ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026

სახელმწიფო მნიშვნელობის თარიღები პოლიტიკაში - 26 მაისის აქციას ოპოზიცონერთა ნაწილიც აკრიტიკებს

ომბუდსმენის ანგარიში - ძალადობის ბრალდებები დაკავებულთა შემთხვევაში და გაღრმავებული სოციალური კრიზისი

რისთვის მიემგზავრება “ოპოზიციური ალიანსი” აშშ-ში - განსხვავებული მოსაზრებები ვიზიტის მიზანზე

* * *

სახელმწიფო მნიშვნელობის თარიღები პოლიტიკაში - 26 მაისის აქციას ოპოზიციონერთა ნაწილიც აკრიტიკებს

“ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამოყენება მათთვის მიუღებელია და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი თარიღები არ უნდა იქცეს პოლიტიკური დაყოფის ინსტრუმენტად, რადგან ეს აზიანებს, როგორც პოლიტიკურ პროცესს, ისე საზოგადოებრივ კონსენსუსს. ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ ანალიტიკოსებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ოპოზიციის ალიანსი” ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება”. ამ ინფორმაციას კი მმართველ პარტიაში კრიტიკულად გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ “ოპოზიციას საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანა სურს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სახელმწიფო მნიშვნელობის თარიღები პოლიტიკაში - 26 მაისის აქციას ოპოზიციონერთა ნაწილიც აკრიტიკებს.

“გახარია - საქართველოსთვის” დეპუტატი ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ 26 მაისის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია. “ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრები და მათთან მუდმივად საუბარი, თუმცა საქართველოს ბედი და ჩვენი პოლიტიკური ვითარება უნდა წყდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის მიერ... რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ეროვნული დატვირთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა არის ზეპარტიული საკითხები და ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის, რა თქმა უნდა, დაუშვებელია... მნიშვნელოვანია, რომ რაღაც თარიღებზე არ იყოს ჩამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა” - განაცხადა ხვედელიანმა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ 26 მაისი აქციისთვის კარგი დროა, რადგან მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რის საფუძველზეც ოპოზიციამ ხალხის სიმრავლე უნდა აჩვენოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მგონია 26 მაისი კარგი დროა, რადგან მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, იგივე რეგიონებში შეხვედრები. ოპოზიციამ ხალხის სიმრავლე უნდა აჩვენოს, იმ ადამიანების, ვისთვისაც დღევანდელი ხელისუფლება მიუღებელია. გახარიას პარტიას თავისი რაღაც მიმართულება აქვს, რომ ერთის მხრივ ძირითად ოპოზიციას აკრიტიკებს და მეორეს მხრივ ხელისუფლებას, თითქოს იმის ჩვენება სურთ რომ სწორედ ისაა რეალური მესამე ძალა. ეს მათი პოზიცია შეიძლება ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამდეს, მაგრამ ამავე დროს ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ, ოპოზიციასაც, რაღაცნაირად ხომ უნდა გაამართლონ პარლამენტში შესვლა. შესაძლოა “ლელომაც” 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით იგივე პოზიცია დაიკავოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ის შეცდომას უშვებს, რადგან არსად არ ფიქსირდება. თუმცა არ გამოვრიცხავ რაღაც ზეწოლას ჰქონდეს ადგილი, ვიცით, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს მილიონი ლარის გირაო დაადეს”, - ამბობს ჩიტაძე. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია თარიღებით მანიპულირებს და ამით გამოჩნდა, რომ სუსტია”, - დასძენს გამოცემა.

“მეც მგონია, რომ ეს თარიღებით სარგებლობაა. რამდენიმე თარიღია - 9 აპრილი, 26 მაისი და ა.შ. როდესაც ხალხი თავისი ნებით გამოდის, ოპოზიცია იმდენად სუსტია, ხალხი ვერ გამოჰყავს, ამიტომ არსებულ თარიღებს აჯდება. კარგად არ მოიქცნენ, ეს იგივეა, როცა ადგილობრივი არჩევნების დღეს რომ რევოლუცია დანიშნეს. დაენიშნათ 27-28 მაისს, ხალხი გამოეყვანათ მაგ დღეებში რა პრობლემაა, თუ შეუძლიათ. 26 მაისს მაინც უამრავი ადამიანი გამოდის, მათ შორის ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეები, ნეიტრალური ადამიანები, რომლებიც არჩევნებშიც კი არ მონაწილეობენ. ეს ოპოზიციაზე კარგად არ მეტყველებს, ეს აღიარებითი ჩვენებაა, რომ მათ ხალხის გამოყვანა არ შეუძლიათ და ამიტომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან დღეს დანიშნეს აქცია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“არაა საჭირო თარიღებით მანიპულირება. ეს არაკეთილსინდისიერი პოლიტიკაა, “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეებსაც კი, მაგალითად მე, მიმაჩნია რომ კარგია რომ აქტიურობენ, ნებისმიერი სხვა თარიღი რომ ნეიტრალური დაენიშნათ ვიტყოდი, რომ ყოჩაღ, მაგრამ თავიანთ ღონისძიებას რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან თარიღს ასვამენ, ეს არასწორია. ამიტომ, ვფიქრობ უნდა დაფიქრდნენ, რადგან მომავალში ასე მაინც ნუ მოიქცევიან, წინ არჩევნებია და საჭიროა უფრო კორექტულები იყვნენ და პატივი სცენ, როგორც თავის ამომრჩევლებს, ისე იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს რეჟიმი მიუღებელია, მაგრამ მათთან არ არიან”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

ომბუდსმენის ანგარიში - ძალადობის ბრალდებები დაკავებულთა შემთხვევაში და გაღრმავებული სოციალური კრიზისი

“სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 573 პირიდან 302 მიუთითებს არასათანადო და დამამცირებელ მოპყრობაზე, ხოლო 194-ს დაზიანებები აღენიშნებოდა. დოკუმენტი პარალელურად ასახავს ქვეყნის სისტემურ გამოწვევებსაც - სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები და კვლავ მაღალი ფემიციდის მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატთან საუბრისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან “გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, არაერთი დაკავებული არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებდა”. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია აქციებზე დაკავებულ ადამიანებზე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „დღეის მდგომარეობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში, 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ომბუდსმენის ანგარიში - ძალადობის ბრალდებები დაკავებულთა შემთხვევაში და გაღრმავებული სოციალური კრიზისი.

“დოკუმენტში ხაზგასასმულია, რომ არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაკავებულები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხელბორკილის ზედმეტად მოჭერის, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზურგს უკან ხელბორკილდადებული ყოფნის ფაქტებზე. დაკავებულები იხსენებდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უხეში, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებსაც. გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, არაერთი დაკავებული მიუთითებდა არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაზე. აპარატში წარმოდგენილი ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 10 დაკავებულის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაწყებულა 7 დაკავებულის შემთხვევაში”, - ნათქვამია ანგარიშში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2025 წლის მონაცემებით, “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა. “სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას... 2025 წელს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 307 607 პირს. აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა 463 122 მთელი ქვეყნის მასშტაბით.... სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი. ამის გამო, ქვეყანაში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან”,- წერია ანგარიშში. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ომბუდსმენი ამახვილებს ყურადღებას არის გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობები”, - განაგრძობს გამოცემა.

“გენდერული თანასწორობის ჭრილში საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების - ფემიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება. 2025 წელს გამოვლენილი 12 ქალის მკვლელობის ფაქტიდან, 10 ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან 9 ოჯახის წევრმა ჩაიდინა. საერთო სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 5 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა 8 შემთხვევაში. სამწუხაროდ, 2025 წელსაც ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა”, - ნათქვამია ანგარიშში”, - დასძენს გამოცემა.

რისთვის მიემგზავრება “ოპოზიციური ალიანსი” აშშ-ში - განსხვავებული მოსაზრებები ვიზიტის მიზანზე

“ოპოზიციური ალიანსი” ამერიკულ ვოიაჟს აანონსებს, აღნიშნავენ, რომ ვიზიტის მიზანი აშშ-ს ადმინისტრაციისთვის იმ გეგმის წარდგენაა, რითაც ხელსისუფლების შეცვლას შეძლებენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციონერები მხარდაჭერას ქვეყნის გართ ეძებენ. მაშინ როცა, ქვეყანაში ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. სავარაუდოდ, ვიზიტი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში შედგება. ფედერალისტების დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, იგეგმება ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამდე ევროპაში იქნება ვიზიტი ალიანსის სახელით. “ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით - წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში”, - თქვა ჩერგოლეიშვილმა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ “ოპოზიციური ალიანსის” წევრები აშშ-ში პარტიები მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რისთვის მიემგზავრება “ოპოზიციური ალიანსი” აშშ-ში - განსხვავებული მოსაზრებები ვიზიტის მიზანზე.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ შანსები მართლაც არის, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ოპოზიციას კონგრესში მხარდამჭერებიც ჰყავს. “ვფიქრობ, აქვს შანსები ოპოზიციას რომ გაიმართოს კონსტრუქციული დიალოგი პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციასთან, კონგრესში, მით უმეტეს, რომ ოპოზიციას ჰყავს მხარდამჭერები, მაგალითად, ვილსონი, შაჰინი, რომლებიც მხარს უჭერენ ოპოზიციას და საერთო ჯამში მხარს უჭერენ საქართველოს. ვნახოთ, დავაკვირდეთ, იმედია, საინტერესო იქნება ვიზიტი, მით უმეტეს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია მიემგზავრება, წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ესეც ნიშანი იქნება ამერიკისთვის, რომ საქართველოში პროდასავლური ოპოზიცია გაერთიანდა და შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით ერთიანი ფრონტით იბრძოლონ”, - თვლის ჩიტაძე. განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომლის აზრით, ოპოზიციას ნულოვანი შანსი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ტრამპის ადმინისტრაცია ნამდვილად არ არის ახალი, უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ქართული ოპოზიციის შანსები კი ისეთივეა, როგორიც მანამდე ჰქონდათ, ძირითადად ისინი შემოიფარგლებიან , როგორც ხდება ხოლმე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანაშემწეებთან ან მრჩევლებთან შეხვედრით, კონგრესში კი ჩვეულ ლობისტებთან შეხვედრით, შედეგი კვლავ ნულოვანი იქნება. აშკარად ხედავენ, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს მათივე ქმედებებიდან გამომდინარე, ისე ტრაგიკომიკური სპეკულაციებიც, თუ რატომ დაურეკა რუბიომ კობახიძეს, მეტყველებს თუ რა დაკნინებულ დღეში არიან ისინი... იმიჯის რეაბილიტაცია ვერანაირად მოხდება, ეს უწინარესად უკავშირდება სახის შენარჩუნებას და ხილვადობის წარმოჩენას მასმედიაში, იყო 2024 წლის და 2025 წლის საარჩევნო კამპანიები, რა უშლიდა ხელს ოპოზიციას რომ სოფელ-სოფელ, ქალაქ -ქალაქ ევლო, საუბრობდნენ, მეგაგეოპოლიტიკურ პროექტებზე სინამდვილეში კიდევ უფრო დაშორდნენ ამომრჩევლებს” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა