თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ასევე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ ბრალდებულებიც.
სასამართლო პროცესს ესწრებიან თავად ბრალდებულებიც.
სასამართლო პროცესს, ბრალდებულთა ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრების გარდა, ასევე ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს სააპელაციო სასამართლოში. პროკურატურა მსჯავრდადებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.