საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის – ორი საფლავი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ფერდის გამაგრება და ტერიტორიის მოწესრიგება.
„კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას.

პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.