„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს

შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ - საქართველოში არსებული სიტუაციის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის რეკომენდებით, არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. ჩემი მიზანი იყო მისიის შესრულება და სხვადასხვა შესაძლო გზის ჩვენება, - ამის შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელმა, საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა, პატრიცია გრჟებიკმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გრჟებიკმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ არაერთ კრიტიკულ განცხადებას უპასუხა და რამდენჯერმე მკაფიოდ განაცხადა, რომ მომხსენებლად დანიშვნისა და მისიის შესრულების პროცესში არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არ მოუღია, ანგარიში კი ეუთოსთვის მოამზადა და არა პოლონეთის [პატრიცია გრჟებიკი წარმოშობით პოლონეთიდანაა] ხელისუფლებისთვის.

ექსპერტმა გულწრფელად აღიარა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ მისიის შესასრულებლად განსაზღვრული 14 დღე „ძალიან შეზღუდული დროა“, ამიტომ, როგორც განმარტა, „მოცულობითი სამუშაოს ჯეროვნად შესრულებისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობის დაწყება დილით ადრე, 05:00 საათზე უწევდა“.

როგორ აფასებს საქართველოში ჩატარებულ სამუშაოს და როგორ აღიქვამს კრიტიკას მათ შორის რეკომენდაციების მიმართ, ვრცლად ინტერვიუში....

- „ადამიანური განზომილების სფეროს მექანიზმის“ ფარგლებში არსებული ექსპერტთა სია საკმაოდ ვრცელია, მასში 18 ქვეყნის ათეულობით პირია წარმოდგენილი, თუმცა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად მანდატი თქვენ მოგენიჭათ. რა პროცედურებითა და რა კრიტერიუმებით მოხდა თქვენი შერჩევა საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი ანგარიშის მოსამზადებლად?

- როგორც ექსპერტი, მე არ ვმონაწილეობდი მომხსენებლის პოზიციაზე ჩემი შესაფერისობის შეფასების პროცესში. „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა სიაში ვარ ჩემი სამართლებრივი და აკადემიური წარსულიდან გამომდინარე. არ შემიძლია მომხსენებლის პოზიციაზე ჩემი დანიშვნის უკან მდგარ მოტივებზე კომენტარის გაკეთება, რადგან დანიშვნის პროცესში ჩართული არ ვყოფილვარ. იმის შესახებ, რომ ამ პოზიციაზე დავინიშნე ელექტრონული ფოსტით მეცნობა ეუთო/ოდირის დირექტორის, მარია ტელალიანის მიერ 2026 წლის 3 თებერვალს, რომელშიც ჩემი მანდატის არეალი იყო განსაზღვრული. სხვა დამატებითი ინსტრუქცია არავისგან არ მიმიღია, არც სახელმწიფოსგან, არც ეუთოსგან.

- როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ფაქტების დამდგენ მისიაში ერთი ექსპერტის არჩევის შესაძლებლობა, რაზეც უარი განაცხადა. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ ეს თქვენ მიმართ ნდობის გამოცხადებად აღიქვით. ახლა, როდესაც აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია ცნობილია, რომ „ექსპერტის არჩევას აზრი არ ჰქონდა, რადგან ცნობილი იყო ამ პროცესის საწყისი“, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას და რამდენად ჩანდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ექსპერტული მუშაობის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება?

- 13 თებერვალს ჩემთვის გამოგზავნილ წერილში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და ხაზი გაუსვა „მკაცრი ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, ასევე სათანადო და გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობის საჭიროებას“. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მთელი ვიზიტი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის უმაღლესი თანამდებობის პირებს. ასევე, მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩემი აზრით, შეხვედრები კონსტრუქციული იყო, მქონდა კითხვების დასმის შესაძლებლობა, მივიღე პასუხები და ქვეყნის დატოვების შემდეგაც კი მივიღე დამაზუსტებელი პასუხები. ვეცადე, სახელმწიფოს პოზიცია ანგარიშში წარმომედგინა. შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ. ასევე, ჩემი აზრით, ანგარიშში ფაქტები წარმოდგენილია სამართლიანად, სხვადასხვა ჩართული პირის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებით. არც ერთი შეხვედრის დროს მე არ მიგრძნია სკეპტიკური დამოკიდებულება, არამედ თანამშრომლობის სულისკვეთება და საქართველოში არსებული სიტუაციის გარკვევის სურვილი.

- „პოლონეთი იყო „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების მთავარი ინიციატორი და კოორდინატორი, რომელმაც განზრახ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ მისი ექსპერტი ყოფილი მომხსენებლად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც თქვენი ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენა და დასტურად შემდეგი არგუმენტები, წარმოადგინა: „აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან, არის პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, შარშან გაეროში დაყენებული იყო კანდიდატურად პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან. არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, სტიპენდიებს იღებდა.“ გარდა შალვა პაპუაშვილის პოზიციისა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „თქვენ დამალეთ ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან თქვენ უშუალო კავშირში გამოიხატებოდა“. რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ თქვენ მიმართ არსებული კრიტიკა და რას უპასუხებთ მას?

- მე არ ვყოფილვარ დანიშნული პოლონეთის მიერ, არამედ ვიყავი დანიშნული ეუთოს მიერ და შევასრულე სწორედ ეუთოს მომხსენებლის მოვალეობა. ჩემთვის ცნობილი არ არის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიცირების მიზნით სახელმწიფოთა კოალიციების შექმნის პროცესი, შესაბამისად, არ ვიცი, რა სახის იყო პოლონეთის უშუალო ჩართულობა. მე უნდა შემესრულებინა მისია, რომელიც მოითხოვდა ჩემს სამართლებრივ ცოდნას და ნებისმიერი სახის პოლიტიკური მოტივაცია არარელევანტური იყო ჩემი მისიისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ არ ვარ პოლონეთის ხელისუფლების მიერ დასაქმებული. ვარ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. ექსპერტად ყოფნისას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ წარსულში მთხოვა ექსპერტის მოსაზრებები. მართლაც, მე ვიყავი პოლონეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წამების საწინააღმდეგო კომიტეტში, მაგრამ როგორც CAT-ის წევრობის აღწერაში შეიძლება წაიკითხოთ, წევრები (შესაბამისად, კანდიდატებიც) დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. მე არ ვარ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, მხოლოდ ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული მრჩევლების საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება.

ყველა ჩემი ფუნქცია, რომელიც მე შევასრულე როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა და რომლებიც აღნიშნულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ჩემი აზრით, მხოლოდ ამტკიცებს, რომ მე მაქვს საჭირო კვალიფიკაცია. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოები, სადაც მე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ვარ, გამოყენებულია ჩემი დისკრედიტირებისთვის, თუმცა ყველა საერთაშორისო იურისტისთვის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობა, დიდ პროფესიულ მიღწევად ითვლება, შესაბამისად, არ მესმის რანაირად შეიძლება ჩემს პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებული ეს ან სხვა ფაქტები ინტერპრეტირებული იქნას როგორც ინტერესთა კონფლიქტი. ჩემი ერთადერთი ინტერესი იყო მისიის შესრულება. მე არ მქონია სხვა დღის წესრიგი და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ ვყოფილვარ დანიშნული პოლონეთის მიერ, არამედ ვიყავი დანიშნული ეუთოს მიერ, შესაბამისად ანგარიში მოვამზადე ეუთოსა და არა პოლონეთისთვის.

- მმართველი პარტია აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზეც, რომ თქვენ მოცულობითი ანგარიში ძალიან შემჭიდროებულ ვადაში მოამზადეთ, რაც მათთვის დამატებითი კითხვების საფუძველს ქმნის. აქვე აცხადებენ, რომ დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. აქედან გამომდინარე, იქნებ აღწეროთ თქვენი მისიის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო პროცესი, ასევე, კონკრეტულად რა მოცულობის მასალას დაეყრდნო თქვენი ანგარიში? ვიცით, რომ უშუალოდ საქართველოში 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდით...

- 14-დღიანი სამუშაო პერიოდი „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ არის განსაზღვრული, რის შესახებაც საქართველო სრულად იყო ინფორმირებული. ვაღიარებ, რომ ეს უკიდურესად მოკლე დროა. როგორც კი მეცნობა (3 თებერვალს), რომ მე ვიყავი დანიშნული მომხსენებლად, დავიწყე ყველა რელევანტური ანგარიშის მოძიება და კითხვა (საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, ვენის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს მიერ წარდგენილი წარდგენა), მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩემი მისია ოფიციალურად დაიწყო და მე ეუთო/ოდირის მიერ მეცნობა, რომ საქართველოს მეორე ექსპერტის დანიშვნისთვის განკუთვნილი დრო ამოეწურა, 11 თებერვალს მე შევძელი დამეწყო საქართველოში დაინტერესებულ პირებთან კონტაქტი. პირველი წერილი გავუგზავნე ეუთოსა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას (ვარშავის დროით 7.44), შემდეგ დავიწყე სხვა დაინტერესებულ პირებთან დაკავშირება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, ვთხოვე დოქტორანტურის ჩემს ყოფილ სტუდენტს, რომელიც ამჟამად სამართლის დოქტორია, დამხმარებოდა ჩემი ამოცანის შესრულებაში. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ვიღვიძებდი დილის 5 საათზე რათა ჩამეტარებინა ინტერვიუები, გამეანალიზებინა ჩემთვის გამოგზავნილი დოკუმენტები და ამასთანავე დამეწერა ანგარიში დოქტორ გჟეშკოვიაკთან ერთად და სათანადოდ წარმომედგინა ანგარიშში ჩემ მიერ მოგროვილი ან ჩემთვის მისიის ფარგლებში ყოველდღიურად გამოგზავნილი ჩვენებები. მე მხოლოდ იმ პრობლემებზე მივუთითე, რომლებიც სამართლიანად იყო დოკუმენტირებული და არაერთხელ იჩენდა თავს ზეპირ და წერილობით ჩვენებებში.

- ცხადია, რომ ანგარიშის წერა საქართველოში ჩამოსვლამდე, მისიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ დავიწყე. საქართველოში ჩემი ვიზიტის განმავლობაში მთელი დრო გამოვიყენე სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრაში და ყველა ჩემი თანამოსაუბრე ხედავდა რამდენად დეტალურ ჩანაწერებს ვაკეთებდი, რათა ანგარიშში მათზე მითითება დაუყოვნებლივ გამეკეთებინა. იმის გაცნობიერებით, რომ მანდატი ძალიან ფართო იყო, ვეცადე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გამომეყო და ამავდროულად მიმეთითებინა სხვა შესაძლო გზები, რომლებიც სახელმწიფოს შეეძლო გამოეყენებინა შემდგომი გამოძიებისთვის. შეჯამებისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ ანგარიშისადმი გამოთქმული კრიტიკის ეს ხაზი, რომლის მიხედვითაც ანგარიში წინასწარ იყო მომზადებული, ჩემი სამუშაოსთვის „არასტანდარტულ კომპლიმენტად“ მიმაჩნია. ანგარიში წინასწარ არ იყო მომზადებული. ანგარიში დაიწერა უკიდურესად შეზღუდული დროის პირობებში, რაც “მოსკოვის მექანიზმის” პროცედურით არის გათვალისწინებული. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ასეთ მოკლე დროში მომემზადებინა ყველაზე ყოვლისმომცველი ანგარიში.

- “საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა მასალების საკმაოდ მოცულობითი რაოდენობა, რომელიც ფარავდა პერიოდს 2024 წლის გაზაფხულიდან 2026 წლის თებერვლამდე, რომელიც მომხსენებელმა უგულებელყო ან არასაკმარისად ასახა. პოლიტიკური ოპოზიციისა და წინასწარ შერჩეული დაინტერესებული მხარეების ნარატივებისთვის მკაფიოდ პრიორიტეტული მნიშვნელობის მინიჭებით, ანგარიში ფაქტების მოძიების მექანიზმის ნაცვლად პოლიტიკურად მოტივირებულ ინსტრუმენტად გადაიქცა”, - ეს ამონარიდია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან, რომელიც უწყებამ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა. როგორ უპასუხებთ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას მათი პოზიციის უგულებელყოფასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რატო დარჩა ოფიციალურ თბილისს განცდა, რომ თქვენი მხრიდან მათი შენიშვნები სათანადოდ არ იქნება გაზიარებული?

- ყურადღებით წავიკითხე საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი ყველა დოკუმენტი, კერძოდ მრავალი დანართი, რომელიც მიმდინარე წლის 20 თებერვალს საღამოს გამომეგზავნა. ანგარიში უმეტესობა მათგანზე მითითება გავაკეთე. ანგარიშის ფრთხილი ტონი ნათლად აჩვენებს, რომ სხვადასხვა საკითხზე ვეყრდნობოდი მთავრობის მიერ წარმოდგენილ განმარტებებს. მათგან ზოგი დამაჯერებლად მივიჩნიე. მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი მიუთითებდა უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებზე, როგორც ადამიანის სხვადასხვა უფლებებისა და თავისუფლებების პოტენციურ საფრთხეზე; სწორედ ამიტომ არის განათლების რეფორმა აღწერილი ანგარიშშიც, თუმცა მიმაჩნია, რომ რეფორმის საფუძვლები დამაჯერებელია და იგი არ აღიქმება ადამიანის განზომილებისთვის საფრთხედ. ასევე, შევეხე ხმის მიცემის ფარულობის ნაკლებობის შესახებ ბრალდებებს და ფრთხილად წარმოვადგინე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოცემული განმარტებები, რომლებიც, ჩემი აზრით, ასევე დამაჯერებელი იყო. ზოგი კი არადამაჯერებლად მეჩვენა, მაგალითად, ვერ გავიგე, რატომ არიან სახელმწიფო ინსტიტუტები ასე ეფექტიანები პროტესტის მონაწილეთა დევნისას, მაგრამ ვერ ახერხებენ იმ პირების დასჯას, ვინც ამავე პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხა. ასევე, ვერ გავიგე, როგორ შეიძლება ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა და ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება შეესაბამებოდეს პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპს.

ქიმიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებითაც აღვნიშნე, რომ არსებობს მრავალი ჩვენება ადამიანებისგან, რომლებიც ამ გამოყენების შედეგად სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდნენ და ამავე დროს, ანგარიშში ავსახე შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებებიც. მე არ ვარ ქიმიკოსი ან ექიმი, ამიტომ ვერ შევაფასებ, იყო თუ არა ქიმიური საშუალებები სწორად გამოყენებული და დაზარალებულთა სამედიცინო სიმპტომები „ნორმალურია“ თუ არა, ამიტომაც აღვნიშნე, რომ თუ მთავრობის განმარტებები დამაჯერებელი არ იქნება, სახელმწიფოებს შეუძლიათ დახმარებისთვის OPCW-ს მიმართონ.

ჩემს ანგარიშში მოყვანილი ყოველი ფაქტი და შეფასება ეყრდნობა შესაბამის წყაროებს, ამიტომ ნებისმიერ მკითხველს შეუძლია გადაამოწმოს, რა დოკუმენტებსა და ჩვენებებზე დაყრდნობით გავაკეთე გარკვეული დასკვნები.

- უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს მმართველი პარტია იძულებული გახდეს, რეკომენდაციები მიიღოს და მის შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და მეორე მხრივ, ანგარიშში დაფიქსირებული მთელი რიგი პრობლემების გამო შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა დადგეს?

- შესაძლო გზები ნახსენებია ანგარიშისთვის დართულ რეკომენდაციებში. ამავდროულად, მისიის დროს, საქართველოს ძალიან კონსტრუქციული და თანამშრომლობითი მიდგომის გათვალისწინებით, ვიმედოვნებ, რომ ანგარიშში გამოთქმული შეშფოთების ნაწილი მაინც გადაიჭრება და მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრის ზოგიერთი განცხადება სწორედ ამ მიმართულებებით წავიდა.

რეკომენდაციების უმეტესობის იმპლემენტაცია ძირითადად საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, უნდა გავმიჯნოთ მკაცრი პოლიტიკური რიტორიკა და საქართველოს მთავრობის რეალური მცდელობები აშკარა პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შენიშნა საპოლიციო ძალების წარმომადგენლების იდენტიფიცირების ნაკლებობის პრობლემა და განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ყველა წარმომადგენლის იდენტიფიცირება, ვინც მონაწილეობს აქციის დაშლაში, მარტივი იქნება. პროგრესი შესაძლებელია.

- ანგარიშში საერთაშორისო საზოგადოების მიმართ რეკომენდაციების პუნქტში წერია, რომ „რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი, პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით“. ასევე, ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კომენტარში განმარტებულია, რომ ეს რეკომენდაცია თქვენი მისიის მანდატს აჭარბებს და აბსოლუტურადა არარელევანტურია იმ სამი კონკრეტული მიზეზით, რაც ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლებს უკავშირდება. თქვენი აზრით, რა რეალური პერსპექტივა აქვს ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვის საკითხს და შესაბამისად, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია აღნიშნული პროცესის დაწყების შესახებ?

- პირველ რიგში, როგორც მე უკვე აღვნიშნე, თავი ვალდებულად ჩავთვალე მიმეთითებინა სხვადასხვა პროცედურაზე, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოში არსებული ვითარების შემდგომი შეფასებისთვის. ჩემი მანდატით განმესაზღვრა ამოცანა, წარმომედგინა რეკომენდაციები. თუ შეადარებთ ჩემს ანგარიშს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი სხვა ანგარიშებს, შეამჩნევთ, რომ რეკომენდაციები მიემართება არა მხოლოდ შესაბამის ხელისუფლებას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, შევამოწმე რა იყო საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, შემდეგ გადავამოწმე, რა პროცედურების გამოყენება შეიძლება სავალდებულო ხელშეკრულებების საფუძველზე.

მეორე, საქართველო რომის სტატუსის მონაწილეა. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დევნის, შესაძლო წამებისა და სხვა არაადამიანური აქტების შესახებ სიგნალის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი ზღვარი მიღწეული იქნება, რის დადასტურებაც მე ვერ შევძელი მისიის განმავლობაში - მაშინ არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰქონდეს იურისდიქცია ადამიანის უფლებათა ხსენებულ დარღვევებზე. ცხადია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების ინიცირება ძალიან რთული პროცესია, ის მოქმედებს კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ თუ საქართველოს არ შეუძლია, არ სურს, ან პასიურია კონკრეტული ბრალდებების გამოძიება, მაშინ საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ანგარიშში მე ასევე მივუთითე საქართველოში დაუსჯელობის პრობლემაზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა არ შეიძლება გამოირიცხოს.

მესამე, მე არ მაქვს ინფორმაცია 2024 წლიდან საქართველოში სიტუაციის შესწავლის ინიცირების შესახებ. მიუხედავად ამისა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი დარღვევის მსხვერპლებმა ინდივიდუალურად მიმართეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პორტალის მეშვეობით.

ჩემი რეკომენდაცია ფრთხილად იყო ფორმულირებული და მხოლოდ აღნიშნავს, რომ მონაწილე სახელმწიფოებს „შეუძლიათ განიხილონ“, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდა გადაამოწმონ, აკმაყოფილებს თუ არა საქმე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციის ყველა მოთხოვნას. ჩემი მისიის განმავლობაში ვერ გავაკეთე მტკიცე დასკვნა ამ საკითხზე, მე მხოლოდ მივუთითე შესაძლო გზაზე, საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების გათვალისწინებით. არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. ჩემი მიზანი იყო მისიის შესრულება და სხვადასხვა შესაძლო გზის ჩვენება, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ ზოგიერთი საკითხი საკმარისად სერიოზულია შესაბამისი პროცედურების დასაწყებად.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია