დავით ნარმანია განმარტავს, რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის „უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულებაა შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში“. ამის შესახებ მან სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნარმანიას განმარტებითვე, სემეკის მიერ მოხდა „ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობის გათვალისწინება იმისათვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს“.

„მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის - 4-6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდში, დაკორექტირდა და დამტკიცდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა ძალიან დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა. უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის წყვეტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში.

„თელასის“ არეალში დედაქალში დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა 5 წლის განმავლობაში, შეადგენს 400 მილიონ ლარს, რაც საშუალოდ, წლიურად, 80 მილიონი ლარია. რაც შეეხება „ენერგო პროს“ ქსელს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი. დაკორექტირდა და საშუალოწლიურად, 200 მილიონი ლარია, რაც 5 წლის განმავლობაში შეადგენს 1 მილიარდ ლარს.

გარდა ამისა, „ენერგო პრომ“ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე დამატებით აღნიშნა, რომ 3 წლის განმავლობაში, ის საშუალო წლიურად დამატებით, 43 მილიონ ლარს დახარჯავს, ისე, რომ ამის გათვალისწინებას ტარიფში არ მოითხოვს. შედეგად, რეგიონებში მომხმარებლების კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოხმარდება დამატებით, 129 მილიონი ლარი, ისე რომ ტარიფში გათვალისწინებული არ იქნება.

რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების საკითხს, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს. ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდის პირობებშიც კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება“, - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში