ბაკურ კვაშილავა - „ოცნებას“ ირანთან ურთიერთობის შეცვლა მოუწევს - ის მშიშარა ხელისუფლებაა, რომლის პოლიტიკა ორიენტირებულია მაგიდის ქვეშ შეძრომასა და დამალვაზე, მაგრამ როცა იპოვიან, როგორც აშშ-მა იპოვა, არ ექნება საშუალება, „ორ ფეხზე“ მტკიცედ დადგეს

ყველაზე ლოგიკური მიზეზი მარკო რუბიოს ზარისა არის ის, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არის შეშფოთებული იმ ნაბიჯებით, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დგამს რეგიონში, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით - განსაკუთრებით იმ გაღრმავებული ურთიერთობის ფონზე, რომელიც საქართველოს ირანთან ჰქონდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

ბაკურ კვაშილავას თქმით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფონზე, ერთ დროს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რადარზე როგორც პოტენციური საფრთხის მატარებელი ქვეყანა ისე გამოჩნდა.

„ტრამპის ადმინისტრაციამ მოიცალა იმისათვის, რომ მარკო რუბიოს პირადად გაერკვია თუ რას და სადამდე აპირებს საქართველო, დასავლეთთან და აშშ-სთან ურთიერთობების გამწვავებას. საუბარი შეეხებოდა იმ არასერიოზულ და აბსურდულ მიდგომებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამჟღავნებს. პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ჩანს ის კითხვა - „თუ რას აპირებს საქართველო და სად დგას ამ კონფლიქტში, მით უმეტეს იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამ კონფლიქტის დაწყებისას გააკეთა. თან და თან, საქართველო პოზიციონირებს ქვეყანა, რომელსაც არ სურს, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს და რომელიც სურთ, რომ ყველამ დაივიწყოს. ეს კი შეუმჩნეველი არ დარჩა. ირანში ხანგრძლივი ომი მიმდინარეობს და საქართველოს მთავრობა მსოფლიოს უმტკიცებს, რომ მათ არაფერში ჩარევა არ სურთ და არავისთვის არაფერს წარმოადგენენ. გამოდიან და აცხადებენ, რომ მათ არაფერი შეუძლიათ და „თავი დაგვანებეთო“, მაგრამ გამოჩნდა, რომ „თავი გაგვანებეთ“ არ გამოდის, როდესაც ირანთან ასეთი ურთიერთობა გაქვს. აშშ ხედავს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ირანს სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმაროს, ისევე როგორც პოტენციურად ეს რუსეთთან მიმართებაში ხდებოდა, რა დროსაც ავტომობილების რეექსპორტი ყირგიზეთში 100-ჯერ გაიზარდა და იქიდან რუსეთში გადადიოდა. აქედან გამომდინარე, ამერიკელებს აქვთ შეშფოთების მიზეზი, რომ საქართველომ შესაძლოა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს იმისათვის, რომ ირანის ბრძოლისუნარიანობა შენარჩუნდეს. სამწუხაროა, რომ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ვერც საშინაო და ვერც საგარეო დონეზე ვერავინ ენდობა. „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც პათოლოგიური მატყუარა, ამიტომ არ იქნება გასაკვირი, რომ მარკო რუბიოს კონკრეტული გარანტიები მოეთხოვა. სწორედ, ამიტომ იყო კობახიძის ეს განცხადება მშრალი და უსულგულო, ამავე დროს განცხადებაში დადებული პირობაც ჩანდა, რომ საქართველო ვერ და არ წავა აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს“,- განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

პოლიტიკოსის თქმით, მაშინ როდესაც აშშ-ს კავკასიის რეგიონში პარტნიორი სჭირდება, საქართველო არასანდო ქვეყნად მიიჩნევა.

„აშშ-სთან გადავდივართ ერთჯერად ვიზებზე - 15 ათას დოლარიანი დეპოზიტით. ეს შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა. აშშ რომ საქართველოს არასანდო ქვეყანას აღიქვამს, ეს ჩვენი მთავრობის ხელშესახები შედეგია. არადა, ახლა შესაძლებელი იქნებოდა აშშ-ს საუბარი საერთოდ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დაეწყო და ამ დროს პირიქით. საქართველო კარგავს ძვირფასს დროს, როდესაც შეეძლო განვითარებული, დემოკრატიული და ბედნიერი შეეძლო ყოფილიყო.

„ქართული ოცნება“ მშიშარა ხელისუფლებაა, მათ მმართველობა შიშით არის შეპყრობილი. მათი საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია მაგიდის ქვეშ შეძრომასა და დამალვაზე და როდესაც მას იპოვიან, როგორც აშშ-მ იპოვა, მას არ ექნება საშუალება, რომ მტკიცედ დადგეს. ორ ფეხზე დგომა და სუვერენიტეტი არის პროპაგანდა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. მათ ირანთან ურთიერთობის შეცვლა მოუწევთ. „ოცნება“ უსუსტესი ხელისუფლებაა, რომელიც იატაკზეა გაწოლილი. ჩვენი საგარეო პოლიტიკა - იატაკზე გართხმული პოლიტიკაა“,- განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა „ოპოზიციის ალიანსის“ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა. მისი თქმით, მათ მიზანი იქნება, რომ ამერიკელებს აჩვენონ, რომ საქართველოში ქართველი ხალხის რეალური ინტერესების გამომხატველი ძალა არსებობს, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვის უმტკივნეულოდ გადაბარება.

„აშშ-ში წასვლის მიზანი არის, რომ ამერიკელებს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის რეალური ინტერესების გამომხატველი ალტერნატივა არსებობს და რომ ეს ალტერნატივა კომპეტენტური, პროფესიონალი და მშვიდობაზე ორიენტირებულია, მაგრამ, რომელიც პირველ საკითხად ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აყენებს. წარმოჩენა გვინდა, რომ შეგვიძლია უმტკივნეულოდ გადავიბაროთ ხელისუფლება და რეგიონისთვის კეთილდღეობის მომტანი როლი შევასრულოთ. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ვეღარ მუშაობს. ხალხი ხვდება, რომ ცვლილება აუცილებელია და ერთადერთი მათ სურთ, რომ დაინახონ, რომ არსებობს კომპეტენტური და პროფესიონალი ხალხი, რომლებიც ქვეყნის მართვას გადაიბარებენ ისე, რომ არის იყოს მნიშვნელოვანი რყევები და სტაბილურობასთან ერთად უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის განვითარება. ამიტომ როგორც გარეთ, ისე შიგნით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ხალხთან კომუნიკაცია, რომ ცვლილებების დრო დადგა“,- განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმთან დაკავშირებულ თარიღს, 31 მარტს, ბაკურ კვაშილავა აცხადებს, რომ თავისუფლებასა და დემოკრატიას მუდმივად ბრძოლა და შენარჩუნება სჭირდება.

„თავისუფლებასა და დემოკრატიას ყოველთვის ბრძოლა და შენარჩუნება სჭირდება. ჩვენი მოსახლეობისთვის ეროვნული დამოუკიდებლობა არის ცნება, რომლისთვისაც თავს გასწირავენ. დღეს საქართველო გაცილებით მცირე ზომის ქვეყანაა, ვიდრე ჩვენ ეს რეალურად გვეკუთვნის, ადამიანები ისევ დევნილობაში არიან. ამ ფონზე კი „ქართული ოცნება“ მტრად ბრიუსელსა და ვაშინგტონს აღიქვამს. არცერთი აუგი სიტყვა მათ კრემლზე არ წამოსცდებათ, რუსეთზე, რომელიც არის ის ქვეყანა, რომელიც 3 სახელმწიფოს ხედავს საქართველოს ადგილას. აი ეს ის გამოწვევაა, რომელსაც თვალი ყველამ უნდა გაუსწოროს, მათ შორის იმ ხალხმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ცრუ მშვიდობის სჯეროდა.

[რაც შეეხება 1991 წლის 31 მარტის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადებას] სამწუხაროა, რომ დღე პაპუაშვილის განცხადებით იწყება. პათოლოგიური ტყუილებისა და პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის პარლამენტის თავმჯდომარე. მისი ბოდვიდან რა შინაარსის გამოტანა შეიძლება არ ვიცი, შესაძლოა ვიღაცამ ყავაზე იმკითხაოს და რაიმე დასკვნა გამოიტანოს. მაგრამ რატომ ბოდავს? - რადგან არაფერი არ აქვს სათქმელი. ეს არის მთავრობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მეგობარს - მტრად და მტერს - მეგობრად ასახელებს. იმედი მაქვს, რომ ეს მარაზმი მალე დასრულდება“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი