ვახტანგ ძაბირაძე - ვინ იქნება მომდევნო პატრიარქი, ამ თემით არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ რუსეთიცაა დაინტერესებული - გასაგებია, რომ კარგი იქნება ეკლესია პოლიტიკისგან გათავისუფლდეს, მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ეს გამორიცხულია

მეუფე შიო დიდი ხანია რაც მოსაყდრეა და როგორც ჩანს, მას მეტ-ნაკლებად ხელისუფლებასთან დალაგებული აქვს სიტუაცია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სხვა კანდიდატი არ შეიძლება ჰყავდეს. ხელისუფლებას სჭირდება აბსოლუტურად მორჩილი კანდიდატი. ვერ გეტყვით მეუფე შიო ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს თუ ვერ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ეკლესიის პოლიტიკისგან გათავისუფლება, მაგრამ ეს საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ფაქტობრივად გამორიცხულია.

„ვუსამძიმრებ ყველას პატრიარქის გარდაცვალებას. უდიდესი პიროვნება იყო. თუ გავითვალისწინებთ, სად იყო ამ 50 წლის განმავლობაში ქართული ეკლესია, იგივე 1977 წელს და როგორი არის დღეს, გნებავთ მრევლით, ახალი ტაძრების გახსნით და ა.შ. პირადად არის პატრიარქის დამსახურება. რა თქმა უნდა, როცა ასეთი ფიგურა მიდის ამ ქვეყნიდან, იქნება ეს სასულიერო თუ საერო პირი, იქ ჩნდება უდიდესი სიცარიელე, რომლის შევსებაც რთულია ნებისმიერ ვითარებაში. პატრიარქის გარდაცვალების გამო კი ეს სიცარიელე კიდევ უფრო ღრმაა. მას ჰქონდა უდიდესი ავტორიტეტი. მე არც ვიცი, ვინმე შებედავდა თუ არა გადაბრუნებულ სიტყვას. პატრიარქი იყო მამა, ჩვენ ვართ ძმები და ძმებს შორის ურთიერთობა ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო პატრიარქსა და დღევანდელი სინოდის წევრებს შორის. ვინც არ უნდა მოვიდეს პატრიარქად, ჯერ მოსვლა იქნება პრობლემა, იმიტომ, რომ არის სხვადასხვადა დაჯგუფებები, არის პოლიტიკური ინტერესი. ძნელია თქვა, რომ სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტა იქნება ნეიტრალური.

სამგლოვიარო დღეებშიც კი, როცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ამ თემას ეხებოდნენ, ისინი მუდმივად ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მემკვიდრე, მოსაყდრე არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გახდება კათოლიკოს-პატრიარქი. ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ და დიდი ალბათობით ასეც იქნება, ეს არის ის, რომ საკმაოდ რთული პროცესის წინაშე ვდგავართ. სხვათა შორის, საპატრიარქო აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუტი ერის ცხოვრებაში, რომელმაც ერთიანობა დღემდე შეინარჩუნა. ვისურვებდი, რომ ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგაც ეს ერთიანობა საპატრიარქოს შეენარჩუნებინოს და არ მოხდეს მისი ფრაგმენტაცია. იმიტომ, რომ ეს რეალურად გავლენას მოახდენს მთელს საზოგადოებაზე. ჩვენ ისედაც ფრაგმენტირებული და დეტერმინებული საზოგადოება ვართ და კიდევ თუ რელიგიური კუთხეც ამას დაემატა, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, ეს ერისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის იქნება ცუდი.

რაც შეეხება იმას, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს მეუფე შიოს, მე გამიჭირდება ამ თემაზე პროგნოზის გაკეთება, იმიტომ, რომ არ ვარ ჩახედული საპატრიარქოს შიდა ცხოვრებაში. აქ უნდა ფლობდე მნიშვნელოვან ინფორმაციას განწყობების შესახებ. მე დღეს ამ თემაზე მხოლოდ ვმსჯელობ იმ რეალობიდან გამომდინარე, იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც გამოითქვა მღვდელმთავრების მხრიდან. მეუფე შიო დიდი ხანია რაც მოსაყდრეა და როგორც ჩანს, მას მეტ-ნაკლებად ხელისუფლებასთან დალაგებული აქვს სიტუაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სხვა კანდიდატი არ შეიძლება ჰყავდეს. ხელისუფლებას სჭირდება რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მორჩილი კანდიდატი. ვერ გეტყვით მეუფე შიო ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს თუ ვერ აკმაყოფილებს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ვინ იქნება მომდევნო პატრიარქი, ამ თემით არამხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ რუსეთიცაა დაინტერესებული.

„ვინ იქნება პატრიარქი ამ თემით არამარტო ქართული პოლიტიკაა დაინტერესებული, დაინტერესებულია ჩვენი მოსაზღვრე და მეზობელი დიდი მართლმადიდებელი ეკლესიაც. ბუნებრივია, მათ საკუთარი ინტერესი აქვთ, თუნდაც უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით. არის საკითხები დაკავშირებული ცხუმ-აფხაზეთში რა პროცესები განვითარდება. ბევრი ინტერესია აქ.

როგორც არ უნდა გვინდოდეს, პოლიტიკა ყველა ქვეყანაში დაინტერესებულია იმით, რომ ეკლესიასთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა. სადაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, წავა იმაზე, რომ მისი გავლენა იყოს ეკლესიაში და მას ჰქონდეს გავლენა მთლიანად რელიგიურ სექტორზე. გასაგებია, რომ კარგი იქნება ეკლესია პოლიტიკისგან გათავისუფლდეს, მაგრამ ეს ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ფაქტობრივად გამორიცხულია. შესაძლოა, პიროვნებები არიან სინოდში, რომლებსაც ხელისუფლებასთან მთლად დალაგებული ურთიერთობები არ აქვთ და არ გაითვალისწინებენ ხელისუფლების აზრს, მაგრამ უმრავლესობა დღეს მაინც გაითვალისწინებს იმას, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

გარდა ამისა, პოლიტოლოგმა კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში საშვებით მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებისა და მათი გარემოცვის ყოფნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკრძალვის დღეს სამებაში ოპოზიციის ლიდერებიც უნდა ყოფილიყვნენ.

„თუ გულწრფელი და პატიოსანი ვიქნები, ამ ქვეყანაში ოპოზიცია ყველა ხელისუფლების პირობებში გერის ფუნქციას ასრულდება, მათ შორის იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. დღეს რომ შევცვალოთ, რა, სხვანაირად იქნებოდა? მოსაწვევს გაუგზავნიდნენ „ნაციონალები“ ოპოზიციის წარმომადგენლებს? - არ გააკეთებდნენ, უბედურება ესაა. უბედურება ისაა, რომ ჩვენ ტოტალიტარული მმართველობის პრინციპიდან ვერ გამოვედით. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ მართვის ტოტალიტარული სისტემა შევინარჩუნეთ. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური მთავრობა არ გვყოლია, რომელიც მიიჩნევს იმას, რომ ოპოზიცია მტერი არ არის. თუ მტერი და მოღალატე, ჯაშუშია, მაშინ ეს უნდა დაუმტკიცოს ხელისუფლებამ და დააპატიმროს. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ მიდის იმაზე, ავკრძალავ პარტიებსო, მაგრამ არა მგონია. ესეც უბრალოდ, მხოლოდ განცხადებაა და მეტი არაფერი. ცუდია რაც გაკეთდა, უნდა ყოფილიყვნენ იქ ოპოზიციის ლიდერებიც, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია, ასეთი რეალობა გვაქვს ქვეყანაში სულ და ჩვენი პრობლემაც სწორედ ეგაა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება წმინდა სინოდის განცხადებას საზოგადოებაში მეტი ურთიერთსიყვარულისა და შერიგების შესახებ, ძაბირაძის შეფასებით, ხელისუფლებას აქვს რესურსი პირველი ნაბიჯი გადადგას, თუმცა მას არჩეული გზიდან „ვერანაირი ანდერძი ვერ გადაახვევინებს“.

„ხელისუფლებას ყოველთვის ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა და ყოველთვის აქვს რესურსი პირველი ნაბიჯი გადადგას, თუ ეს მას რეალურად უნდა, მაგრამ უნდა კი? ასე რომ, პატრიარქის დანაბარებით ხელისუფლება შეშფოთდება და ხვალ თუ არა ზეგ მაინც დაიწყებს შემობრუნებას, ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, მე ეს არ წარმომიდგენია რომ მოხდეს. ხელისუფლება მშვენივრად გრძნობს თავს. მას შეიძლება მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ ინსტიტუტები მშვენივრად მუშაობენ. არანაირ პრობლემას არ განიცდის იმისგან, რომ მოსახლეობა და საზოგადოება არის დაყოფილი. პირიქით, ეს დაყოფილი და გახლეჩილი საზოგადოება ხელისუფლებას აძლევს საშუალებას იყოს მანევრირებადი და პოლიტიკური ვითარება გამოიყენოს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამას აკეთებდა დღემდე და გააგრძელებს მომავალშიც. არანაირი ანდერძი მას ამ გზიდან არ გადაახვევინებს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა იმაზეც, რამდენად არის შანსი, რომ პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეული გლოვის დროს ხელისუფლებამ პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული პირების ამნისტიაზე იფიქროს.

„ყველა ხელისუფალი, განსაკუთრებით ისეთი რეჟიმის პირობებში როგორც ამ ქვეყანაშია, მხოლოდ მაშინ დგამს ნაბიჯებს, თუ მას საფრთხე ემუქრება. ემუქრება დღეს კი ხელისუფლებას რაიმე საფრთხე? ან ოპოზიციური სპექტრიდან, ან საზოგადოებიდან? - არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მშვენივრად გრძნობენ თავს, აკონტროლებენ ყველა ინსტიტუტს. დასავლური იზოლაციის პირობებში რომ იმყოფება, ეს არის პრობლემა, მაგრამ მანამ სანამ ეს პრობლემა არ გადმოვა ქვეყანაში და საზოგადოებაში, საზოგადოებაში არ გაჩნდება დიდი პრობლემა, მანამ ხელისუფლებას საფრთხე არ ემუქრება. თქვენ გინდათ ახლა ანდერძის ან გლოვის გამო გაათავისუფლონ დაკავებულები? აგერ, ლუკაშენკომ მოძებნა ურთიერთობის ახალი ფორმა, ვაჭრობს პატიმრებით და მეტ-ნაკლებად ამყარებს ურთიერთობას. ყოველ შემთხვევაში, უკეთესი ურთიერთობა აქვს ამერიკასთან, ვიდრე ჰქონდა გუშინ და გუშინწინ. ამას ხედავს ხელისუფლება და იმავეს რატომ არ გააკეთებს? როცა ქვეყნის შიგნით საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, მაშინ დადგება რეალური შანსი იმის, რომ მოხდეს დათმობებზე წასვლა. მანამდე არცერთი ინსტიტუტი არ ჩამოიშლება. საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებების ცვლილება ხდებოდა მაშინ, როცა საზოგადოებაში უკმაყოფილება აღწევდა პიკს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს