ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებით. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი - ყოველთვის მზად ვართ, სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტ, პეტერ პელეგრინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „[ევროკავშირთან] მოლაპარაკება საქართველოს არ შეუჩერებია“.
„ჩვენ ევროკავშირთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. ამ საერთო ღირებულებებს დიდ პატივს ვცემთ ორივე ქვეყანა. ევროკავშირი რომ შეიქმნა, ეს იდეა იყო სამშვიდობო იდეა, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე.
ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებით. საქართველო ერთგულია ამ ღირებულებების. ჩვენთვის სამაგალითოა ქვეყანა, სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს და ჩვენი ხალხიც იმედიანად შესცქერის სლოვაკეთის პოზიციონირებას ევროკავშირში. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა უნდა იყოს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება. ახლაც აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, სამართლიანი მოლაპარაკებისთვის, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია, ამ ეტაპისთვის, განსხვავებულად იქცევა, თუმცა იმედს გვაძლევენ ის ქვეყნები, მცირე ჩამონათვალია, თუმცა სლოვაკეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ეს პრინციპები გააჩნია და მუდმივად მხარდაჭერა აქვს საქართველოს მათი მხრიდან.
ამ დიალოგში გვქონდა შესაძლებლობა, რომ აგვეხსნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თუ როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა საქართველოზე, რათა ჩართულიყო ამ პროცესებში, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაეგზავნა, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას, რასაც პრინციპულად დაუდგა ჩვენი ხალხი და ხელისუფლება, ეს შედეგშიც აისახა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. მგონი, ევროპელმა, სლოვაკმა ხალხმა, ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ შედეგით. კიდევ უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო ამ სამშვიდობო პოლიტიკის, ამ პრინციპების ერთგული, რომელსაც სლოვაკეთიც და საქართველოც აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა და იქნებოდა აბსოლუტურად სხვა შედეგი. ამ ომის შედეგებს ვხედავთ როგორი საზარელია, გრძელდება ეს პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ეს უნდა შეჩერდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციას სამშვიდობო მიმართულებით, რადგან ვხედავთ, რომ ამას მოაქვს შედეგი. ჯერჯერობით, ცოტანი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამრავლდება იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც ამ პრინციპებს დაიცავს, იმიტომ, რომ სამყარო არ არის ესე მარტივად მოწყობილი.
ყველაფრისთვის, თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ განვახორციელოთ. ყველაზე მთავარი არის ჩვენ ვემსახურებით ჩვენ ხალხს. ამ პრინციპულ პოზიციაზე, ჩვენ დაგვიდგა ჩვენი მოსახლეობა, შედეგშიც აისახა ეს, რომ პარალელურ რეჟიმში ჩვენ ავიცილეთ ომი და დავამყარეთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ასევე განვავითარეთ ეკონომიკა, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ეს პროცესი გრძელდება და ამ მიმართულებითაც დიდ ინტერესს გამოვთქვათ სხვა ქვეყნების მიმართ, რომ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს ჩვენი რეგიონის მიმართ.
ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, მუდმივად აღვნიშნავთ, რომ როცა ეს პროცესი დაიწყო, ჯერ კიდევ საომარი ვითარება იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ ამ რეგიონში მშვიდობა დამყარებულიყო და შესაძლებლობებიც ძალიან ნიშანდობლივი და ნათელია ყველასთვის. ეს სამი ქვეყანაც და რეგიონის ქვეყნებიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონი გახდეს მსოფლიოში. ამ გზას ვადგავართ. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრე ჩემს კოლეგასთან. ჩვენი მთავრობები უფრო მჭიდროდ დაიწყებენ თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ჩვენი მეგობრული და თბილი ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, საზოგადოებებსაც და ხალხებს შორისაც უფრო გაღრმავდება და, რა თქმა უნდა, საქმიან პროცესშიც უფრო მჭიდრო და განვითარებადი გახდება. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო სლოვაკ ხალხს, პრეზიდენტს, გულთბილი მასპინძლობისთვის და ვეპატიჟები საქართველოში, ჩვენს ძალიან კარგ და ლამაზ ქვეყანაში. იმედია, ეს დიალოგი უკვე საქართველოში გაგრძელდება“,- განაცხადა ყაველაშვილმა.