სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.
„გვიყვარხარ პატრიარქო“ - ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს
პატრიარქს სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ. სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა გაივლის, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.
ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო. ამ დღეების განმავლობაში ტაძართან იმ ადამიანთა ნაკადი, რომელთაც პატრიარქთან დამშვიდობება სურდათ, უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიედინებოდა. მოქალაქეებს ტაძარში შესასვლელად ხშირ შემთხვევაში, რამდენიმესაათიან რიგში უწევდა დგომა. არაერთმა ადამიანმა სამების ტაძრის ტერიტორიაზე მოქალაქეთა გრძელი რიგის გამო, ღამეც გაათენა.