სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ ილია მეორის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
სამების ტაძარში ცოტა ხნის წინ მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები. ასევე, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამებაში არიან მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები.
ცოტა ხნის წინ სამებაში ასევე მივიდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში ცოტა ხნის წინ მივიდნენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორესთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.