ევროკავშირს ძალიან ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით. ერთი პატარა თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირს ჯერ არც კი დაუწყია არანაირი რეალური ბერკეტების გამოყენება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„როცა უსმენ პაპუაშვილს და კობახიძეს, უსმენ კრემლს. მათ არანაირი დამოუკიდებელი ნება არ აქვთ, პოლიტიკური აზროვნების და მეტყველების დამოუკიდებელი უნარიც კი არ აქვთ, დაწერილი ინსტრუქციებით მოქმედებენ. რაც შეეხება იმას, ევროკავშირს რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს, ევროკავშირს ძალიან ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით. ერთი პატარა თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე. ევროკავშირს რომ არ მიაჩნდეს, რომ ეს დააზიანებს მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, შეუძლია ერთი ხელის დასმით საქართველოს ეკონომიკის ისეთი რყევა გამოიწვიოს, რომ დღეს რაც ხდება მოგეჩვენებათ, რომ ეკონომიკურ ოაზისში ვცხოვრობთ.
ჩვენი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ არ უნდა დაკარგოს ხალხმა ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა, მაგრამ რეჟიმის წარმომადგენლებს რომ გაუუქმდათ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა, ეს არის სწორი. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველანაირი სანქცია უნდა შეეხოს რეჟიმს და არ უნდა დააზიანოს ქვეყანა. ევროკავშირს ჯერ არც კი დაუწყია არანაირი რეალური ბერკეტების გამოყენება.
უკვე იმხელა კრიზისშია, ივანიშვილმა ისე მიიმწყვდია თავი კუთხეში, რომ მას ჰგონია, რაიმე სისუსტე რომ აჩვენოს, დათმობაზე წავიდეს, მერე უკვე ჩამოშლის პროცესი წავა ისე, როგორც ბანქოს სახლი იშლება. ამ ლოგიკით ის კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შედის. ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.