პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად, მინიმალური ხელფასის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივას ამზადებს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შარაშიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა „ჩააგდო“ ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 1 050 ლარის ოდენობით მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითვალისწინებდა.
როგორც შარაშიძე აღნიშნავს, „თუ „ოცნება“კომისიის შექმნასაც არ დაუჭერს მხარს, დადასტურდება, რომ მათ რეალურად არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და გაზრდილი ეკონომიკა მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის და გამდიდრებისთვის უნდათ“.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ ჩვენი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1 050 ლარზე მეტი, საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იაფი მუშა ხელი საქართველოში და არავის მიეცემა იმის უფლება, ექსპლუატაცია გაუწიოს ადამიანებს და ამუშაოს შეუსაბამოდ დაბალ ანაზღაურებაზე, იმის გამო, რომ მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი და ალტერნატივა არ აქვთ და იძულებულნი ხდებიან დათანხმდნენ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობას.
სამწუხაროდ, გუშინ „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ჩვენს ამ ინიციატივას და მეტიც, სასესიო დარბაზში ამ თემის განხილვას გაღიზიანება და წამოძახილები მოჰყვა.
ამით „ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეები გაწირა სიღარიბისთვის და სოციალური უთანასწორობისთვის. „ოცნების“ მთავარი არგუმენტი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იყო ის, რომ თითქოს წარდგენილი კანონპროექტი არ იყო საკმარისად შესწავლილი, არგუმენტირებული და განხილული.
აქედან გამომდინარე, უკვე დღეს, ჩვენი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად ვამზადებთ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივას და მოვუწოდებთ „ოცნებას“ მხარი დაუჭირონ ამ კომისიის შექმნას.
რადგან „ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენს კანონპროექტს თურმე საკმარისი არგუმენტაცია აკლდა და განხილვები არ ყოფილა, კომისიის შექმნა მოგვცემს საშუალებას, ერთად განვიხილოთ და დავადგინოთ, რამდენი უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს მინიმალური ხელფასი საქართველოში დღევანდელი მაღალი ფასების, ინფლაციისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
თუ „ოცნება“ ამ კომისიის შექმნასაც არ დაუჭერს მხარს, დადასტურდება, რომ ის უბრალოდ იტყუება საკუთარ არგუმენტაციებში, რომ მათ რეალურად არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და გაზრდილი ეკონომიკა მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის და გამდიდრებისთვის უნდათ, ხელფასებისა და პენსიების ზრდის პოლიტიკური ნება კი მათ არ გააჩნიათ.
ჩვენი პოლიტიკური ძალა - პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ამომრჩეველს ჰპირდება, რომ არ შევწყვეტთ ბრძოლას ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრებისთვის, მათთვის ღირსეული ხელფასის, ღირსეული პენსიის უზრუნველყოფისთვის. თუ „ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო შედეგს ვერ მივაღწევთ როგორც ოპოზიციური პარტია, 2028 წელს, „ოცნების“ დამარცხების და მათი ოპოზიციაში გადაყვანის შემდეგ, ჩვენ მიერ კანონით დაწესდება სახელფასო ზღვარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას და საკუთარი შრომით ღირსეული ანაზღაურების გამომუშავების საშუალებას მისცემს“,- განაცხადა შარაშიძემ.