არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მიუსაფარი ცხოველების კონტროლი ჰუმანური მეთოდებით უნდა განხორციელდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აზრით, უნდა გაუქმდეს ცხოველების უკან დაბრუნების ამკრძალავი გამონაკლისები, ასევე არაჰუმანური მეთოდებით სხვა ქალაქებში გადაყვანის ნაცვლად, ცხოველთა ვაქცინაცია ადგილობრივად უნდა განახორციელონ სამსახურებმა, ისე როგორც ეს პრაქტიკაში ხორციელდებოდა.
„მიუსაფარი ცხოველების პრობლემა საქართველოში წლების განმავლობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ და სამართლებრივ გამოწვევად რჩება. მიუხედავად სხვადასხვა ღონისძიებისა, პრობლემის არსებითი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია. მიუსაფარი ცხოველების ჭარბი რაოდენობის შემცირება სტერილიზაციისა/კასტრაციის და ვაქცინაციის გზით საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ და ეფექტიან მიდგომად მიიჩნევა.
ამ ფონზე, მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკა საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან ასეთი მიდგომა არაჰუმანურია და ამავდროულად წინააღმდეგობაშია ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებთან, არ შეესაბამება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნულ კანონმდებლობას.
რას გულისხმობს მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის პროგრამა და რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი განკარგულება?
ცხოველების უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედებს კანონი ”შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ”, რომელიც 2025 წელს იქნა მიღებული. აღნიშნული კანონისა და მთავრობის 2025 წლის განკარგულების შესაბამისად განისაზღვრა უპატრონო, მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. 2025 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ევალებოდა 9 000 მიუსაფარი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა, სტერილიზაცია/კასტრაცია და გარემოში დაბრუნება. როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აღნიშნავენ, ბევრი გადაყვანილი ცხოველი გაუჩინარდა. სააგენტოს, ასევე ხშირად თავშესაფარში გადაჰყავდა უკვე სტერილიზებული/კასტრირებული ცხოველებიც.
2026 წლის თებერვალში მთავრობამ დაამტკიცა ძაღლების ჰიპერპოპულარიზაციის მართვის 2026 წლის პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელებაში სააგენტოსთან ერთად ჩართულია მუნიციპალიტეტების ორგანოებიც. ამ განკარგულების თანახმად, ვაქცინაციის, სტერილიზაციის და სხვადასხვა დაავადებაზე საჭიროების შემთხვევაში ტესტირების ჩატარების მიზნით, სააგენტო, სავარაუდოდ, 36 116 უპატრონო/მიკედლებული ძაღლების დაჭერას გეგმავს. პროცედურების ჩატარების შემდეგ სააგენტომ ძაღლები უკან, გარემოში უნდა დააბრუნოს. თუმცა აქვე გამონაკლისი განისაზღვრა, რომლის თანახმად, აკრძალულია ძაღლის სკოლებთან, ბაღებთან, კლინიკებთან, საკვებ ობიექტებთან, ბაზრებთან, მოედნებთან დაბრუნება.
ცხოველთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ ძაღლები მიჰყავთ და უკან არ აბრუნებენ. მათ აქვთ ეჭვი, რომ გადაყვანილ ძაღლებს ან დაუსახლებელ ადგილებში ტოვებენ ან აძინებენ. დაბრუნების ლოკაციის შეცვლა მაღალი ალბათობით გულისხმობს ცხოველების მიუჩვეველ ან დაუსახლებელ ადგილებში გაყვანას, რაც თავის მხრივ, დიდი ალბათობით, მათ დაღუპვას ნიშნავს.
მაგალითად, აქტივისტი სალომე ფარცვანია აღნიშნავს, რომ ზუგდიდიდან წაყვანილი ძაღლები იყვნენ მოხალისეების ზრუნვის ქვეშ, ამავე დროს გასტერულებული და საჭდიანები, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მოხდა მათი წაყვანა. როგორც მას განუმარტეს, ძაღლები ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში მიყავდათ, საიდანაც ერთ კვირაში ან შეიძლება ერთ თვეში დააბრუნონ, მაგრამ ”სადაც ბევრი ხალხია, იქ არა, ბუნებაში გავუშვებთო”. ასევე, საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან აშკარად ჩანს, უკვე საჭდედადებული (აცრილიც და სტერილიზებულიც/კასტრირებულიც) ძაღლების იძულებითი გადაყვანა. პირველ აპრილს წაყვანილი ძაღლების მხოლოდ ნაწილი დააბრუნეს .
წლების განმავლობაში მოუგვარებელია ცხოველთა თავშესაფრების საკითხიც. მაგალითად, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარზე ბათუმის მერია მეექვსე წელია საუბრობს, რამდენჯერმე ტენდერიც გამოაცხადეს, მაგრამ შეწყვიტეს. მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის პროექტი იმ პროექტებს შორის იყო, რომელთა დაწყებაც აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ 2020 წლის ოქტომბერში დაანონსა, მაგრამ თავშესაფარი დღემდე არ არის აშენებული - ბათუმში 2026 წლის იანვარში მშენებლობის დაწყებიდან მალევე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ”აღმოაჩინა“, რომ საპროექტო ტერიტორიის გრუნტი ჩაქვში მშენებლობისთვის, სავარაუდოდ, უვარგისია. თავშესაფრის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებსაც კი. დაუშვებელია ცხოველისთვის ზედმეტი ფიზიკური ან სულიერი ტკივილის მიყენება. ამავე დებულებით, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განხორციელდება ტკივილისა და ტანჯვის გარეშე, ხოლო მათი დაჭერისას ფიზიკური და გონებრივი ტანჯვა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
მიუსაფარი ცხოველების კონტროლი უნდა განხორციელდეს ჰუმანური მეთოდებით. შინაურ ცხოველთა უფლებების დაცვის კონვენციის მიზანია, რომ სახელმწიფოებმა გამოიყენონ ისეთი ზომები, რომლებიც არ იწვევს ცხოველთა არასაჭირო ტანჯვას და უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობას.
ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო „მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის შესახებ” რეკომენდაციას უწევს CNVR მეთოდს (დაჭერა-სტერილიზაცია-ვაქცინაცია-დაბრუნება). დოკუმენტის თანახმად: ცხოველების სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა არ არის რეკომენდებული; ტერიტორიის შეცვლა იწვევს სტრესს, კონფლიქტს და სიკვდილიანობას; ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ცხოველების იმავე ტერიტორიაზე დაბრუნება.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონის მიზანია შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა. ამავე კანონის თანახმად, ცხოველის კეთილდღეობა მათ შორის გულისხმობს კვებასა და წყალზე ხელმისაწვდომობას; დაავადების პრევენციას; ტკივილისა და ტანჯვისგან დაცვას. ცხოველის სხვა გარემოში გადაყვანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი აღნიშნული პირობები, დანაწესის დარღვევას გამოიწვევს.
უფრო მეტიც, “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, მე-19 მუხლის თანახმად დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა, მათ შორის ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ტანჯვას. ცხოველის მისი ბუნებრივი გარემოდან მოწყვეტამ, რაც იწვევს სტრესს, საკვების არქონას და კონფლიქტს სხვა ცხოველებთან, შეიძლება შეფასდეს კანონის დარღვევად, რაც ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, #412 განკარგულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი კანონით უკვე არსებულზე მეტ შეზღუდვას ითვალისწინებს მიკედლებულ ძაღლებთან დაკავშირებით. მაგალითად, კანონი “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კრძალავს მიკედლებას მხოლოდ კონკრეტულ დაწესებულებებში/შენობებში (სკოლები, ბაღები, კლინიკები, მეტრო). განკარგულება კი ამ ჩამონათვალს აფართოებს და მოიცავს ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროებთან არსებულ ტერიტორიას, ამასთან, არ არის განსაზღვრული: რა რადიუსში ვრცელდება აკრძალვა; რა კრიტერიუმით ხდება ტერიტორიის შეფასება და ა.შ. ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერი არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და კანონთან წინააღმდეგობაშია. ასევე, ეს ქმნის ცუდ პრეცედენტს კანონქვემდებარე აქტით კანონზე მკაცრი შეზღუდვების დასაწესებლად.
ამასთან ერთად, გაუმართლებელია ასევე უკვე გასტერილებული, აცრილი და ნიშნიანი ცხოველების ადგილიდან გადაყვანა, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ პოპულაციის ზრდის საფრთხეს, აქვთ განსაზღვრული ადგილსამყოფელი და მათი გადაყვანა ზრდის სიკვდილიანობის რისკს.
არაჰუმანური მეთოდის გამოყენება ვერ მოაგვარებს ჰიპერპოპულაციის საკითხს, რადგან ტერიტორიაზე კვლავ გამოჩნდებიან ადამიანებისგან მიტოვებული ახალი ცხოველები. პრობლემის სისტემური გადაწყვეტა მოითხოვს პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლს, სტერილიზაციის/კასტრაციის პროგრამების გაფართოებასა და პრევენციულ პოლიტიკას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
ცხოველების უკან დაბრუნების ამკრძალავი გამონაკლისები (142-ე განკარგულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ) უნდა გაუქმდეს;
არაჰუმანური მეთოდებით სხვა ქალაქებში გადაყვანის ნაცვლად, ცხოველთა ვაქცინაცია ადგილობრივად უნდა განახორციელონ სამსახურებმა, ისე როგორც ეს პრაქტიკაში ხორციელდებოდა;
შესაბამისმა ორგანოებმა მიმკედლებლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ცხოველის დაჭერის ფაქტისა და მიზეზის შესახებ, ასევე ინფორმაცია ცხოველის ადგილსამყოფელისა და დაბრუნების ვადის თაობაზე“, - აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.