უნდათ, რომ გარკვეულწილად კაპიტალიზება მოახდინონ, რისთვისაც ეს ყველაფერი მოაწყვეს, რისთვისაც მიჰყავდათ ელენე ხოშტარია დანაშაულზე, რისთვისაც ჩატოვეს ციხეში და არ გადაახდევინეს გირაო, ამასთან, რისთვისაც ჰყავთ ხალხი პატიმრობაში, რომ შემდეგ ეს განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა „ჰელსინკის კომისიის“ განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოს იყენებს იარაღად ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც წარმოადგენს გამოწვევას მათი ძალაუფლებისთვის“.
პაპუაშვილის მოსაზრებით, „ქართველებს იყენებენ და აქეზებენ დანაშაულზე“.
„გასაგებია, მათ უნდათ, რომ გარკვეულწილად კაპიტალიზება მოახდინონ, რისთვისაც ეს ყველაფერი მოაწყვეს; რისთვისაც მიჰყავდათ ელენე ხოშტარია დანაშაულზე; რისთვისაც ჩატოვეს ციხეში და არ გადაახდევინეს გირაო; რისთვისაც ჰყავთ ზოგადად, ხალხი პატიმრობაში, რომ შემდეგ ეს განცხადებები გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის. კიდევ ერთხელ, ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი [ორგანიზაციების]...
აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, რეზოლუციები, განცხადებები და ა.შ. იყენებენ ქართველებს, თვითონ რა, თავისი მათ არც არაფერი აკლდებათ ამით და არანაირი ზიანი არ ადგებათ. ისევ ჩვენს მოქალაქეებს იყენებენ მათი ხელით უბიძგებენ დანაშაულზე, რომ შემდგომ გამოაცხონ ხოლმე სხვადასხვა განცხადება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ელენე ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები კიდევ უფრო მძიმე მუხლებით განაჩენების წინაშე არიან“.
„ელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, პატიმრობის ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ქონების დაზიანებისთვის“ იმისთვის, რომ გასულ სექტემბერს „რუსული ოცნება“ მიაწერა თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს.
ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები ახლა კიდევ უფრო მძიმე განაჩენების შესაძლებლობის წინაშე დგანან - 7-იდან 15 წლამდე პატიმრობის - ვითომდა „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.