მიგვაჩნია, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის განხორციელება - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და დიალოგი ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არის სწორი ჩარჩო და სამოქმედო გეგმა - ჩვენი პარტნიორებიც ზუსტად იგივეს ამბობენ, - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეკომენდაციებს.
მისი თქმით, „ლელომ“ რამდენიმე კვირის წინ სწორედ ამ ტიპის განცხადება გააკეთა.
„დიალოგის სულისკვეთება, რაზეც „ლელო - ძლიერი საქართველო“ საუბრობდა, როდესაც ამბობდა, რომ სწორად მივიჩნევთ „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების გათვალისწინებას და ამ პროცესის კვალდაკვალ ვითარების დეესკალაციისთვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისთვის სწორი ტიპის პოლიტიკური დიალოგი უნდა მოხდეს - სწორედ ამ სულისკვეთებას ვუყურებთ ახლა ევროსაბჭოს ახალ ანგარიშშიც. იგივე მოვისმინეთ ვაშინგტონიდან, როდესაც „ჰელსინკის კომისიამ“ ამერიკის ადმინისტრაციას მკაფიოდ მოუწოდა, რომ ან „მოსკოვის მექანიზმის“ განხორციელების ირგვლივ წარმოებულიყო კონკრეტული პოლიტიკური პროცესი ან რეჟიმი დაესანქცირებინა. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ჩარჩო და მოწოდება არის სწორი. რამდენიმე კვირის წინ სწორედ ამ ტიპის დოქტრინული განცხადება გააკეთა „ლელომ“.
ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის განხორციელება - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და დიალოგი ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არის სწორი ჩარჩო და სამოქმედო გეგმა. როგორც ვხედავთ, ჩვენი პარტნიორებიც ზუსტად იგივეს ამბობენ“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო.
ანგარიშის თანახმად, ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „სასწრაფოდ განაახლონ პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, პოლარიზაციის შესამცირებლად და პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის აღსადგენად; განახორციელონ კონგრესის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რათა აღადგინონ ნამდვილი ადგილობრივი დემოკრატია ქარტიის შესაბამისად“.