უწყინარი ფლომასტერი გამოცხადებულია ლამის ბალისტიკურ რაკეტად - ერთადერთი „ნუგეში“ ამ ვითარებაში ის არის, რომ ეს ფლომასტერი ამოღებული და განადგურებული იქნება, როგორც ეს სამარცხვინო მოსამართლის, არევაძის განცხადებაშია. ალბათ, შვებას მოგვგვრის მილიონობით ადამიანს საქართველოში, რომ ეს საფრთხე აღარ არსებობს, - ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური ამავე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის მარკერით დაზიანების საქმეზე, ხოშტარიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს“.
„უპრეცედენტო ამბავია, რომ ფლომასტერით წარწერის გაკეთებისთვის, ადამიანს, ქალს, ქალ პოლიტიკოსს შეეფარდოს წელიწადნახევრის ვადით პატიმრობა. ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. არავითარი კავშირი ამას სამართალთან არ აქვს. უპირველეს ყოვლისა, გამოხატავს „ქართული ოცნების“ მცდელობას, რომ ტერორის გარემო, რომელსაც გამუდმებით ნერგავს გაყალბებული არჩევნების შემდგომ, გაამყაროს ახალ-ახალი ეგზეკუციებით და ამით დააშინოს საზოგადოება. თქვენ თვითონ განსაჯეთ, უწყინარი ფლომასტერი გამოცხადებულია ლამის ბალისტიკურ რაკეტად. ამის გამო ადამიანი ჩასვეს ციხეში. მინდა შეგახსენოთ, რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი, როდესაც ნიკა მელიას, რომელიც ასევე, მერობის კანდიდატი იყო, საარჩევნო შტაბი მთლიანად დაწვეს. გაგიგიათ, რომ რომელიმე ადამიანმა ამაზე პასუხი აგო? ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიის დროს, მახსოვს, ქვებს ესროდნენ და რა თქმა უნდა, არავინ ამისთვის დასჯილი არ არის. ფიზიკური თავდასხმები იყო და რა თქმა უნდა, არავინ დასჯილი არ არის.
მოსამართლის არგუმენტები, რა თქმა უნდა, გასაზიარებელი არ არის და ეს კარგად დაადასტურა „ოცნების“ ლიდერების: ვოლსკის და შარმანაშვილის განცხადებებმა, რომ „ის [ხოშტარია] უნდა იჯდეს ციხეში“. ვოლსკიმ ისეც კი თქვა, „ჩვენ ამისთვის კი არ ვსვამთ ციხეში, არამედ სულ სხვა რამის გამო, რომ რევოლუციას ამზადებდაო“. რა თქმა უნდა, ეს არ არის გასაზიარებელი. ერთადერთი „ნუგეში“ ამ ვითარებაში ის არის, რომ ეს ფლომასტერი ამოღებული და განადგურებული იქნება, როგორც ეს იმ სამარცხვინო მოსამართლის, არევაძის განცხადებაშია. ალბათ, შვებას მოგვგვრის მილიონობით ადამიანს საქართველოში, რომ ეს საფრთხე აღარ არსებობს.
რეალურად, ელენე ხოშტარია დაიჭირეს წარწერის შინაარსის გამო, სადაც ეწერა „რუსული ოცნება“. ეს ასევე, ნიშნავს, რომ ეს „რუსული ოცნება“ არ არის ლეგიტიმური. ლეგიტიმაციის პრობლემა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პრობლემა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, დააგროვოს იმ რაოდენობით პოლიტიკური პატიმრები, რომ შემდეგ, ვაჭრობის საგნად გამოიყენოს მათი თავისუფლება“.
„ამიტომ, ვამბობ, რომ ეს არის ტერორის კამპანიის გაგრძელება და ასევე, მცდელობა, რომ დააგროვონ იმ რაოდენობით პოლიტიკური პატიმრები, საზოგადოების წევრები, მსახიობები, რომლებიც ახლა ციხეში არიან და მათი რიცხვი ასზე მეტია, რომ შემდეგ ვაჭრობის საგნად გამოიყენონ ეს ადამიანები და მათი თავისუფლება. ჩვენმა კოალიციამ თქვა და მე ახლა ვიმეორებ, რომ ტყვეებით ვაჭრობაში არ ჩაერთვება ჩვენი კოალიცია, არავითარ შემთხვევაში, რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს დაჭერილი; რამდენ ადამიანსაც არ უნდა აღუკვეთონ თავისუფლება, ეს ვერ მოხდება და არ მოხდება.
ეს მოლაპარაკებებიც ხომ იმისთვის არის, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური მშვიდობა. საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. დაიჭერენ, შემდეგ შეუძლიათ, თვითონ გამოუშვან, მაგრამ ეს ვერ შექმნის იმ გარემოს, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისათვის. ნებისმიერი მოლაპარაკება აშშ-სა და „ოცნებას“ შორის, ევროპელ ლიდერებსა და „ოცნებას“ შორის, დამყარებულია იმაზე, რომ ამ საუბრების შედეგად ეს ვითარება განიმუხტოს, ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზას, უარი თქვას აზიური დესპოტიისთვის დამახასიათებელ მექანიზმებზე, ჩვევებზე და მოქმედებებზე. ამიტომ, არავითარი პერსპექტივა ასეთ მოლაპარაკებებს არ აქვს“, - განაცხადა წიკლაურმა.
გარდა ამ თემისა, წიკლაურმა შეაფასა „ქართული ოცნების“ წევრებიის განცხადებები, სადაც ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელი პირებისგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო, ხელისუფლებას სამძიმრის წერილები არ მიუღია. წიკლაურის თქმით, „ეს არის რელიგიური თემით სპეკულაციების ძალიან მდარე მცდელობები და ძალიან უხამსი დრამა“.
„სპეკულაცია, რომ ვიღაცას არ ეწყინა ეს მძიმე ამბავი, რაც საქართველოში მოხდა. ვგულისხმობ, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალებას. ეს მიუთითებს მართლაც, იმ ადამიანების საოცარ პრიმიტივიზმზე, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ“, - განაცხადა წიკლაურმა.
წიკლაურის შეფასებითვე, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ეროვნული თანხმობისთვის გადაედგა ნაბიჯი იმ მძიმე დღეებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ერთიანობის ასეთი დემონსტრაცია აჩვენა“.
„რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ხალხმა თავის პარტკონფერენციად გადაქცევა სცადა ისეთი მძიმე ეროვნული საკითხის, როგორიც ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებაა. აქ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე, რომ ის მიმართულია არა რეალურად თანხმობისკენ, საყოველთაობისკენ, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ როგორმე გახლიჩოს და დაანაწევროს საზოგადოება. იქამდე მივედით, რომ კირიონ კათალიკოსისა და ამბროსი ხელაიას ეკლესიას, ვიღაც „უცნობი“ მომღერალი უწესებს, როგორ მოიქცნენ, რომელი პატრიარქი აირჩიონ და სინოდმა რა გადაწყვეტილებები მიიღოს. ასეთ უხამს თავდასხმებს ქართულ საზოგადოებაზე, ქართულ ეკლესიაზე, შეიძლება პრეცედენტი ჰქონოდა საბჭოთა კავშირის ყველაზე უფრო გავეშებული მმართველობის დროს. სამწუხაროდ, კომუნისტების სულიერმა შვილებმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ისევ იმ დღემდე მიგვიყვანეს, რომ ამ თემებზე გვიხდება მსჯელობა. რეალურად, ბიძინა ივანიშვილის დოქტრინა, მისი მთავარი იმპულსი, მთავარი კონცეფტი, გახლავთ სწორედ საზოგადოების დაყოფა.
ამიტომ იყო დაკრძალვაზე სია სრულიად უცნობი ხალხის, რომელსაც არავითარი კავშირი პატრიარქთან არ ჰქონია. უამრავი ადამიანი იყო იზოლირებული ამ დღისგან. ამით შეეცადნენ, რომ ეს ამბავი, რაც ჩვენს თავს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავს მოხდა, გამოეყენებინათ პოლიტიკური ნიშნით. შეიძლება ბევრი რამე ეპატიოს, უშუალოდ, პოლიტიკურ ოპონენტთან ანგარიშსწორების კუთხით „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე, რომელიც სხვათა შორის, დღემდე გრძელდება სხვადასხვა უხამსი გამონათქვამით, ნამდვილად არ ეპატიება...
არის შთაბეჭდილება, რომ იყოს სინოდის პირდაპირი შანტაჟი, რომ თუ არ იქნება არჩეული ესა და ეს ადამიანი, ამ შემთხვევაში, „ხალხით გამოვალთ და გაგისწორდებით“. ეს არის პირდაპირი განცხადებები. ამიტომ, ამაზე რაღაც ანალიტიკური უნარებიც კი არ გვჭირდება. პირდაპირ ღიად გამოდიან და მხარს უჭერენ გარკვეულ გადაწყვეტილებას, რაც მიმაჩნია, რომ არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ მღვდელმთავრების, იმ ეპისკოპოსების, ვინც სინოდში არიან და ვინც უნდა მიიღოს ასეთი მნიშვნელოვანი, ეროვნული გადაწყვეტილება მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ამას პოლიტიკოსებიც არ ერიდებიან. ვხედავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სიხარბეს, ყველაფრის გაუბრალოების მცდელობებს. მათ ერთადერთი სურვილი აქვთ, რომ ნებისმიერი რამ, რაც ქვეყანაში ხდება, მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახუროს“, - განაცხადა წიკლაურმა.