიერება, რაც ამ ადამიანს, ჩვენს სულიერ მამას ჰქონდა. გორისა და ატენის ეპარქიის გვერდზე მისი სურათი დაიდო და ასეთი რამ წერია: „საქართველოს თეთრი ანგელოზი“. ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს“, -განაცხადა დეკანოზმა, ხვთისო სეხნიაშვილმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო