მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დევნის, შესაძლო წამებისა და სხვა არაადამიანური აქტების შესახებ სიგნალის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი ზღვარი მიღწეული იქნება, რის დადასტურებაც მე ვერ შევძელი მისიის განმავლობაში - მაშინ არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰქონდეს იურისდიქცია ადამიანის უფლებათა ხსენებულ დარღვევებზე. ცხადია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების ინიცირება ძალიან რთული პროცესია, - ამის შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელმა, საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციის გაცემისას, მისი მიზანი „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.
„საქართველო რომის სტატუსის მონაწილეა და მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დევნის, შესაძლო წამებისა და სხვა არაადამიანური აქტების შესახებ სიგნალის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი ზღვარი მიღწეული იქნება, რის დადასტურებაც მე ვერ შევძელი მისიის განმავლობაში - მაშინ არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰქონდეს იურისდიქცია ადამიანის უფლებათა ხსენებულ დარღვევებზე. ცხადია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების ინიცირება ძალიან რთული პროცესია, ის მოქმედებს კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ თუ საქართველოს არ შეუძლია, არ სურს, ან პასიურია კონკრეტული ბრალდებების გამოძიება, მაშინ საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ანგარიშში მე ასევე მივუთითე საქართველოში დაუსჯელობის პრობლემაზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა არ შეიძლება გამოირიცხოს.
მე არ მაქვს ინფორმაცია 2024 წლიდან საქართველოში სიტუაციის შესწავლის ინიცირების შესახებ. მიუხედავად ამისა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი დარღვევის მსხვერპლებმა ინდივიდუალურად მიმართეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პორტალის მეშვეობით.
ჩემი რეკომენდაცია ფრთხილად იყო ფორმულირებული და მხოლოდ აღნიშნავს, რომ მონაწილე სახელმწიფოებს „შეუძლიათ განიხილონ“, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდა გადაამოწმონ, აკმაყოფილებს თუ არა საქმე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციის ყველა მოთხოვნას. ჩემი მისიის განმავლობაში ვერ გავაკეთე მტკიცე დასკვნა ამ საკითხზე, მე მხოლოდ მივუთითე შესაძლო გზაზე, საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების გათვალისწინებით.
არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. ჩემი მიზანი იყო მისიის შესრულება და სხვადასხვა შესაძლო გზის ჩვენება, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ ზოგიერთი საკითხი საკმარისად სერიოზულია შესაბამისი პროცედურების დასაწყებად“, - განაცხადა „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელმა.
გარდა ამისა, ინტერვიუში ექსპერტმა აღნიშნა, რომ პირადად მან „მისიის დროს, საქართველოს ძალიან კონსტრუქციული და თანამშრომლობითი მიდგომის გათვალისწინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებიდან გამომდინარე, რეკომენდაციების შესრულების ნიშნები დაინახა“.
„შესაძლო გზები ნახსენებია ანგარიშისთვის დართულ რეკომენდაციებში. ამავდროულად, მისიის დროს, საქართველოს ძალიან კონსტრუქციული და თანამშრომლობითი მიდგომის გათვალისწინებით, ვიმედოვნებ, რომ ანგარიშში გამოთქმული შეშფოთების ნაწილი მაინც გადაიჭრება და მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრის ზოგიერთი განცხადება სწორედ ამ მიმართულებებით წავიდა.
რეკომენდაციების უმეტესობის იმპლემენტაცია ძირითადად საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა. ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, უნდა გავმიჯნოთ მკაცრი პოლიტიკური რიტორიკა და საქართველოს მთავრობის რეალური მცდელობები აშკარა პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შენიშნა საპოლიციო ძალების წარმომადგენლების იდენტიფიცირების ნაკლებობის პრობლემა და განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ყველა წარმომადგენლის იდენტიფიცირება, ვინც მონაწილეობს აქციის დაშლაში, მარტივი იქნება. პროგრესი შესაძლებელია,“ - განაცხადა ექსპერტმა.
„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.