დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ფუჭი აღმოჩნდა ყველა მცდელობა ძირი გამოეთხარათ ქართული ეკლესიისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წლებია უცხოეთიდან ფინანსდება ეკლესიის, პატრიარქის და კონკრეტული ადამიანების მიმართ დისკრედიტაციის მცდელობა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას 22 წელია აკვირდება.
„ბოლო 22 წელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას ვაკვირდებით. ამას თავისი მიზანი აქვს, რომ მოხდეს იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში. დისკრედიტაცია იმისთვის, რომ შემდეგ საკუთარი თავით ჩაანაცვლონ საზოგადოებისთვის თავიანთი იდეოლოგია. ეს ლამის რელიგიური ომია იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.
ზოგიერთი ევროპელი ლიდერი და ბიუროკრატია ცდილობენ, რომ ევროკავშირი ფსევდო-რელიგიად აქციონ. მათში ბევრ ფსევდორელიგიურ ნიშან-თვისებას ვხედავთ როდესაც საუბრობენ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ოღონდ როგორც წესი შინაარს არ აკონკრეტებენ.
ამაზე საუბრობდა პატრიარქი 2004 წელს - იმ მეთოდებზე, რომელიც მაშინ დაიწყეს. ჩვენ შეიძლება ვერ ვამჩნევდით, მაგრამ პატრიარქი ზუსტად ამაზე საუბრობდა: რომ იყო კლიშეების მიკერების მცდელობა - „ანტიდასავლური“, „პრორუსული“ და ა.შ. - ამ კლიშეებით მუშაობა იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოხდეს.
ვნახეთ, რომ პირდაპირ ფინანსდებოდა საზღვარგარეთიდან ის ხალხი, ვინც ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენდა. ყველაზე ბოლოს საფრანგეთის დაფინანსება მიიღო იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. ასევე გახსოვთ გიორგი კანდელაკის საკითხი სამებაში ხატთან დაკავშირებით - ამ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთიდან მიიღეს დაფინანსება. ევროკავშირის დაფინანსება ჰქონდათ და სხვა უცხოური დაფინანსება ე.წ. ტოლერანტობის ცენტრს... უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ და ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებული იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქის და კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციით.
ეს ყველაფერი წლებია გარე დაფინანსებით მიმდინარეობს. მაგრამ მიუხედავად იმ მილიონებისა, რომელიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მისი სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, წყალში გადაეყარათ. ერთ დღეში ნახეს მათ, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია ყველაფერთან დაკავშირებით დაანახა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ფუჭი აღმოჩნდა ყველა მცდელობა ძირი გამოეთხარათ ქართული ეკლესიისთვის. მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ვნახეთ იმ დღეებში სამების ეკლესიაში და დავინახეთ სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები, რომლებიც უნდათ, რომ ჩვენ შემოგვასაღონ როგორც ქართველი ერი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.