მიტროპოლიტი ანანია - ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი - ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ თქვენო უწმინდესობავ, გაგიშლიათ არწივის ფრთები და თქვენს ფრთათა ქვეშე იკრებთ სრულიად საქართველოს, ქართველ ერს

განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი, - ამის შესახებ ქიროტონიით უპირატესმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში განაცხადა.

მეუფე ანანიას თქმით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი „სამოციქულოა“, რადგან მან 49 წლის წინ ჩაიბარა „დამცრობილი ეკლესია“,ხოლო ახლა კი ვხედავთ, მისი მმართველობის შედეგად გაძლიერებულს.

„დღეს მწუხარეა ჩვენი სული. როგორც ეს ვიხილეთ ამ დღეებში, ჩვენი ერი გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას. ამ მძიმე დღეებში ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვამხნევებს და მოციქულიც ამბობს: „რაკი სარწმუნოებით გამართლებული ვართ, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ“. იქვე ნაბრძანებია: „გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე სასოებას, სასოება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს“, რადგანაც ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი. განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. უფალი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს, 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგანაც მან აღასრულა თავისი ვალი. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა ავტოკეფალია, აღადგინა ძველი, ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულზე ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასწავლებლები და სხვა.

თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ მღვდელმთავარი. ის იყო ძალზედ მიზანდასახული. წინასწარდასახულ გეგმებზე აგებული ქმედებით აღწევდა მრავალ წარმატებას. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ მან სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა 1977 წელს პატრიარქად კურთხევისას: მე მსურს, გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია, ბრძანებდა ის. მას სჯეროდა, რომ სამწყსოს, ერს, რომელმაც 1700 წლის წინ მიიღო ქრისტეს ნათელი, უდიდესი შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომელიც იმჟამად დაფარული იყო ათეიზმის მძიმე ფარდით. მართლაც, მისი განუზომელი შრომით, ხალხში კვლავ აღორძინდა ქრისტიანობა. ამ მხრივ, მისის ღვაწლი სამოციქულოა. 49 წლის წინ მისმა უწმინდესობამ ჩაიბარა დამცრობილი ეკლესია და ახლა ვხედავთ, მისი მმართველობის შედეგად გაძლიერებულს. როგორც ფსალმუნებშია ნათქვამი: ვითარცა ორბისა, განახლდა სიჭაბუკე მისი.

ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, გაგიშლიათ არწივის ფრთები და თქვენს ფრთათა ქვეშე იკრებთ სრულიად საქართველოს, ქართველ ერს, ყველა მართლმადიდებელს, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომადგენლობისა, ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ მცირეს, ქვეყნის მმართველებს, რიგით მუშაკებს, რომელთა ლოცვაც ახლოს არის უფალ ღმერთთან. თქვენ იკრებთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, სამშობლოს მცველ ჯარისკაცებს, ახალ თაობას, იმედსა და მომავალს ერისა. თქვენ ჭეშმარიტად ბრძანდებით მამა სამშობლოსა. რამდენი ახალი ეკლესია, მონასტერი და საეპისკოპოსი შემატეთ უფლის სამწყსოს, რამდენი წინაპართა წამოწყებული, მაგრამ მივიწყებული საქმე განაახლეთ, რამდენი სიკეთის მიზეზად იქცა თქვენი სიტყვა და ზრახვა.

ჩვენ ვგლოვობთ და ვწუხვართ, რომ ამჟამად ვდგავართ სიონის ტაძარში, იმ ადგილზე, სადაც განისვენებენ ჩვენი უდიდესი პატრიარქები, თავდადებული მოღვაწეები. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა მსგავსი უდიდესი მოღვაწეების მიმართ: განისვენეთ მშვიდად მათ გვერდით, თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი. საუკუნო იყავ ხსენება თქვენი ღირსო ნეტარებისაო, უწმინდესო პატრიარქო ჩვენო, ამინ“, - განაცხადა მეუფე ანანიამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო