ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯერ საქართველოს“ ინიციატივის დამფუძნებელს, „ჯეოქეისის“ მკვლევარს და ყოფილ დიპლომატს, ნიკოლოზ ხატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, თქვენი კვლევების ინტერესისა და ყოფილი დიპლომატიური საქმიანობიდან გამომდინარე საუბარი საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული საკითხების განხილვით უნდა დავიწყოთ.

სამ კვირაზე მეტი, რაც აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს ოპერაცია ირანში. ვითარება ირანში და ირანის ირგვლივ საკმაოდ რთულია.

ზოგის აზრით, ახლა სტრატეგიული უპირატესობა ირანის მხარესაა. მეტიც, ბევრი ტრამპის ირანში დამარცხებასაც კი პროგნოზირებს. მეორენი თვლიან რომ ტრამპი საკმაოდ თანმიმდევრულად აღწევს დასახულ მიზნებს ირანში.

ირანში აშშ-ისრაელის სამკვირიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას ირანში და იმას, რაც ირანის ირგვლივ ხდება?

- ზოგადად, როდესაც აშშ-ის და ირანის სპეცსამსახურები და სამხედრო ისტებლიშმენტი გეგმავს მასშტაბურ სამხედრო ღონისძიებებს ამას წინ უსწრებს ძალიან ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი, რაც გულისხმობს დაგეგმვას, სხვადასხვა სცენარის შემუშავებას, რისკების შეფასებას და რა თქმა უნდა, ველზე არსებული სურათის ანალიზს.

პროცესში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი სპეცსამსახურები. გამომდინარე იქედან, რომ აშშ-ს და ისრაელს ჰყავთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურები, დარწმუნებული ვარ, მათ გააჩნდათ კრიტიკული როლი ამ პროცესში, რაზეც არაერთი ინდიკატორი მიუთითებს. შესაბამისად, ეს ნაბიჯი აშშ-ის და ისრაელის მხრიდან იქნებოდა წინასწარ კარგად გათვლილი და შეფასებული. ვფიქრობ, არსებობს შესაბამისი სცენარები და სამოქმედო გეგმებიც.

არსებული ვითარება ირანში არაერთმნიშვნელოვანია. ტაქტიკურ დონეზე, სამხედრო შესაძლებლობების კუთხით ირანი მნიშვნელოვნად დასუსტდა. თუმცა, სტრატეგიულად, ვაშინგტონისთვის და თელავივისთვის პოლიტიკური შედეგი ჯერ არ დამდგარა. ვფიქრობ, რომ არსებული ვითარება უნდა შეფასდეს როგორც გარდამავალი ფაზა სამხედრო-ტაქტიკურ წარმატებასა და არასრულ სტრატეგიულ შედეგს შორის.

არსებული ვითარება ირანში არაერთმნიშვნელოვანია. ტაქტიკურ დონეზე, სამხედრო შესაძლებლობების კუთხით ირანი მნიშვნელოვნად დასუსტდა. თუმცა, სტრატეგიულად, ვაშინგტონისთვის და თელავივისთვის პოლიტიკური შედეგი ჯერ არ დამდგარა. ვფიქრობ, რომ არსებული ვითარება უნდა შეფასდეს როგორც გარდამავალი ფაზა სამხედრო-ტაქტიკურ წარმატებასა და არასრულ სტრატეგიულ შედეგს შორის

ცალსახაა, რომ სამხედრო დონეზე აშშ-ს და ისრაელს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნიათ, რაც გამოიხატება საჰაერო დომინირებაში, ირანის სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებაში, ბირთვული ობიექტებისა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის დაზიანებასა და გადაწყვეტილების მიმღები პირების უდიდესი ნაწილის ლიკვიდაციაში.

მიუხედავად ამისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ისეთი ბერკეტები, როგორიცაა ასიმეტრიული ესკალაციის შესაძლებლობა, მათ შორის მეზობელ სახელმწიფოებსა და ისრაელზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა და ჰორმუზის სრუტის დაკეტვა. ირანს ჯერ კიდევ შეუძლია პროცესის სტრატეგიული შეფერხება და ისრაელისა და აშშ-სთვის ამ ოპერაციის „ფასის გაზრდა“. თუმცა, რამდენ ხანს ექნება ირანს ამის შესაძლებლობა უცნობია.

ფაქტია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში იბომბება ირანი და ნადგურდება სხვადასხვა ტიპის სამხედრო ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში აშშ-ის და ისრაელის სტრატეგიული მიზნები მიღწევადია, თუმცა, ამას რამდენი დრო დასჭირდება რთულად განსასაზღვრია. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე ირანს მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და მოლაპარაკებებში ჩართვა.

ჯამში აშშ-ის და ისრაელის სტრატეგიული მიზნები მიღწევადია, თუმცა, ამას რამდენი დრო დასჭირდება რთულად განსასაზღვრია. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე ირანს მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და მოლაპარაკებებში ჩართვა

- აშშ-სა და ირანს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე ინფორმაცია ბევრჯერ გავრცელდა. ხან ვაშინგტონი უარყოფდა ამგვარ შესაძლებლობას, ხან თეირანი.

თქვენთან შეხმიანებამდე თეირანმა კიდევ ერთხელ უარყო ვაშინგტონთან მოლაპარაკებების წარმოება. გაეროს ენერგეტიკულმა საბჭომ კი თქვა, რომ მიმდინარე კვირას ორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას ირანის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.

სავარაუდოდ, რაზე შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და თეირანს შორის? რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ, როგორ აისახება ეს აშშ-ს პოზიციაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და მის მიმდებარედ მყოფ სამხრეთ კავკასიაზე?

- დიპლომატიაში არსებობს სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი მოლაპარაკებები, მედიაცია, საიდუმლო მოლაპარაკებები და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ირანი უარყოფს რაიმე სახის მოლაპარაკებებს, შესაძლოა ეს „მოლაპარაკებები“ გარკვეულ გზავნილებს მოიცავდეს შუამავლების საშუალებით, თუმცა ეს არ წარმოადგენს კლასიკურ მოლაპარაკებებს.

ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ თუ აშშ-ს და ირანს შორის რაიმე სახის მოლაპარაკება იქნება, ის არ იქნება ორიენტირებული შერიგებასა და ურთიერთობების გადატვირთვაზე. მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, მეტად გარიგების სახე ექნებათ და მთავარი საკითხები იქნება ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება, ცეცხლის შემცირება, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვა და მსგავსი კონკრეტული საკითხები.

მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, მეტად გარიგების სახე ექნებათ და მთავარი საკითხები იქნება ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება, ცეცხლის შემცირება, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვა და მსგავსი კონკრეტული საკითხები

თუ მოხერხდა რაიმე სახის გარიგების მიღწევა ირანთან, ეს მხოლოდ დროებით გამოიყვანს რეგიონს შოკური მდგომარეობიდან და ენერგეტიკული რესურსები ისევ გახდება ხელმისაწვდომი მსოფლიოსთვის, რასაც გლობალურ ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ექნება.

თუმცა, ამ სცენარის პირობებშიც კი რეგიონში კვლავ დენთის სუნი იტრიალებს და რეალური ესკალაციის საფრთხე შენარჩუნდება.

აქედან გამომდინარე, ტაქტიკურ დონეზე შესაძლებელია ეს შედეგი მისაღები იყოს როგორც აშშ-სთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის, თუმცა, სტრატეგიულად ამას არ ექნება სტაბილური, გრძელვადიანი შედეგი.

თუ მოხერხდა რაიმე სახის გარიგების მიღწევა ირანთან, ეს მხოლოდ დროებით გამოიყვანს რეგიონს შოკური მდგომარეობიდან და ენერგეტიკული რესურსები ისევ გახდება ხელმისაწვდომი მსოფლიოსთვის, რასაც გლობალურ ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ექნება

რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, ამ სცენარის პირობებში კავკასიაში ნაკლებად სავარაუდოა რაიმე სახის ესკალაცია თუ ინციდენტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს და სომხეთს კარგი ურთიერთობები აქვთ ირანთან.

- უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებითაც საკმაოდ საინტერესო სურათი ყალიბდება. ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინის სასარგებლოდ და მხარდასაჭერად „მსურველთა კოალიციაში“ წამყვანი ქვეყნები არიან, რომლებიც უკრაინას არა მხოლოდ აქტიურად ეხმარებიან, არამედ აცხადებენ რომ უკრაინა ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილია და ამ პოლიტიკას ევროპა, უნგრეთიანად თუ უნგრეთის გარეშე გააგრძელებენ.

თუ მანამდე ვადევნებდით თვალს იმას, რომ ტრამპმა არა თუ ვერ შეძლო უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტა, პუტინი ვერ აიძულა რუსეთს შეეწყვიტა ცეცხლი უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ამერიკელები ირიბად და პირდაპირადაც მოუწოდებენ უკრაინას - „დატოვეთ დონბასი და ჩვენ სამოთხეს ავაშენებთ“. გადით დონბასიდან და თუ არ გახვალთ, ამერიკა მოლაპარაკებების პროცესიდან გავა“.

ვხედავთ რომ არც რუსებს და არც უკრაინას წარმატებული კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა და საშუალება ჯერ არ აქვთ. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივას ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით რაც ამ დროისთვის არსებობს?

- ბოლო ოთხმა წელმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპის უსაფრთხოებაზე. ევროპამ კარგად დაინახა ის საფრთხეები, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს მომავალ წლებში და შესაბამისად, თუ აქამდე ის ძირითადად უმოქმედოდ იყო, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აიძულა თვალების ახელა და მოქმედებაზე გადასვლა.

უკრაინამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო მედეგობა რუსეთის წინააღმდეგ და დადო შედეგი, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იყო. ზოგადად, ომში მონაწილეობა ქვეყნის ჯარისთვის არის დიდი გამოცდილება, რომელიც მას აწრთობს და აძლიერებს. უკრაინის ჯარი ნელ-ნელა ყალიბდება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიად, რასაც კარგად ხედავენ ევროპელები. რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას რეალურად აქვს შანსი, რომ გახდეს ევროპის მთავარი დამცავი ფარი და ამიტომაც, თქვენს მიერ აღნიშნული მოსაზრება ნამდვილად ლოგიკურია.

უკრაინამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო მედეგობა რუსეთის წინააღმდეგ და დადო შედეგი, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იყო. ზოგადად, ომში მონაწილეობა ქვეყნის ჯარისთვის არის დიდი გამოცდილება, რომელიც მას აწრთობს და აძლიერებს

ევროპის ინტერესებშია უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებში ინვესტირება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

ამას ემატება ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაც, რომელიც ევროპის სამხედრო მხარდაჭერის შემცირებას გულისხმობს და ეს გარემოებაც ევროპისთვის ქმნის სამხედრო ავტონომიის და საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებას.

რაც შეეხება ომის დასრულების პერსპექტივას, ვფიქრობ რომ ახლო მომავალში ეს ნაკლებად სავარაუდოა. უფრო რეალისტური სცენარია ე.წ. „გამოფიტვის ომის“ გაგრძელება პერიოდული მოლაპარაკებების კვალდაკვალ. მოსკოვი კვლავ მოითხოვს უკრაინის ტერიტორიების დათმობას, ხოლო კიევისთვის ეს სახელმწიფოებრივად მიუღებელია, რაც ქმნის მოლაპარაკებებში ჩიხურ სიტუაციას. ამავდროულად, ვაშინგტონი აძლიერებს დიპლომატიურ ზეწოლას კიევზე და მოლაპარაკებებიდან გასვლაზე საუბრობს, თუმცა ეს შედეგი რომც დადგეს, ნაკლებ სავარაუდოა კიევის მხრიდან რაიმე ძირეულ დათმობებზე წასვლა.

რაც შეეხება ომის დასრულების პერსპექტივას, ვფიქრობ რომ ახლო მომავალში ეს ნაკლებად სავარაუდოა. უფრო რეალისტური სცენარია ე.წ. „გამოფიტვის ომის“ გაგრძელება პერიოდული მოლაპარაკებების კვალდაკვალ. მოსკოვი კვლავ მოითხოვს უკრაინის ტერიტორიების დათმობას, ხოლო კიევისთვის ეს სახელმწიფოებრივად მიუღებელია, რაც ქმნის მოლაპარაკებებში ჩიხურ სიტუაციას

სამხედრო თვალსაზრისით, სურათი მეტწილად ცვალებადია. რუსეთი პერიოდულად ახორციელებს ტაქტიკურ წინსვლებს, თუმცა, მალევე ეს წინსვლები კიევის მხრიდან იხშობა. უფრო მეტიც, უკრაინული ჯარები გარკვეულ მიმართულებაზე წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს.

კიევს გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა, თუმცა რესურსების ნაკლებობის გამო ის ჯერ ვერ ახერხებს მასშტაბურ კონტრშეტევაზე გადასვლას. მიუხედავად ამ სურათისა, დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს.

ირანში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მოსკოვს, კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ ირანი სამხედრო კუთხით აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთთან და აწვდიდა მას გარკვეულ შეიარაღებას და რესურსებს, თუმცა, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ეს პროცესიც შესუსტდა, რაც აისახება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზეც.

გარდა ამისა, უკრაინა რუსეთის სიღრმეებში ეფექტურად ახორციელებს თავდასხმებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე, რაც დიდ ზიანს აყენებს რუსეთს. ეს ფაქტორები გრძელვადიან პერიოდში რუსეთისთვის შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს.

უკრაინა რუსეთის სიღრმეებში ეფექტურად ახორციელებს თავდასხმებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე, რაც დიდ ზიანს აყენებს რუსეთს. ეს ფაქტორები გრძელვადიან პერიოდში რუსეთისთვის შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს

ამის ფონზე დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა პარტნიორები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსური კუთხითაც, რაც უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო პოზიციების გამყარებას უწყობს ხელს. საბოლოოდ ომის დასრულება მაინც დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ ნებაზე, მხარდაჭერის ხარისხსა და საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე.

- ევროპის თემა რომ ამოვწუროთ, კიდევ ერთ მეტად საინტერესო პროცესზე უნდა შევაჩეროთ ყურადღება. საუბარია 12 აპრილისათვის უნგრეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.

ევროპა კარგა ხანია უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს „ევროპაში პუტინის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს“. აქვე უნდა გავიხსენოთ ის, რომ ტრამპი უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მხარს უჭერს ორბანს. ამაზე მეტყველებს ამ თემაზე ვაშინგტონის წარმომადგენლების განცხადებები და ვიზიტები უნგრეთში და ორბანის სასარგებლოდ გადაგმული ნაბიჯები.

დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის რომ ორბანის ოპონენტი რეიტინგით ბევრად უსწრებს პუტინისა და ტრამპის მეგობარ ორბანს, მაგრამ, უკვე შეიმჩნევა უნგრულ არჩევნებში როგორც ამერიკული ფინანსები, ისე რუსულ-ამერიკული სერიოზული პროპაგანდისტული მხარდაჭერა.

ტრამპს რომ ერთიანი ევროპა აღიზიანებს, არახალია, მაგრამ, სავარუდოდ, რისი მიღწევა სურს ტრამპს, როცა ასე ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ევროპული ერთიანობის მოწინააღმდეგე და პუტნის გულშემატკივარ ორბანს?

- უნგრეთის არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ევროკავშირის მომავალ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ უნგრეთის ვეტო ერთიანი სანქციების წინააღმდეგ და სხვა პოლიტიკური ნაბიჯები, რაც ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ერთიანობას. ყველა ინდიკატორი აქტიურად მიუთითებს ოპოზიციის გამარჯვებაზე. თუმცა, ჯერ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ.

ტრამპი უნგრეთის საკითხს პრაგმატული და ტრანზაქციული პრიზმიდან ხედავს. შესაძლოა მას სურდეს, რომ ევროპა ორბანის პირობებში ნაკლებად ერთიანი და ვაშინგტონთან ორმხრივ გარიგებებზე მეტად დამოკიდებული იყოს. ამ კონტექსტში, ორბანი არის კარგი პარტნიორი, რადგან მას შეუძლია ევროკავშირის საერთო პოზიციებისა და გადაწყვეტილებების შეფერხება და კონსერვატიული ფრთის გაძლიერება. ის ასევე ხელს უწყობს იმ ამერიკული ხაზის გატარებას, რომელიც ავალდებულებს ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით მეტი ტვირთის საკუთარ თავზე აღებას.

ტრამპი უნგრეთის საკითხს პრაგმატული და ტრანზაქციული პრიზმიდან ხედავს. შესაძლოა მას სურდეს, რომ ევროპა ორბანის პირობებში ნაკლებად ერთიანი და ვაშინგტონთან ორმხრივ გარიგებებზე მეტად დამოკიდებული იყოს

რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდისტული მანქანაც აქტიურად მუშაობს. თუმცა, უნგრეთის მოსახლეობაში არის რეალური ცვლილებების დიდი მოთხოვნა. ასევე, საყურადღებოა ბოლო კვირეებში გავრცელებული ინფორმაცია უნგრეთის მხრიდან რუსეთისთვის ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო მიწოდების შესახებ, რასაც ცალსახად ნეგატიური გავლენა ექნება ორბანის მთავრობის რეიტინგზე.

თუ რამდენად გადაწონის ფინანსები და პროპაგანდა ცვლილებების სურვილს, სწორედ ეს იქნება არჩევნების შედეგების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.

თუ რამდენად გადაწონის ფინანსები და პროპაგანდა ცვლილებების სურვილს, სწორედ ეს იქნება არჩევნების შედეგების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი

ასევე, მნიშვნელოვანია სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციაც, რადგან კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მათზე იქნება დამოკიდებული მომავალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხი. ერთი რამ შეიძლება ცალსახად ითქვას, თუ ორბანი დამარცხდება არჩევნებში, რუსეთის პოზიციები ევროპაში მნიშვნელოვნად შესუსტდება.

- პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღეების მიუხედავად საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში გამართულ ორბანის მხარდამჭერ ღინისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, ეს იმ პოლიტიკური ურთიერთობების გაგრძელება იყო, რაც წლებია საქართველოს მმართველ გუნდს ვიქტორ ორბანთან აკავშირებს. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ორბანის პარტიის გამარჯვება?

- მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ევროპელი მოკავშირე და ლობისტი ორბანის ხელისუფლებაა. სწორედ უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტოს დამსახურებით ევროკავშირმა ვერ მოახერხა „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირება.

საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში თუ უნგრეთის ხელისუფლებაში მოვლენ ოპოზიციური ძალები, შესაძლოა, შეიცვალოს ბუდაპეშტის პოზიცია თბილისთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გზა გაუხსნას ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების პროცესს.

„ქართული ოცნების“ მთავარი ევროპელი მოკავშირე და ლობისტი ორბანის ხელისუფლებაა. სწორედ უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტოს დამსახურებით ევროკავშირმა ვერ მოახერხა „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირება

მიუხედავად ამისა, ცალსახად რთულია იმის თქმა, თუ რა პოზიცია ექნება ორბანის ოპონენტს საქართველოსთან მიმართებით, რადგან მას და მის გუნდს ჯერ ღიად არ დაუფიქსირებიათ პოზიცია.

- ეუთომ საქართველოსთან მიმართებაში „მოსკოვის მექანიზმი აამუშავა. ეუთოს დასკვნა რომ საკმაოზე მეტად კრიტიკულია, ფაქტია.

ამ თემაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძე განაცხადა - „დასკვნაში არის კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინება აუცილებელია... ჩვენ ალბათ ამ თემას სპეციალურ ბრიფინგსაც მიუძღვნით.“

ევროპის თემაზე ლამის ყოველ დღე განცხადებებს აკეთებს სპიკერი შალვა პაპუაშვილი - „ევროსაბჭოს დატოვებას არ ვაპირებთ, პირიქით, უნდა ვაიძულოთ პატივი სცენ ჩვენს სუვერენიტეტს“... „პარტნიორობას ვეძებთ მათთან, ვინც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს სცემს“.

ევროკავშირმა საქართველოს სუვერენიტეტს მაშინ სცა პატივი როცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭა. მაგრამ, ამის შემდეგ საქართველომ ისეთი და იმ ტიპის ნაბიჯები გადადგა, რაც ევროკავშირის არსებობის არსა და მიზანს არ შეესაბამება.

სავარაუდოდ, რატომაა საქართველო ევროპული სტრუქტურების მიმართ აგრესიულად კრიტიკული?

- ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენ ვხედავთ დასავლეთის მიმართ მწვავე რიტორიკას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის განცხადებები, თითქოს ხელისუფლების მიზანი კვლავ ევროპის კავშირის წევრობაა, ქმედებები და ნაბიჯები საპირისპიროს მიუთითებს.

ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა. არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღება, რეპრესიები, საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, უკანონოდ დაკავებული ადამიანები, არასამთავრობო სექტორის გაჩერების მცდელობები, მედიაზე ზეწოლა და სხვა ქმედებები ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მთავარ ევროპულ ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანობა და სხვა.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენ ვხედავთ დასავლეთის მიმართ მწვავე რიტორიკას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის განცხადებები, თითქოს ხელისუფლების მიზანი კვლავ ევროპის კავშირის წევრობაა, ქმედებები და ნაბიჯები საპირისპიროს მიუთითებს

დასავლეთი ღიად მიუთითებს „ქართულ ოცნებას“ ამის შესახებ და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ხორციელდება ასეთი რიტორიკა დასავლეთის მიმართ. ამის გარდა, შეგვიძლია გამოვყოთ კიდევ რამდენიმე მიზეზი, რაც იწვევს ასეთ რიტორიკას.

პირველ რიგში ეს მიმართულია ამომრჩევლის მობილიზებისკენ, კერძოდ, დასავლეთისგან შექმნილია ერთგვარი მტრის ხატი, ე.წ. „დიფ სთეითი“, რომელიც ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას. ასევე, „ქართული ოცნება“ ცდილობს პასუხისმგებლობის დასავლეთისთვის დაკისრებას, ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ევროკავშირთან დაშორება არა „ქართული ოცნების“ ნაბიჯების, არამედ ევროპის კავშირის ბრალია.

კიდევ ერთ ფაქტორს რაც შეეხება, ეს არის პოლიტიკური მანევრის გაფართოება, რომ საქართველომ უფრო თამამად და სწრაფად იმოძრაოს არალიბერალურ და ავტორიტარულ რეჟიმებთან პარტნიორობისკენ.

- აშშ-საქართველო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართვლოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. ამის პარალელურად საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის დიპლომატს. სამწუხაროდ, ამერიკელ დიპლომატს საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებები არ გაუკეთებია.

ამერიკასთან ურთიერთობის თემაზე სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა - „ჩვენ გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება - გვაქვს ოპტიმიზმი რომ ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება, თუმცა, მეორე მხრივ, კვლავ ვერ ვხედავთ იმ ტემპს, რომელსაც ვისურვებდით“.

ვითარებაში, როცა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყანას დაკარგული აქვს, ვაშინგტონთან კომუნიკაციაც კი საკმაოზე მეტად შეზღუდულია, როცა საუბარია „აშშ-თან პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყებასა და გადატვირთვაზე“, სავარაუდოდ, რას შეიძლება გულისხმობდეს მმართველი გუნდი?

- 34 წლის განმავლობაში, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები დაფუძნებული იყო საერთო ღირებულებებზე, რაც მოიცავდა დემოკრატიას, თავისუფლებას და სამართლიანობას. ვაშინგტონი განიხილავდა საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და რეგიონში ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომლის მიმართ დიდი ნდობა არსებობდა.

ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად დააზიანა აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობები და ნდობის ხარისხიც საგრძნობლად შემცირდა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, თუ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის თავის პოლიტიკას და არ დაუბრუნდება დემოკრატიულ ჩარჩოს, იმის ალბათობა, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა პრინციპით „Business as Usual” ნაკლებად წარმომიდგენია. არ გამოვრიცხავ გარკვეული კავშირების აღდგენას, თუმცა ამ პირობებში ეს არ იქნება ის ურთიერთობები, რომელიც არსებობდა თუნდაც 2023 წელს.

თუ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის თავის პოლიტიკას და არ დაუბრუნდება დემოკრატიულ ჩარჩოს, იმის ალბათობა, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა პრინციპით „Business as Usual” ნაკლებად წარმომიდგენია. არ გამოვრიცხავ გარკვეული კავშირების აღდგენას, თუმცა ამ პირობებში ეს არ იქნება ის ურთიერთობები, რომელიც არსებობდა თუნდაც 2023 წელს

ამას ემატება სომხეთის ფაქტორი. ვაშინგტონსა და ერევანს შორის გაღრმავებულმა კავშირებმა და სტრატეგიულმა პარტნიორობამ სომხეთი გარდაქმნა აშშ-ს ახალ პოტენციურ რეგიონულ დასაყრდენად, რამაც, შესაძლოა, საქართველოს როლი მნიშვნელოვნად შეამციროს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, „ მთელი ინტრიგა იმის გარშმო ტრიალებს თუ რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება დაალაგოს თანამშრომლობა “ოცნებასთან”, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელს შეუწყობს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას“.

დღეისათვის არსებული მოცემულობით რა ჩანს - ვაშინგტონს რომელი გზა აქვს არჩეული - „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის დალაგების თუ ალტერნატიული ძალის გაძლიერების?

- ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ვაშინგტონში ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. ამ გარემოებას ემატება ირანში მიმდინარე პროცესები, რამაც პოლიტიკის ფორმირების პროცესი ნაწილობრივ შეაფერხა. თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება.

არსებულ პოლიტიკურ გარემოში არ გამოვრიცხავ რაიმე სახის კომუნიკაციის დაწყებას, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ პირობებში იმ ურთიერთობების აღდგენა რომელიც 2023 წლამდე არსებობდა ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება.

- ევროპიდან ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე გარდაიცვალა პატრიარქი ილია მეორე. ამ ტრაგედიის გამო გამოწვეულმა დიდმა გლოვამ, ბევრს გაუჩინა მოლოდინი რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დიალოგს დაიწყებდა.

თუმცა, ხელისუფლებამ თქვა რომ დიალოგის დაწყებისათვის პირველი ნაბიჯი ოპოზიციამ უნდა გადადგასო. ასეთ ფონზე სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხოშტარიას განცხადებით - „არანაირი ვაჭრობა არ იქნება“. ხოშტარიას მხარდამჭერმა პარტიებმა ასევე განაცხადეს - „არ ჩავერთვებით ტყვეთა ვაჭრობაშიო“. არადა, ცხადადაც კი ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან არანაირ ვაჭრობას არ აპირებს.

მმართველი გუნდი არც იმ კანონების უკან გაწვევას არ აპირებს, რომელთა მიღება ევროპულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, არც აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

იმ ვითარებებში, რომელთა გამო გაჭედილია საშინაო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკაში მოვლენათა განვითარება სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს?

- ძალიან რთულია ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზების გაკეთება. თუმცა, პროცესები იქნება დამოკიდებული რამდენიმე ფაქტორზე. პირველ რიგში ეს არის შიდა პოლიტიკური ფაქტორი, თუ რამდენად მოხერხდება საზოგადოების სრული კონსოლიდაცია და შეიქმნება ისეთი პოლიტიკური ცენტრი ან თუნდაც ორი ცენტრი, რომელიც რეალურად ჩამოაყალიბებს „ქართული ოცნების“ ალტერნატივას და იქნება ეფექტური.

თუ სინქრონულად მოხდება შიდა და გარე კონსოლიდაცია, მაშინ საქართველოში ცვლილებების შესაძლებლობა საკმაოდ რეალური გახდება

თუ ეს მოხერხდება და ოპოზიციური ძალები შექმნიან რეალურ წინააღმდეგობას, მაშინ არ გამოვრიცხავ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარკვეულ დათმობებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება საგარეო ფაქტორი და უნგრეთის არჩევნების შედეგები. თუ სინქრონულად მოხდება შიდა და გარე კონსოლიდაცია, მაშინ საქართველოში ცვლილებების შესაძლებლობა საკმაოდ რეალური გახდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს