პრემიერი - საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღვნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს - გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში.

ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად. ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით - ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც თავისთავად ურთულესი ამოცანაა.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, კობახიძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და განაცხადა, რომ ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს უნგრეთთან მჭიდრო და მზარდი ურთიერთობა აკავშირებს.

„რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობა მრავალ სფეროში განაგრძობს განვითარებას და მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

„დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ რამდენად აფასებს საქართველო ამ უმშვენიერეს ქვეყანასთან, უნგრეთთან მეგობრობასა და პარტნიორობას. საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ჩვენი პარტნიორობა მრავალ სფეროში განაგრძობს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ის კიდევ უფრო გაძლიერდება.

სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მოკლებულია სუვერენიტეტს, ვერ გუობს ვერცერთ სუვერენულ მთავრობას, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. მათთვის მიუღებელია ეწვიო ამ ქვეყანას და იხილო ავთენტური უნგრეთი, იმ მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც არსებითად დაკარგეს საკუთარი იდენტობა. მათთვის მიუღებელია, რომ უნგრეთი, თავისი პატრიოტული მთავრობის წყალობით, ეფექტიანად იცავს თავს გენდერული პროპაგანდისგან, მიგრაციისგან და სხვა მანკიერებისგან, რაც თანამედროვე ევროპისთვის ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე გაიმართება.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში.

მსურს პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე.

დასასრულს, მსურს წარმატებები ვუსურვო მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთგულია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემის იდეისადმი, ამ მზარდი იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში", - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო