აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როდრიგესი გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის „ურთიერთობების ნორმალიზებისა და გაძლიერების მიმართულებით“ გადადგმული ნაბიჯია.
„გვჯერა, რომ ეს პროგრესი საშუალებას მოგვცემს მოიხსნას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი სანქციები, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის შექმნას და გარანტირებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, - დაწერა როდრიგესმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
მარტში ვაშინგტონმა როდრიგესი ვენესუელას ლიდერად ოფიციალურად აღიარა, რამაც მის მთავრობას საშუალება მისცა, ხელახლა გაეხსნა საელჩოები და საკონსულოები აშშ-ში და აღედგინა კონტროლი ვენესუელას საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე საზღვარგარეთ.