შალვა პაპუაშვილი - ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს და ის, რასაც ვგრძნობთ, სცდება ჩვეულებრივ გლოვას - ჩვენ გვყავდა „სიყვარულის პატრიარქი“, იგი მაგალითად იქცა, როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა: მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც

ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, სცდება ჩვეულებრივ გლოვას. ეს დღეები ჩვენ ვდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით. ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარსდგა უფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით. მისი ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი სამწყსო, მისი სულიერი შვილები. უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ პატრიარქის თაობა ვართ და იმ უნიკალური მოვლენის მოწმენი, როდესაც მთელი ერი ერთი ადამიანით არის სულიერად დაკავშირებული.

„ჩვენი ორიათასწლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი. უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწმყოსთან, ხოლო აწმყო მომავალთან დააკავშირა. და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღმდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ, შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა. მან ეს შეძლო იმიტომ, რომ იცოდა მთავარი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის - თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა.

„უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა, აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე - სიყვარულზე. ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი. მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა - შინაურიც თუ უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პატრიარქმა შეძლო შეუძლებელი: როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი.

„მან ეს შეძლო და სწორედ ასე წარსდგა უფლის წინაშე - პირნათელი და მადლმოსილი. ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი. „დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი”. საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება! მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო!“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო