უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს თითოეული შვილი, მთელი სისავსით გრძნობს, რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ილია მეორე ტოვებს, ვინაიდან, ქვეყანა ემშვიდობება ეპოქას, რომელსაც მისი სახელი ერქვა.
„ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან. ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად მანამ, ვიდრე მათი იდეალების ერთგული ვრჩებით. უწმინდესის და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა. კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის ხილვა საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ. უწმინდესის და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი არჩევანი, არამედ მისიაა, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა. გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა. ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს, დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას - მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ... ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად, შვილებად - მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს - ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა. უწმინდესო და უნეტარესო - დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის... ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.