ადვოკატი - ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით მივმართავთ პროკურორს და მოთხოვნა გვექნება, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებითა და პირობითი მსჯავრით დასრულდეს

ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით მივმართავთ პროკურორს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და მოთხოვნა გვექნება, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებითა და პირობითი მსჯავრით დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის ბრალდებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.

როგორც, ადვოკატმა განაცხადა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, პროკურორს, 8 აპრილამდე [8 აპრილს პროკურორი სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს] მიმართავენ.

„ვინაიდან, 8 აპრილს პროკურორი დასკვნით სიტყვას იტყვის, მანამდე ჩვენ, ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით მივმართავთ პროკურორს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ალბათ, მოთხოვნა გვექნება პირობით მსჯავრზე. ზიანის ანაზღაურებას რაც შეეხება, კონსულტაციას გავლილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, თუმცა როგორც სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა, უშუალოდ ღუდუშაურის მხრიდან რაიმე ზიანი არ არის მიყენებული.

პატიმრობას, სჯობია ადამიანს პირობითი მსჯავრი ჰქონდეს, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებითა და პირობითი მსჯავრით დასრულდეს",- განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა