კვიპროსის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ანიტა დემეტრიუმ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოხატული პირადი სამძიმარი და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრის სახელით, მსურს გამოვხატო ჩვენი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ რწმენის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის გამორჩეული საყრდენი. იგი დაუღალავად ემსახურებოდა მშვიდობას, შერიგებას და საქართველოს მდიდარი კულტურული და ზნეობრივი მემკვიდრეობის დაცვას.

მსოფლიომ ჭეშმარიტად ისტორიული პიროვნება დაკარგა, რომლის მამობრივი სიყვარული და ზნეობრივი სიცხადე სცილდებოდა საქართველოს საზღვრებს. მისი გარდაცვალებით გამოწვეული დანაკარგი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა გლობალური არასტაბილურობის პერიოდში, როდესაც მისი მშვიდი და მტკიცე ხმა მნიშვნელოვანი საყრდენი იყო მშვიდობისა და საერთაშორისო წესრიგისათვის. მისი ღვაწლი შთაგონების წყარო იქნება მომავალი თაობებისთვისაც.

ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ქართველი ხალხის გვერდით ვართ. მარადიული იყოს მისი ხსოვნა", - აღნიშნა სამძიმრის წერილში კვიპროსის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტმა.

საელჩოში სტუმრობისას პალატის პრეზიდენტმა გაიხსენა მისი უწმინდესობის ისტორიული ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში 2014 წელს და ხაზი გაუსვა ორი ეკლესიის მჭიდრო, ისტორიულ კავშირებს.

კვიპროსში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს და ქართველ ერს მიუსამძიმრეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კვიპროსის რესპუბლიკაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!