მიხეილ ყაველაშვილი - დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“ - „პატრიარქის საქართველო“, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია

დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“ - „პატრიარქის საქართველო“, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება“.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, პატრიარქმა ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მისცა ერს, კიდევ ერთხელ გააერთიანა და შეახსენა ნამდვილი „ბუნება - სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს“.

„დღეს აქ, ამ დიდებულ ტაძარში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი აღორძინების, ერის სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოა, საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის უკვდავი სულის წინაშე.

დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“. თქვენო უწმინდესობავ, თქვენმა მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა. სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოების მადლს.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია.

განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა. თქვენ იყავით და კვალავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, თქვენი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა.

„პატრიარქის საქართველო“, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში. თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება - სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს. თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ