გიორგი მელაშვილი - “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა უკვე ჩიხში შეიყვანა
ახალი პოტენციური სანქციები ბრიტანეთისგან - შესაძლო სამართლებრივი შედეგები
დაობლებული საყდარი ახალი პატრიარქის მოლოდინში - როგორ ირჩევს საქართველოს ეკლესია მწყემსმთავარს
სახიფათო ანტირეკორდი - საქართველოში შობადობა 90-იანი წლების დონემდე დაეცა
რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში სახდეპის მაღალჩინოსანი?!
* * *
გიორგი მელაშვილი - “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა უკვე ჩიხში შეიყვანა
“ბოლო პერიოდში “ქართული ოცნება” აქტიურად ცდილობს შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, თუმცა აშკარაა, რომ მათი საგარეო - ირანში ისრაელ-ამერიკის სამხედრო ოპერაციის დაწყებისას “ოცნებამ” შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი უფრო მეტად მხარს უჭერდნენ ირანს. ამ პოზიციამ, რომელიც მოკლევადიან გათვლებზე იყო დაფუძნებული, აშშ-ში, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობა გამოიწვია... ვნახეთ “ოცნების” არაერთი მცდელობა: აშშ-ში გაიგზავნა სხვადასხვა დელეგაცია; იქ იმყოფებოდა სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, ასევე საპარლამენტო დელეგაცია. საინტერესოა, რომ ამ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც საქართველო გახდა ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მისაღებად სჭირდებათ დაახლოებით 15 ათას დოლარამდე გირაო, ხოლო 10-წლიანი ვიზების მიღების შესაძლებლობა გაუქმდა და ჩანაცვლდა 3-თვიანი ვიზებით”, - აცხადებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება აშშ-ისრაელისა და ირანის ომი?!
“ამითაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ “ოცნების” მცდელობების მიუხედავად, მათ არ გააჩნიათ საკმარისი პოლიტიკური წონა რათა ურთიერთობის მნიშვნელოვანი გადატვირთვა მოხდეს, თუნდაც 2022 წლის ნიშნულზე დაბრუნება. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს, დღეს ვაშინგტონისთვის სამხრეთი კავკასია სულ უფრო მეტად იძენს ახალ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში შეერთებული შტატები უკვე აქტიურად არის ჩართული, ხოლო ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები რეგიონს დამატებით სტრატეგიულ დატვირთვას სძენს. ამ ფონზე საქართველოს როლი კვლავ მნიშვნელოვანია - როგორც სატრანსპორტო დერეფანი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი რგოლი და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. ამ ვითარებაში აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, დიდი ალბათობით, ორმხრივ ხასიათს შეინარჩუნებს. ერთი მხრივ, ვაშინგტონი გააგრძელებს თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით, მეორე მხრივ კი ამერიკული ინსტიტუტები უფრო მკაფიოდ და აქტიურად გამოხატავენ შეშფოთებას ქვეყნის შიდა დემოკრატიული პროცესების შესახებ. შესაბამისად, დღევანდელი ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც სტრატეგიულად შენარჩუნებული პარტნიორობა, თუმცა პოლიტიკურად უფრო ფრთხილი და კრიტიკული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.
“არაერთხელ გვისაუბრია შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. მას ექნება ორი განშტოება: ერთი - ჩრდილოეთის, რომელიც საქართველოზე გაივლის, ხოლო მეორე - სამხრეთის, ე.წ. ზანგეზურის დერეფანი. ეს განშტოებები, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს, თუმცა, იმავდროულად, ისინი ერთმანეთთან კონკურენციაშიც იქნებიან. ამ კონკურენციის გათვალისწინებით საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნდა ყოფილიყო შავ ზღვაზე გასასვლელი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლითაც აშშ იყო დაინტერესებული. გვახსოვს, დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ასევე იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში და ხელისუფლების საჯარო დაპირება, რომ პორტი აუცილებლად აშენდებოდა... ვფიქრობ, ამ მცდელობებს, მათ შორის აღნიშნულ ვიზიტსაც, სერიოზული შედეგი არ მოჰყვება, რადგან, სამწუხაროდ, “ოცნებას” აკლია ადეკვატურობა და კომპეტენცია - სწორად გააანალიზოს არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და შემდეგ იმოქმედოს რეალობის შესაბამისად”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“როგორც ჩანს, ანაკლიის პროექტის მიმართ აშშ-ის ინტერესი კვლავ არსებობს, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს მასში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ “ოცნებამ” პროექტი, ფაქტობრივად, ჩინურ მხარეს გადააბარა. არ გამოვრიცხავ, რომ “ოცნება” ცდილობს აშშ-თან მოლაპარაკებას და მათ შორის ანაკლიის პორტით გარკვეულწილად ვაჭრობასაც, თუმცა იმისთვის, რომ ურთიერთობა რეალურად დარეგულირდეს და ნორმალიზდეს, აუცილებელია ორი ძირითადი წინაპირობის შესრულება: ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე უარის თქმა და მეორე - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება საუბარი აშშ-თან ურთიერთობის რეალურ გადატვირთვაზე. სანამ ეს არ მოხდება, ყველა მათი მოჩვენებითი მცდელობა და დეკლარირებული `კონსერვატიზმი~ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ამერიკულ მხარეს კარგად ესმის `ქართული ოცნების~ რეალური პოლიტიკა. ამასთანავე, რესპუბლიკურ პარტიაშიც არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მკაფიოდ ხედავენ, რომ საქართველოში აშშ-ის ინტერესები გაცილებით უკეთ იქნება დაცული არა ავტოკრატიული, არამედ დემოკრატიული მმართველობის პირობებში” - მიიჩნევს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
“ნატოს ანგარიშში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ 2024 წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიული გარემო მკვეთრად გაუარესდა. ერთადერთი სფერო, სადაც თანამშრომლობა კვლავ გრძელდება, სამხედრო მიმართულებაა - ნატო აგრძელებს ქართული ჯარის მხარდაჭერას. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, იგივე სურათია - საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის მთავარი წინაპირობა კვლავ რჩება იმ ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შეწყვეტა, რომელსაც “ოცნება” ატარებს. რაც შეეხება ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიშს, როგორც ჩანს, ის სანქციები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაუწესდა სამთავრობო არხებს, “იმედსა” და “პოსტივის~, მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საქმე ის არის, რომ ბრიტანეთი კარგად იცნობს რუსული ჰიბრიდული ომის სპეციფიკას - იმას, თუ როგორ ცდილობს რუსეთი სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სტრუქტურებისა და ინსტიტუტების გამოყენებას სახელმწიფოების მდგრადობის შესასუსტებლად. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მანქანის გამოყენება საკუთარი საზოგადოების წინააღმდე”, - განმარტავს გიორგი მელაშვილი.
“სამწუხაროა, რომ ვხედავთ “ოცნების” პროპაგანდის სრულ თანხვედრას რუსულ პროპაგანდასთან - ნარატივები პრაქტიკულად იდენტურია და ემთხვევა იმ გზავნილებს, რასაც ევროკავშირსა და აშშ-ს, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციის მიზნით კრემლი ავრცელებს როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც. ის, რომ ხელისუფლება აშკარად არ აპირებს უკან დახევას, კარგად ჩანს ელენე ხოშტარიას საქმეზე გამოტანილ განაჩენშიც - ადამიანს ბანერზე წარწერის გამო წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რომ სანქციები ამ ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდისტების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაფართოვდეს. “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა უკვე ჩიხში შეიყვანა - დაზიანებულია არა მხოლოდ პოლიტიკური იმიჯი, არამედ საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რამდენად რეალურია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის უფრო მასშტაბურ ფაზაში გადასვლა?” - პასუხობს:
“რთულია დაზუსტებით თქმა, შედიოდა თუ არა თავიდანვე აშშ-ის გეგმაში ირანში რეჟიმის შეცვლა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ერთ-ერთი სასურველი შედეგი მაინც შეიძლებოდა ყოფილიყო. ოპერაციის დაწყებამდე შესაძლო სცენარებზე საუბრისას, ძირითადად, სამი ვარიანტი განიხილებოდა: პირველი - ისრაელი და აშშ შემოიფარგლებოდნენ საჰაერო დარტყმებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალის და მმართველობითი სისტემის გარკვეული კომპონენტების განადგურებას; მეორე _ ამ პროცესს მოჰყვებოდა რეჟიმის ცვლილება; მესამე _ ირანი შესაძლოა აღმოჩენილიყო ხანგრძლივ სირიის ტიპის კონფლიქტში, ანუ მომხდარიყო მისი ერთგვარი “სირიიზაცია”. ამ ეტაპზე ჩანს, რომ პირველი სცენარი ყველაზე რეალისტურია, თუმცა ვითარება შეიძლება შეიცვალოს იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ევროპელმა პარტნიორებმა შედარებით შეზღუდული მხარდაჭერა გამოხატეს ამ ოპერაციის მიმართ, ნაკლებად მოსალოდნელია აშშ-ის მხრიდან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია ირანში”.
“თუმცა არ არის გამორიცხული მცირე მასშტაბის სამხედრო მოქმედებები, მაგალითად, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მიუხედავად ოფიციალური უარყოფისა, ფაქტია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თეირანი იძულებულია მკვეთრი განცხადებები გააკეთოს შიდა აუდიტორიისთვის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხარეები გარკვეულ ეტაპზე დეესკალაციასა და შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან. ამ დარტყმების შედეგად ირანის რეჟიმმა გარკვეული ტრანსფორმაცია უკვე განიცადა, მას მერე, რაც მისი ლიდერების ნაწილი ლიკვიდირებულია. არ არის გამორიცხული, ვითარება ნაწილობრივ დაემსგავსოს ვენესუელის ვითარებას, სადაც მადუროს გატაცების შემდეგ მართალია რეჟიმი არ შეცვლილა, თუმცა გარკვეულწილად შეიცვალა: გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ნაწილობრივ გაითვალისწინეს აშშ-ის ინტერესები და ა.შ. საერთო ჯამში, მადუროს მმართველობის პერიოდთან შედარებით, იქ მდგომარეობა გაუმჯობესებულადაც კი შეიძლება შეფასდეს. არ არის გამორიცხული, ამის მსგავსად აშშ-მა ირანში მოქმედ რეჟიმს მისცეს ევოლუციური ცვლილებების შესაძლებლობა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - ჩემი შეფასებით, კონფლიქტი დიდხანს ვერ გაგრძელდება”, - დასძენს გიორგი მელაშვილი.
ახალი პოტენციური სანქციები ბრიტანეთისგან - შესაძლო სამართლებრივი შედეგები
“ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში საქართველო კრიტიკული შეფასებების კონტექტში მოხვდა. კომიტეტი საკუთარ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს ახალი სანქციები “ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და იმ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, “რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ”. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათთვის საინტერესო აღარაა ბრიტანელები რას განაცხადებენ. ოპოზიციის შეფასებით კი, მმართველი პარტია ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ყველაფერი კარაგადაა, თუმცა, ბრიტანული სანქციები ხელისუფლებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ახალი პოტენციური სანქციების საფრთხეს არანაირი გავლენა არ ექნება “ოცნების” პოლიტიკაზე, თუმცა, მეორე ნაწილი სამართლებრივ შედეგებსა და სანქციების გავლენაზე საუბრობს. “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას შეფასებით, სანქციები ნეგატიურად აისახება “ქართულ ოცნებაზე”, რაც ბრიტანეთის მიერ “იმედისა” და “პოს ტვ-“ის დასანქცირების შემდეგ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამაც დაადასტურა, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი პოტენციური სანქციები ბრიტანეთისგან - შესაძლო სამართლებრივი შედეგები და თბილისში გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები.
“ქართული ოცნება” ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს მას არ ადარდებს სანქციები, მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ყველა შემდეგი ზომა, ყველა შემდეგი განცხადება, ყველა შემდეგი წნეხი და მით უმეტეს სანქცია ახდენს ძალიან პირდაპირ გავლენას როგორც “ქართულ ოცნებაზე”, ისე მის პროპაგანდისტულ საშუალებებზე. ჩვენ გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილიც კი გამოგვეცხადა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე ბრიტანეთის მიერ “იმედის” და “პოს ტვ”-ის დასანქცირების შემდგომ პერიოდში და ჩვენ გვახსოვს, როგორ აისახა ეს ყველაფერი “ოცნების” და მისი აპოლოგეტების რიტორიკაზე, იმიტომ, რომ სანქციებს აქვს ძალიან პირდაპირი გავლენა და რაც უფრო მეტი იქნება და რაც უფრო გაიზრდება ამ სანქციების კრებითობა, მით უფრო დასუსტდება ეს რეჟიმი”, - განაცხადა გეგელიამ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ სანქციებს გავლენა უკვე აქვს. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ სანქციებს არ ექნება მმართველი პარტიის პოლიტიკაზე გავლენა, თუმცა, “შეიძლება პატარა შედეგები იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სანქციებს უკვე აქვს გავლენა. ბოლო პერიოდმა ნათლად აჩვენა, რომ ბრიტანეთს შეუძლია სანქციების დაწესება, თანაც მნიშვნელოვანის. დასანქცირებულების რეაქციებიდან ჩანს, რომ ბრიტანული სანქციები დიდ გავლენას ახდენს. გვახსოვს, თუნდაც “იმედისა” და “პოს ტვ”-ის დასანქცირების მეორე დღესვე „ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა რომ გაიმართა, რასაც ივანიშვილიც დაესწრო და განცხადებაც გაკეთდა ამ ტელევიზიებზე. ივანიშვილი ფლობს ქონებას ბრიტანეთის კონტროლირებად კუნძულებზე. ლონდონი ფინანსური ცენტრია, სადაც წამყვარი 600 ბანკის მთავარი ოფისები მდებარეობს, თან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულია ორი მსხვილი ქართული ბანკი, რომელზეც მოდის საქართველოში საბანკო ბრუნვის დაახლოებით 90%, ისინი იძულებლები იქნებიან, რომ სანქციების შემთხვევაში დაემორჩილონ, ეს კი პრობლემას შექმნის. “ოცნების” წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათთვის ეროვნული ღირსებაა მთავარი და სანქციები არ აშინებთ, მაგრამ რეალობა ცოტა სხვაა და სანქციები მას დაასუსტებს, თუმცა ყველაფერი უარყოფითად მაინც ქვეყანაზე აისახება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“სანქციები რეალურად არავითარ შედეგს არ გამოიღებს, მაგრამ ზოგერთები ამ გზას არ შეეშვებიან. შანტაჟის რეალური პერკეტები არ აქვთ და გადავიდნენ ასეთ ნაბიჯებზე. რაღაცა პატარა შედეგები შეიძლება იყოს, მაგრამ რეალური სამართლებრივი შედეგი, რომ იგრძნოს ხელისუფლებამ და გვავნოს, ასეთი არაფერი იქნება. პატარა შედეგები კი ისაა, რომ, ვთქვათ, “იმედი” და “პოს ტვ” დაასანქცირეს და ბრიტანულ ბანკზე იყო შეზღუდვა. მერე რა, სხვა ბანკები და საშუალება არაა? ვიცით სანქციები როგრ მუშაობს - ყვირიან, რომ აი, რუსეთის წინააღმდეგ 35-ე პაკეტს ვიღებთ და მეორეს მხრივ, თურმე ევროპული და ამერიკული 600 წამყვანი ფირმა რუსეთში მუშაობს კოლოსალური ბრუნვით. რეალური სანქცია იქნებოდა, მაგალითად, ევროკავშირის მხრიდან მთელ მოსახლეობაზე უვიზო რეჟიმის შეჩერება, ამას მოსახლეობა იგრძნობდა, თუმცა, ევროპის მიმართ ნეგატიურ ემოციებს გამოიწვევს. სამართლებრივად ხელისუფლებას ყველა მტკიცებულება და დოკუმენტი აქვს, რომ გაასაჩივროს. თუ ადრე მიჩნეული იყო, რომ სანქციები კონკრეტულ დარღვევებს უნდა ეყრდნობოდეს, ახლა ასეთი სტრატეგიაა - “გვინდა და ვასანქცირებთ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
დაობლებული საყდარი ახალი პატრიარქის მოლოდინში - როგორ ირჩევს საქართველოს ეკლესია მწყემსმთავარს
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პატრიარქის არჩევა ყოველთვის იყო არა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი, არამედ უდიდესი სულიერი მოვლენა, რომელსაც ერი და ბერი ერთობით, ლოცვითა და განსაკუთრებული მოკრძალებით ელოდა. დღეს, როდესაც საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვები მომავალ საეკლესიო პროცედურებზე, მნიშვნელოვანია თითოეულმა მორწმუნემ იცოდეს, თუ რა კანონიკური წესებით იმართება ჩვენი დედაეკლესია ამ უმნიშვნელოვანეს ჟამს. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ყველა იმ დეტალს, რაც 1995 წელს მიღებული “საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით” არის განსაზღვრული. საეკლესიო ენაზე, როდესაც პატრიარქი ტოვებს ამ სოფელს, ამას “ეკლესიის დაობლება” ან “საპატრიარქო ტახტის დაქვრივება” ეწოდება. ეს ტერმინები საუკეთესოდ გამოხატავს მრევლის მდგომარეობას - სამწყსო რჩება თავისი სულიერი მამის გარეშე. ამ მომენტიდან ეკლესია გადადის განსაკუთრებულ, გარდამავალ რეჟიმში. თუკი უწმინდესმა და უნეტარესმა დატოვა ანდერძი, რომელშიც დასახელებულია ტახტის მოსაყდრე, იგი ავტომატურად იკავებს ამ პოზიციას. სწორედ ასე მოხდა ჩვენს სინამდვილეშიც, როდესაც ილია II-მ მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა. მოსაყდრე არ არის პატრიარქი, ის დროებითი მმართველია, რომლის მთავარი მისიაა ეკლესიის მშვიდობიანი მიყვანა ახალ არჩევნებამდე”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით დაობლებული საყდარი ახალი პატრიარქის მოლოდინში / როგორ ირჩევს საქართველოს ეკლესია მწყემსმთავარს.
“დებულების თანახმად, პროცესი მკაცრად გაწერილია დროში, რათა ეკლესია დიდხანს არ დარჩეს პატრიარქის გარეშე. დაობლებიდან არა უგვიანეს ორმოცი დღისა, მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქო კანდიდატების გამოსავლენად. ხოლო 40-60 დღის შუალედში უნდა ჩატარდეს გაფართოებული საეკლესიო კრება ამ კანდიდატებიდან კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევად. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამჟამად აქვს 50 ეპარქია. ეს მოიცავს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ტერიტორიულ ერთეულებს, ასევე საზღვარგარეთ ჩამოყალიბებულ სამწყსოებს (მაგალითად, ბრიტანეთისა და ირლანდიის, ბელგიისა და ჰოლანდიის, სამხრეთ ამერიკის და სხვ.). წმინდა სინოდის შემადგენლობაში დღეს 39 მღვდელმთავარია. ეს რიცხვი მიგვანიშნებს, რომ რამდენიმე ეპარქიას ამჟამად ერთი მღვდელმთავარი მართავს (შეთავსებით), ან ზოგიერთი ეპარქია დროებით მმართველის გარეშეა (დაობლებულია) და მას მეზობელი ეპარქიის მღვდელმთავარი კურირებს. პატრიარქის არჩევის პროცესში წმინდა სინოდს გადამწყვეტი როლი აკისრია. სინოდის სხდომაზე, რომელსაც მოსაყდრე თავმჯდომარეობს, თითოეულ მღვდელმთავარს (ეპისკოპოსს) აქვს უფლება დაასახელოს მხოლოდ ერთი კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავიც. დასახელების პროცესი, როგორც წესი, ღიად მიმდინარეობს. ერთი მღვდელმთავრის მიერ დასახელებაც კი საკმარისია, რომ პირი მოხვდეს კანდიდატთა სიაში. თეორიულად, თუ სინოდის წევრები ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა დასახელდეს იმდენივე კანდიდატი, რამდენი მღვდელმთავარიც არის სხდომაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი; უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი; უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება; ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არა უმეტეს სამოცდაათისა; უნდა იყოს ბერი. ვინაიდან გაფართოებულ კრებაზე ათეულობით კანდიდატის წარდგენა პროცესს გაართულებდა, სინოდი ატარებს ფარულ კენჭისყრას. ამ კენჭისყრის მიზანია, დასახელებული მღვდელმთავრებიდან შეირჩეს მხოლოდ 3 კანდიდატი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ. სწორედ ეს სამი პირი ხდება ოფიციალური პრეტენდენტი პატრიარქის ტახტზე. ხშირად ისმის კითხვა: აქვს თუ არა მოსაყდრეს უპირატესობა? საეკლესიო სამართლით, კენჭისყრისას მოსაყდრეს აქვს მხოლოდ ერთი ხმა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ეპისკოპოსს. მითი იმის შესახებ, რომ მას ორი ხმა აქვს, არასწორი ინტერპრეტაციაა. მისი ერთადერთი პრივილეგიაა სხდომის თავმჯდომარეობა და ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი სიტყვის უფლება, რაც იშვიათი გამონაკლისია (ჯერ არ მომხდარა). თუმცა, ზოგადად, ვინაიდან ტახტის მოსაყდრე თავად პატრიარქის მიერ არის დასახელებული ან სინოდის მიერ არჩეული, მას უკვე აქვს მაღალი ნდობის მანდატი, რაც სხვა ამომრჩევლებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - განაგრძობს გამოცემა.
“გაფართოებული კრება ტახტის მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგიანეს ორი თვისა. ეს არის არჩევნების უმაღლესი და დასკვნითი ეტაპი. ჩვენი ეკლესიის ტრადიცია უნიკალურია იმით, რომ პატრიარქის არჩევას არ ესწრება მხოლოდ სამღვდელოება. კრებაზე წარმოდგენილნი არიან: მღვდელმთავრები: სინოდის სრული შემადგენლობა; სასულიერო პირები: თითოეული ეპარქიიდან არჩეული დელეგატები; ბერმონაზვნობა: მონასტრების წარმომადგენლები; საერო პირები: მრევლის მიერ არჩეული დელეგატები. უკეთ რომ დავაზუსტოთ, კრებას უნდა ესწრებოდეს: ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირი, თითოეული მონასტრიდან, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატი, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან. ამით ხაზი ესმება იმას, რომ პატრიარქი არის მთელი ერის მამა და მის არჩევაში მონაწილეობის უფლება სიმბოლურად მთელ ეკლესიას აქვს. თუმცა მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების თანახმად, მღვდელმთავარნი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მონაწილეობენ ხმის უფლებით, ხოლო სამღვდელო და სამონაზვნო დასი, ასევე საერო პირნი მონაწილეობენ სათათბირო ხმის უფლებით”, - დასძენს გამოცემა.
“კენჭისყრის პროცედურა - კრებაზე ხდება იმ 3 კანდიდატის განხილვა, რომლებიც სინოდმა შეარჩია. კანდიდატის შესახებ აზრის გამოთქმის უფლება სიტყვიერად აქვს კრების ნებისმიერ მონაწილეს. თუმცა პატრიარქის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. კენჭისყრა არის ფარული. არჩეულად ითვლება ის, ვინც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს (50% + 1 ხმა). თუ ხმები ისე გაიყო, რომ ბარიერი ვერავინ გადალახა, იმავე დღეს ტარდება მეორე ტური ორ საუკეთესო კანდიდატს შორის. კენჭისყრისას ხმის მიცემისგან თავის შეკავება მღვდელმთავრისთვის კანონიკურად დაუშვებელია. საეკლესიო სამართლის მიხედვით, წმინდა სინოდის წევრობა არ არის მხოლოდ პატივი, ეს არის ვალდებულება. როდესაც ეკლესია დგას ახალი მწყემსმთავრის არჩევის წინაშე, თითოეული მღვდელმთავარი ვალდებულია გამოხატოს თავისი პოზიცია. თავის შეკავება აღიქმება როგორც პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ეკლესიის ბედისადმი გულგრილობა. “თავის შეკავების” გრაფა ასეთ ბიულეტენებში, როგორც წესი, არ არსებობს... ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველი პატრიარქის, კირიონ II-ის არჩევა ნამდვილი სახალხო დღესასწაული იყო. მაშინ ეროვნული სულისკვეთება და საეკლესიო წესები ისე გაერთიანდა, რომ არჩევნებში ათასობით ადამიანი გრძნობდა, რომ თავადაც მონაწილეობდა... 1977 წელს, ათეისტური რეჟიმის პირობებში, ილია II-ის არჩევა სასწაულის ტოლფასი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა პროცესის კონტროლს, სინოდმა და კრებამ შეძლო დაეცვა ეკლესიის ინტერესები და აერჩია პიროვნება, რომელმაც ეპოქა შექმნა”, - წერს სტატიის ავტორი.
“როდესაც გაფართოებული საეკლესიო კრება თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, იწყება ყველაზე მეტყველი და სულიერად ამაღელვებელი რიტუალი - ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრება. ქართულ მართლმადიდებლურ ტრადიციაში ეს მომენტი აღქმულია არა როგორც დიდების მწვერვალი, არამედ როგორც უმძიმესი ჯვრის ტვირთვა მთელი ერის წინაშე. ჩვენი ეკლესიის ისტორიამ შემოინახა ერთი მეტად სათუთი და ღრმა შინაარსის წესი: არჩეულ პატრიარქს აღსაყდრებისას ორი უხუცესი მღვდელმთავარი იღლიებში ხელს ჰკიდებს და ისე მიაცილებს საპატრიარქო ტახტისკენ. ეს “გაყვანის” რიტუალი სიმბოლურად განასახიერებს, რომ ადამიანი საკუთარი ნებითა და ამბიციით კი არ მიისწრაფვის ძალაუფლებისკენ, არამედ მას ეკლესია მიაბრძანებს. ქართული სულიერებისათვის ყოველთვის უცხო იყო პატივმოყვარეობა. ამიტომაც კანდიდატი საკუთარი უღირსების განცდით, მხოლოდ ერის გამორჩეული ნდობისა და სინოდის ერთსულოვანი მოწოდების შემდეგ თანხმდება მსახურებას. ეს არის “სულიერი იძულება” - როდესაც საკუთარ ნებას ღვთისა და ეკლესიის ნებას უმორჩილებ. ამ დროს წარმოთქმული სიტყვები - “აღვიარებ და არას ვიტყვი” - ნიშნავს არა უბრალო თანხმობას, არამედ იმას, რომ მას აღარ აქვს უფლება, უარი თქვას იმ მძიმე მორჩილებაზე, რომელიც ერმა დააკისრა”,, - განმარტავს სტატიის ავტორი.
“პატრიარქის ინტრონიზაცია უცვლელად სრულდება ჩვენს წმიდათაწმიდა მცხეთის სვეტიცხოველში. სწორედ იქ, სადაც უფლის კვართია დასვენებული. საზეიმო წირვის მიწურულს მას გადაეცემა პატრიარქის ღირსების სიმბოლოები: ბარტყული, მწყემსმთავრის კვერთხი, ორი პანაღია და განსაკუთრებული პატივის ჯვარი, მანტია. აღსაყდრების უმთავრესი მომენტია, როდესაც ტაძრის თაღებს ქვეშ მგრგვინავად გაისმის საგალობელი _ “აქსიოს!” (ღირს არს!). ეს არ არის მხოლოდ სამღვდელოების დასტური, ეს არის მრევლის, ერის, თითოეული მორწმუნის პასუხი. ამ ძახილით ხალხი ადასტურებს, რომ მათ მიიღეს და შეიყვარეს ახალი სულიერი მამა. ეს ძველი ქართული ტრადიცია გვახსენებს, რომ პატრიარქობა ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო თავგანწირვის ტოლფასი. როგორც უწმინდესი ილია II ბრძანებდა თავისი აღსაყდრებისას: “მე ვიცი, რა მძიმე ჯვარი მხვდა წილად...” - სწორედ ეს განცდაა ქართული ეკლესიის მთავარი საყრდენი. მრევლისთვის, პატრიარქის არჩევა არ არის პოლიტიკური პროცესი ან ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის სულიერი გამოცდა. ჩვენი მოვალეობაა, ამ პროცესს შევხვდეთ ლოცვით, სიმშვიდით და ნდობით ჩვენი მღვდელმთავრების მიმართ. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც გამორიცხავს თვითნებობას და უზრუნველყოფს, რომ არჩევანი იყოს სამართლიანი, კანონიკური და, რაც მთავარია, ღვთივსათნო. მოსაყდრის ინსტიტუტი კი არის გარანტი იმისა, რომ დაობლების ჟამსაც კი ეკლესია რჩება მყარად, ინარჩუნებს ერთობას და ემზადება ახალი მწყემსმთავრის მისაღებად. დაე, უფალმა ისე წარმართოს ჩვენი ეკლესიის მომავალი, რომ ყოველი ნაბიჯი გადადგმული იყოს მის სადიდებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სახიფათო ანტირეკორდი - საქართველოში შობადობა 90-იანი წლების დონემდე დაეცა
“2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა და ეს ბოლო 32 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვმა 44 319 შეადგინა, რაც დაბადებულთა რაოდენობას 6 452-ით აღემატება და ქვეყნის დემოგრაფიულ კრიზისზე მიანიშნებს. ექსპერტები გამოსავლად შობადობის მატერიალურ წახალისებას ასახელებენ. 2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებული 37 867 ჩვილიდან 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, შობადობა წინა წელთან შედარებით 4.1%-ით შემცირებულია, ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლების მიხედვით საქართველოში შობადობის პიკი 2014 წელს აღინიშნა, როდესაც 60,635 ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ კი ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონების გარდა. დემოგრაფი ავთო სულაბერიძე თქმით, ეს სტატისტიკა საბოლოო დასკვნის გაკეთების საშალებას არ იძლევა, თუმცა ფაქტია, რომ შობადობა ყოველწლიურად კლებულობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სახიფათო ანტირეკორდი - საქართველოში შობადობა 90-იანი წლების დონემდე დაეცა.
“საქსტატის შეფასება საბოლოო არ არის, მაგრამ ჩვენი გამოკვლევითაც ჩანს, რომ შობადობა ყოველწლიურად მცირდება. მეტსაც გეტყვით, ჩვენი გამოკვლევით, დაახლოებით 20 წლამდე ასაკის ქალბატონებში ფაქტობრივად შობადობა არ ყოფილა ბოლო 10 წელიწადში. თუ რამ გამოიწვია შობადობის ასეთი კატასტროფული ვარდნა, აქ მრავალი ფაქტორია - სწავლა, შემოსავლები, კარიერა, მიგრაცია. საქართველოდან ბოლო წლებში განსაკუთრებით მეტი ადამიანი გავიდა, განსაკუთრებით ქალები. სხვა პრობლემებიცაა, მათ შორის საბინაო პრობლემებიც. აი, სწორედ ეს მიზეზები ავლენს გავლენას შობადობის ვარდნაზე. საჭიროა შობადობის მატერიალური წახალისება. ჩვენ ვამუშავებთ პროგრამას, რომ პარლამენტში წარვადგინოთ. ვნახოთ, როგორ მოიწონებენ. შობადობის ოპტიმიზაციას, სტიმულიზაციას გულისხმობს. როგორც კვლევები გვიჩვენებს, არის ნიშნები რომ შობადობა გაიზარდოს. ვფიქრობ, ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება ნორმალურია და ახლა საჭიროა მატერიალური წახალისება ბავშვის დაბადებისას. ალბათ მიიღებს პარლამენტი ამას. უნდა გაიზარდოს მაჩვენებელი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს შენარჩუნდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შობადობა გაიზარდოს, განსაკუთრებით დაბალ ასაკში”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო სულაბერიძე.
“ოფიციალური სტატისტიკით 2025 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი). ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ოჯახში რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9-დან 36.6%-მდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9%, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1%. 2025 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა. 2025 წელს ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 2025 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) - 9.1 პრომილე. 2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა”, - დასძენს გამოცემა.
რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში სახდეპის მაღალჩინოსანი?!
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის პიტერ ანდრეოლის ბოლო ვიზიტი საქართველოში ერთგვარი გეოპოლიტიკური აუდიტის მნიშვნელობას იძენს, რაც ფოთის პორტში ამერიკული ინვესტიციის დათვალიერებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე ჩასვლას მოიცავდა. ფოთის პორტის გაფართოების მხარდაჭერით აშშ ცდილობს საკუთარი ეკონომიკური და სტრატეგიული დასაყრდენის შენარჩუნებას, მეორე მხრივ, ანდრეოლის შეხვედრები ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ცხადყოფს, რომ ამერიკული მხარისთვის პრობლემა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა და ის პოლიტიკური ვექტორია, რამაც სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური დახმარების გადახედვა განაპირობა. რა შეცვალა ანდრეოლის ვიზიტმა, ანალიტიკოსს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრებით”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში სახდეპის მაღალჩინოსანი?!
“მისასალმებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვიღაც ჩამოვიდა, თუნდაც სამუშაო ვიზიტით. ეს ნიშნავს, რომ აშშ მაინც ცდილობს სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნებას. კარგია, რომ სტუმარი როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. თუმცა ამ ვიზიტის შემობრუნების წერტილად გამოცხადება ნაადრევია. ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ხელისუფლების მცდელობა, ეს პროცესი სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენად გაასაღოს, ამის ნიშნები ნაკლებად ჩანს. საბოლოო გადაწყვეტილებებს მაინც მაღალ დონეზე იღებენ, მაღალი დონის ვიზიტები კი ჩვენთან აღარ არის, გამომდინარე `ქართული ოცნების~ ანტიდასავლური რიტორიკიდან... მიუხედავად ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულებისა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რესპუბლიკელებს არ ავიწყდებათ, რომ ეს რიტორიკა ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. შესაბამისად, ვითარება ვერ გამოსწორდება, სანამ ქვეყანაში ძირეული ცვლილებები არ მოხდება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში. ეს ვიზიტი უფრო საქმიანი იყო და კონკრეტულ თემებს ეხებოდა, მაგრამ მაინც კარგია, რომ გაიმართა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“აშშ-თან დამოკიდებულებაში ჩვენი მხრიდან ორი მთავარი მოსაზრება იკვეთება: ერთი ის, რომ ტრამპისთვის მარტო საქართველო კი არა, სამხრეთ კავკასიაც არ არის პრიორიტეტული. ეს რეგიონული ტურნე შემთხვევით დაიგეგმა, რადგან მას მიაწოდეს იდეა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების გამო, ფაქტობრივად, უკვე შემდგარი იყო. შემთხვევითი არც ის იყო, რომ ჯეი დი ვენსმა ვიზიტისას საქართველო გამოტოვა. ეს ნიშნავს, რომ ჯერ ერთი, საქართველო აღარ არის აშშ-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი; მეორე, ამ ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე აშშ-ის ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტია იქნება სათავეში. მისთვის მიუღებელია ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ სისტემურ მოწინააღმდეგეებთან, ჩინეთსა და ირანთან მეგობრობს. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რაც ყოფილმა ელჩმა თავის ბოლო ინტერვიუში თქვა, თუ საქართველო ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ის გახდება “სტრატეგიულად უმნიშვნელოო”. ზუსტად ეს ხდება - თვითიზოლაციისა და დასავლეთთან დაპირისპირების შედეგად, საქართველო სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა და ამის ფასს უკვე ვიხდით. “ქართული ოცნებაც” ბოლოს მიხვდა ამას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ის, რომ ქვეყანას დანიშნული ელჩი არ ჰყავს, სწორედ იმის დიაგნოზია, რომ ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” ლობისტების მეშვეობით ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციასთან იდეოლოგიური სიახლოვის დემონსტრირებას, ნაკლებმოსალოდნელია იმ სტრატეგიულ დონეზე დაბრუნება, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გვქონდა... საქმე ის არის, რომ საქართველოს ბევრი “კარტი” არა აქვს შესათავაზებელი. ჩვენ არ გაგვაჩნია ნავთობი ან გაზი, როგორც, მაგალითად, აზერბაიჯანს. მართალია, შეხვედრაზე ანაკლიის პორტზე იყო საუბარი, მაგრამ აქაც ისეთი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, აშკარად არ არის აშშ-ის ინტერესების თანხვედრაში. ყველას გვახსოვს, ვინ გაიმარჯვა ტენდერში _ ჩინურმა კომპანიამ. “ოცნება” ახლა მიხვდა ამას და ცოტა ფრთხილად ეკიდება ტრამპის ადმინისტრაციას”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“რაც შეეხება ახალ სავიზო შეზღუდვებს, როგორც ვიცი, გადაწყვეტილების მიღებისას სტატისტიკას ეყრდნობოდნენ და აკვირდებოდნენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები რა პროცენტულობით არღვევდნენ კანონს და სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები გამორჩეულები იყვნენ. თუმცა საქართველო ძველებურად სტრატეგიული პარტნიორი რომ ყოფილიყო, ალბათ, შეეცდებოდნენ თვალი დაეხუჭათ ამაზე, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და იქ მყოფი ქართველების რაოდენობა არ არის ისეთი მასშტაბური, რომ თვალში საცემი ყოფილიყო. თუმცა, რადგან ქვეყანა სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა, ვაშინგტონმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ქვეტექსტი იკითხება - სტრატეგიული ურთიერთობები რომ გვქონოდა, ქართველებთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის შემთხვევაშიც მოძებნიდნენ გამოსავალს. ამის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, როდესაც ბევრი ქართველის წასვლამ უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეუქმნა. მაშინ პარტნიორები შსს-სთან კომუნიკაციაზე გამოვიდნენ, პოლიციის ატაშეები გაგზავნეს და საკითხი ისე დაარეგულირეს, რომ ქვეყანა არ დაზარალებულიყო. ახლაც მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ...” - დასძენს კორნელი კაკაჩია და შეკითხვაზე - “ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში უახლოეს პერიოდში რას ელოდებით?” - პასუხობს:
“ოცნების” რიტორიკა აშშ-თან დამოკიდებულებაში სხვადასხვა დონეზე გამოიხატა. მაგალითად, ყაველაშვილის ღია წერილები ამერიკის პრეზიდენისადმი, სადაც იკითხება მთავარი სათქმელი - თქვენ უნდა გვაღიაროთ ისეთებად, როგორიც ვართო. ეს იყო საყვედურნარევი გზავნილი, სადაც პარალელი გაავლეს სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან. ხელისუფლება დასავლეთს, ფაქტობრივად, ეუბნებოდა, რომ თუ აშშ და ევროკავშირი თანამშრომლობენ სხვა ავტორიტარებთან, მაგალითად, აზერბაიჯანთან, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიცო. მათ ვერ გაიგეს მთავარი განსხვავება - დასავლეთისთვის და, მათ შორის აშშ-ისთვის, საქართველოს ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის ამ რეგიონში დემოკრატიის ფორპოსტი და დასავლური საყრდენი იყოს. თუ საქართველო არაფრით გამორჩეულ გარიყულ ავტორიტარულ სახელმწიფოდ იქცევა, ბუნებრივია, მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აღარ იარსებებს...”