ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინფორმაციით, 3 აპრილს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე, შესაძლოა, იმსჯელონ, ვის მიერ და რა ფორმით გამოქვეყნდება სააღდგომო ეპისტოლე.
როგორც მეუფე ნიკოლოზი „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ის წმინდა სინოდზე დააფიქსირებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ გამოქვეყნდეს სააღდგომო ეპისტოლე, სადაც პატრიარქის შესახებ და მის ღვაწლზე იქნება საუბარი.
„3 აპრილს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებს განვიხილავთ, კრების მოწვევის, ჩატარების შესახებ.... მივიღეთ ერთადერთი დაზუსტება - პატრიარქობის კანდიდატების საკითხი არ იქნება განხილული.
რაც შეეხება სააღდგომო ეპისტოლეს, ვინ დაწერს და ასე შემდეგ....მე სხვა პრაქტიკა არ მახსოვს, რაც თავი მახსოვს, ილია მეორის ეპისტოლე ქვეყნდებოდა, ამიტომ ალბათ, ამ თემაზეც ვიმსჯელებთ სინოდზე. ჩემი პირადი აზრით, კარგი იქნება ისეთი ეპისტოლე დაიწეროს, რომელშიც ძირითადად პატრიარქის შესახებ და მის ღვაწლზე იქნება საუბარი. ეს ჩემი აზრია, ვნახოთ, სინოდი რაც გადაწყვეტს“, - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.