გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მხარეებს მოუწოდებს, „სიკვდილისა და ნგრევის სპირალი“ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.
„ომო გრძელდება, იზრდება ადამიანური ტანჯვა და განადგურება, იზრდება განურჩეველი თავდასხმები და იზრდება საფრთხეები ჩვენი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა გუტერეშმა.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ახლო აღმოსავლეთში თავის პირად წარმომადგენელს, ჟან არნოს აგზავნის, რათა მან ხელი შეუწყოს მიმდინარე სამშვიდობო ინიციატივებს.
„სიკვდილისა და ნგრევის სპირალი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერა.
მისივე თქმით, კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა მტკიცედ უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო სამართალსა და გაეროს ქარტიაზე.
გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ დროა, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ომი შეწყვიტონ, ირანმა კი მეზობელ სახელმწიფოებზე თავდასხმა შეაჩეროს.
„მივმართავ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს : დროა, შეწყდეს ომი, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას და დამანგრეველ ეკონომიკურ შედეგებს იწვევს. ირანმა მეზობლებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს“, - აღნიშნა გუტერეშმა.
მისი თქმით, კონფლიქტები მთავრდება მაშინ, როცა ლიდერები დესტრუქციის ნაცვლად დიალოგს ირჩევენ.
„კონფლიქტები მთავრდება, როდესაც ლიდერები დესტრუქციის ნაცვლად დიალოგს ირჩევენ. ეს არჩევანი ჯერ კიდევ არსებობს და ის ახლავე უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა გუტერეშმა.