გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს არ ადარდებს სანქციები, მაგრამ სინამდვილეში ეს ახდენს პირდაპირ გავლენას „ოცნებასა“ და მის პროპაგანდისტულ საშუალებებზე

ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის ნება არის მკაფიო და ცხადი, ყველა ის ე.წ. მედიასაშუალება, რომელიც მთელს თავის რესურსსა და ენერგიას ახმარს რუსული ტიპის პროპაგანდის გატარებას, „ქართლი ოცნების“ ანტიევროპული დღის წესრიგის სამსახურში, უნდა იქნას დასანქცირებული ბრიტანული სანქციების კვალდაკვალ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არ არის მედიის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ევროკავშირის მხრიდან არის მკაფიო ღირებულებითი განაცხადი.

„ეს არ არის მედიის თავისუფლების შელახვა. ეს არ არის რომელიმე ე.წ. მედიასაშუალების თუნდაც სიგნალის გამორთვა, ეს არის მკაფიო ღირებულებითი განაცხადი ევროკავშირის მხრიდან, რომ ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც მთელ თავის ენერგიას და დროს უთმობს ევროპული იდეის წინააღმდეგ ბრძოლას და ევროპის შესახებ სიცრუის გავრცელებას, უნდა იქნას დასანქცირებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან. მე ვფიქრობ, ეს არის ადეკვატური ზომა და თუ კონკრეტული არხები შეგნებულად გააგრძელებენ რუსული პროპაგანდის გატარებას, მათ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ის, რაც მათ თავს ხდება. მე ვფიქრობ, არც ერთისთვის კომფორტული არ იქნება ევროპული სანქციები, დამატებით იმ ბრიტანულ სანქციებზე, რაც რეალურად არის ძალიან მძიმე რამ ნებისმიერი თანამედროვე ინსტიტუტისთვის, მსოფლიოში“, - განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, ის, რომ სანქციები ნეგატიურად აისახება „ქართულ ოცნებაზე“, ბრიტანული სანქციების გამოცხადების შემდეგ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამაც დაადასტურა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს მას არ ადარდებს სანქციები, მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ყველა შემდეგი ზომა, ყველა შემდეგი განცხადება, ყველა შემდეგი წნეხი და მით უმეტეს სანქცია ახდენს ძალიან პირდაპირ გავლენას როგორც „ქართლ ოცნებაზე“, ისე მის პროპაგანდისტულ საშუალებებზე. ჩვენ გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილიც კი გამოგვეცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდგომ პერიოდში და ჩვენ გვახსოვს, როგორ აისახა ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ და მისი აპოლოგეტების რიტორიკაზე, იმიტომ, რომ სანქციებს აქვს ძალიან პირდაპირი გავლენა და რაც უფრო მეტი იქნება და რაც უფრო გაიზრდება ამ სანქციების კრებითობა, მით უფრო დასუსტდება ეს რეჟიმი“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს, შესაძლოა ტელეკომპანიების “იმედის“, „რუსთავი2“-ის და POSTV-ს საკითხი დაემატოს. “ევროსკოპის“ ინფორმაციით, საქართველოს შესახებ ანგარიშში შესაბამისი შესწორებები „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა ევროპარლამენტარებმა: კშიშტოფ ბრეიზამ, მიხალ შჩერვბამ და ანდრეი ჰალიცკიმ დააინიცირეს. ერთ-ერთ შესწორებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ტელევიზიები „სისტემატურად ავრცელებენ დეზინფორმაციას და მოქმედებენ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის საკომუნიკაციო ინსტრუმენტები“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს