პეჩის მთავარეპისკოპოსი, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტი და სერბეთის პატრიარქი, უნეტარესი პორფირე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს

ვიმყოფებით რა დიდმარხვის შუაგულში, მოგვეახლა მწუხარე უწყება ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, პატრიარქ ილიას აღსრულების შესახებ - პატრიარქისა, რომელიც იყო ქართველი ერის ნეტარსახსენებელი, დაუვიწყარი მამა და მწყემსმთავარი, - ამის შესახებ პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტისა და სერბეთის პატრიარქის, უნეტარეს პორფირეს სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და თანამწირველნო, ვიმყოფებით რა დიდმარხვის შუაგულში, მოგვეახლა მწუხარე უწყება ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, პატრიარქ ილიას აღსრულების შესახებ - პატრიარქისა, რომელიც იყო ქართველი ერის ნეტარსახსენებელი, დაუვიწყარი მამა და მწყემსმთავარი. თუმცა არ ვწუხვართ, როგორც ისინი, რომელთაც არ გააჩნიათ სასოება (1 თეს. 4:13), არამედ ქრისტეს აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის მტკიცე რწმენით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსისა და პირადად ჩვენი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ და ეკლესიის - საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა კრებულს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნებსა და მორწმუნე საზოგადოებას მისი დიდებული პირველიერარქის გარდაცვალების გამო.

როგორც „ხე, დანერგილი წყლის ნაკადულებთან” (ფსალმ. 1:3), ჩვენმა ნეტარმა ძმამ, ილიამ თავის დროზე გამოიღო უხვი ნაყოფი, ხოლო მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა. მისი ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის, საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველის ხატება; ასევე იგია მისი თანამემამულეებისთვის ზნეობრივი სვეტი, რომელმაც რთულ ისტორიულ ვითარებაში ხელი შეუწყო სულიერ განახლებას, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებასა და მართლმადიდებელი ქართველი ერის იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას.

ამას, სხვათა შორის, მოწმობს მისი უნიკალური მწყემსმთავრული მსახურება, როგორც ათიათასობით ბავშვის ნათლიისა, რამაც ძლიერი ბიძგი მისცა მისი სამწყსოს სახარებისეულ ცხოვრებას და იგი ყველა ქრისტიანისთვის “მთაზე მდგარ ქალაქად” (მათ. 5:14) და მისაბაძ მაგალითად აქცია.

დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ, დაასვენოს მისი ახალშესვენებული მსახურის, პატრიარქ ილიას სული მართალთა სავანეში, სადაც არ არის ჭირი, მწუხარება და სულთქმა, არამედ სიცოცხლე დაუსრულებელი.

საუკუნო და ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია!

პორფირე

პეჩის მთავარეპისკოპოსი, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტი და სერბეთის პატრიარქი”, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ