ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026

გია ხუხაშვილი - “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს”

“ამ მოთხოვნებს 26 მაისის აქციაზე დააყენებენ“ - ოპოზიციის ალიანსის 6 პუნქტი და ხელისუფლების პასუხი

ლევან ლორთქიფანიძე - “სავარაუდოდ, მისი უწმინდესობა შიო აპირებს ხელისუფლებას უფრო აქტიურად მიმართოს”

რუსეთი კიდევ ერთ მოკავშირეს კარგავს - მწვავე კრიზისში მყოფი კუბა აშშ-სთან მოლაპარაკებას იწყებს

“პეტრიოტის” ანტირაკეტების გარეშე უკრაინა “ისკანდერებსა” და “კინჟალებს” ვეღარ მოიგერიებს

* * *

გია ხუხაშვილი - “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს”

“სკეპტიკურად ვუყურებ მოლოდინს, რომ პატრიარქის რეკომენდაციით ვინმეს შეიწყალებენ. ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ყოველთვის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და მისთვის ეკლესია რეალურად ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მეტსაც გეტყვით: როგორც ჩანს, ამ პატრიარქის არჩევით ერთგვარად დასრულდა ძალაუფლების აბსოლუტის მოპოვების პროცესი. ეკლესია იყო ინსტიტუტი, რომელიც მეტ-ნაკლებად არსებობდა ხელისუფლების კონტროლის მიღმა, დღეს კი ეს ინსტიტუტი მთლიანად კონტროლირებადია. ეს არ ნიშნავს, რომ შიო III მაინცდამაინც მათი პირად კონტროლქვეშაა, მაგრამ მას არ გააჩნია რეალური ოპონირებისთვის საჭირო ავტორიტეტი და იძულებულია, ჩაეწეროს იმ სისტემაში, სადაც ერთი პირი ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას. სიმბოლური იყო, როდესაც აღსაყდრების ცერემონიისას პატრიარქმა იკითხა, ბატონი ბიძინა აქ არისო? როცა გაიგო წასული იყო, ვფიქრობ, ერთგვარად ამოისუნთქა კიდეც. ბიძინა იქ რომ ყოფილიყო, პატრიარქს უნდა მოეფიქრებინა როგორ დაეწყო სიტყვა, რადგან მანაც კარგად იცის, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში პრინციპში არაფერს წარმოადგენენ”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს”.

“დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ცდებს მე ცდებს ვერ დავარქმევდი. ეს უფრო ერთგვარი იმიტაციაა, რომელსაც ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი მიზანია, საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, გააჩინონ ილუზია და იმედი, რომ აი, ამერიკასთანაც გავაუმჯობესებთ ურთიერთობას და ევროპასაც ჩვენს ჭკუაზე გადმოვიყვანთო. პროპაგანდისტულად ცდილობენ დატოვონ განცდა, თითქოს ყოველივე ამის მოგვარება შეიძლება. თუმცა რეალურად ურთიერთობების დარეგულირება რიტორიკით კი არა, კონკრეტული ქმედებებით ხდება, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს. მეორე მიზეზი ის არის, რომ რუსეთი სუსტდება და იბადება კითხვა: მასზე მიბმა რამდენად სასარგებლო იქნება მათივე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის? რადგან რუსეთი, როგორც მფარველი, შეიძლება აღარ აღმოჩნდეს საკმარისი. დღეს ბიძინა ივანიშვილი ერთგვარი დილემის წინაშე დგას, როგორ გააგრძელოს მართვა: გააგრძელოს რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციის ის პროცესი, რომელსაც წლების განმავლობაში მეთოდურად ვუყურებთ (იქნება ეს ეკონომიკური ინტეგრაცია, მიგრაციული ექსპანსია თუ საინფორმაციო ველის ათვისება), თუ აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიის მშენებლობა დაიწყოს, რომელიც ცდილობს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა და გარკვეულ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე დაყრდნობით შეიძინოს სუბიექტურობა საერთაშორისო ასპარეზზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ჩემი შეფასებით, ახლა საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ მოდელზე გადასვლას ცდილობს. თუმცა ბიძინას პუტინის იმდენად ეშინია, რომ ასეთ მარტივ გათამაშებასაც ჯერ ვერ გაბედავს - ის ელოდება, რომ პუტინი კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს. ეს ქაოსი, როდესაც, ერთი მხრივ, ვითომ აუმჯობესებენ ურთიერთობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ლანძღვას აგრძელებენ, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ სტრატეგიაზე ვერ ჩამოყალიბდნენ: გააგრძელონ რუსეთის იმპერიისკენ სვლა თუ დამოუკიდებელი ავტოკრატია ააშენონ. ჩემი აზრით, ამ უკანასკნელს პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ჩვენ არა გვაქვს ისეთი ბუნებრივი აქტივები, რითაც შეიძლება მსოფლიოსთან ვივაჭროთ, და არც თურქეთის სახით გვყავს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ბოჭორიშვილის განცხადება სრულიად გასაგებია - რუსეთისგან საფრთხე მართლაც გვემუქრება და ვითარების მეტისმეტად გამწვავება მართლაც არ არის საჭირო. ზუსტად იმავენაირად შეეძლოთ მოქცეულიყვნენ ომის დასაწყისშიც, რაც მოლდოვამ გააკეთა, ეს ყველასთვის გასაგები იქნებოდა და მათგან მეტს არავინ მოითხოვდა, მაგრამ პრობლემა ის არის, ეს ყველაფერი დასავლეთის დემონიზაციის ფონზე ხდებოდა, თითქოს დასავლეთი ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. დასავლეთთან პირდაპირ რომ ეთქვათ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვშვრებით ამასო, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ რეალური პოლიტიკა ასეთი არ ყოფილა. თუმცა არა მგონია, რამე მნიშვნელოვნად ან დღეს შეიცვალა, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ასე ამბობს, იქით ზარქუა რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს, პაპუაშვილი კი ისევ აგრძელებს დასავლეთის დემონიზაციას. ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების საფუძველზე. ცივილიზებული სამყარო გარკვეულ წესებს ემყარება, საქართველოს ხელისუფლება კი ამ წესებზე უარს ამბობს. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტაციაა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, დღეს კი რეალური ძალა ხალხშია და არა ოპოზიციურ პარტიებში. იმისათვის, რომ ხელისუფლება აიძულო კომპრომისზე წავიდეს, პირველ რიგში, ხალხის ნდობა უნდა მოიპოვო - ხალხმა შენ უნდა გაღიაროს ლიდერად. ჩვენ ვნახეთ თვეების განმავლობაში მიმდინარე აქციები, მაგრამ ამ ხალხს არც ერთი პოლიტიკური პარტია თავის ლიდერად არ უღიარებია. პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი ომია, სადაც ჯარი უნდა ენდობოდეს სარდლობას. არ არსებობს პრეცედენტი, რომ სარდლის გარეშე რომელიმე არმიას ომი მოეგოს. პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც სარდლობის პრეტენზია აქვთ, ხალხი პატივს არ სცემს და ლიდერებად არ მიიჩნევს. მათ არც სტრატეგია გააჩნიათ, არც ტაქტიკა და არც ავტორიტეტი. ისინი მხოლოდ იმის მტკიცებით შემოიფარგლებიან, რომ ხელისუფლება ცუდია, რაზეც ხალხი პასუხობს: “კი ბატონო, მაგრამ თქვენ ვინ ხართ?” ამ აუცილებელ სამუშაოს ოპოზიცია არ ასრულებს, რაც პირდაპირ ბიძინას თამაშია”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.

“როგორც კი რეალური ლიდერი გამოჩნდება, საქართველოში ვითარება ერთ დღეში შეიცვლება. ოპოზიცია კი ამბობს, ვინც გამოგვყვება, გამოგვყვესო, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. თავიანთი უშედეგო ტივტივით ისინი სხვებსაც უხერგავენ გზას. ფაქტობრივად, ამ ნეგატიურ სპირალში პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც არის, რადგან ისინიც ამ თამაშის წესებს მიჰყვებიან. დღეს რომ ოპოზიციურ ფლანგზე მართლაც გამოჩნდეს ლიდერი, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციური პარტიები დაუპირისპირდებიან... გიორგი გახარიას მართლაც დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ გახარიას მთავარ პრობლემად იქცა 20 ივნისი, რომელიც მთლიანად ხელისუფლების კომპრომატი იყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ თვითონ ხელი დაებანა და გახარიასთვის დაებრალებინა. მანაც ამის საწინააღმდეგოდ ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ გახარია ამ თემით მოწყვლადი გახდა, თავხედურად მას “შეაწერა” ყველაფერი. გახარიამ გარკვეული მიზეზების გამო, რაც მე არ ვიცი, ამის თავიდან აცილება ვერ შეძლო და ეს ფატალური შეცდომა იყო. გახარიას შეეძლო ეთქვა, რომ ბრძანება სხვამ გასცა და ამით ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. ეს რომ ექნა, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეების აღძვრასაც ვერ გაბედავდნენ, თუმცა მან თავდაცვის პოზიცია დაიკავა და სწორედ ამით წააგო”, - თვლის რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ტრამპის ჩინეთში ვიზიტმა ძალიან შეაფიქრიანა ბიძინა ივანიშვილი. დაინახა, რომ რუსეთმა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლოა ვეღარ შეძლოს. ის პუტინის მიმართ დღეს ლოიალურია, რადგან მისი ეშინია, თუმცა, თუ დაინახა, რომ პუტინი იმდენად დასუსტდა, რომ პერსპექტივა აღარ აქვს, რა თქმა უნდა, ეცდება გადააგდოს, ოღონდ გადააგდოს არა დემოკრატიის დროშით, არამედ აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიის ასაშენებლად. რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომაზე არჩევნები უნდა ჩატარდეს: პირველი სცენარით - თუ ხელისუფლება გადაწყვეტს რუსეთში რეინტეგრაციის გაგრძელებას, რუსეთის აუცილებელი მოთხოვნა იქნება ევროინტეგრაციაზე უარის თქმა და კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება, ამას კი კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება, რის გამოც ბიძინა იძულებული გახდება ჩაატაროს არჩევნები; მეორე სცენარით - თუ მან პუტინის გადაგდება გადაწყვიტა, ამ შემთხვევაშიც სჭირდება არჩევნები საკუთარი ლეგიტიმაციის დასადასტურებლად. ასე რომ, ორივე შემთხვევაში არჩევნების ჩატარება სჭირდება. თუ პოლიტიკურ კანონზომიერებებზე ვისაუბრებთ, არჩევნების აუცილებლობა ცხადია, თუმცა საქართველოში პოლიტიკური მოვლენები ხშირად არ ემორჩილება კანონზომიერებას, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით”,- დასძენს გია ხუხაშვილი.

“ამ მოთხოვნებს 26 მაისის აქციაზე დააყენებენ“ - ოპოზიციის ალიანსის 6 პუნქტი და ხელისუფლების პასუხი

“ოპოზიციურმა ალიანსმა 6 ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა, რომელთა შესრულებაც, მათი შეფასებით, აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს 26 მაისის აქციაზე ერთ-ერთი მთავარი კონკრეტული მოთხოვნა. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მომავალი არჩევნები ახლანდელი საარჩევნო კოდექსით ჩატარდება და ამ მხრივ რაიმეს შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ალიანსის 6 პირობაა - საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული; ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა; ვერიფიკაციის პროცესი უნდა დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები; შემოწმების ნაწილში მოწვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია; გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება; საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ისინი ამ მოთხოვნებს 26 მაისის აქციაზე დააყენებენ“, - ოპოზიციის ალიანსის 6 პუნქტი და ხელისუფლების პასუხი.

“როგორც “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. “პირველ რიგში, ყველას გელოდებით, მთელ საქართველოს, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. “ოპოზიციურ ალიანსს” “ქართული ოცნების” შეცვლა მთავარ ამოცანად აქვს დასახული. პირველ რიგში, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების გზით. სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ასევე, უნდა გაუქმდეს რეპრესიული კანონები”, - აღნიშნა თევზაძემ. ხელისუფლება ამ მოთხოვნებს მიუღებლად მიიჩნევს და მათ განხილვასაც კი გამორიცხავს. როგორც 15 მაისს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა აბსოლუტურად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ 26 მაისის აქციაზე, დიდი ალბათობით, სწორედ ეს მოთხოვნები იქნება წამოყენებული და გამორიცხული არაა, რომ სხვა პირობებიც იქნას დასახელებული. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძეც ასევე ფიქრობს, რომ 26 მაისის აქციაზე სწორედ ეს პირობები დასახელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დიდი ალბათობით, 26 მაისის აქციიაზე ამ და სხვა ახალ მოთხოვნებსაც წამოაყენებენ. კობახიძის პასუხი იყო, რომ არჩევნები თითქოს მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდებაო და ერთ-ერთი მთავარი ბრობლემაა, რომ შესაძლოა რამდენიმე პარტია გააუქმონ - საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და შეიძლება გადაწყვეტილება მიიღონ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. მაშინ არჩევნების ჩატარებასაც საერთოდ აზრი არ ექნება. არ მგონია ვადამდელი ახლა ჩაინიშნოს. თუ დასავლეთმა ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და წინაპირობა წაუყენა, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეთ და სანქციებს მოგიხსნითო, მაშინ შეიძლება ჩაატაროს, მანამდე რისკზე არ წავა. “ქართულ ოცნებას” ბოლომდე არა, მაგრამ ჯერჯერობით რაღაცეები გასდის. ისინი მეტ-ნაკლებად იზოლაციაში არიან, ახლა მათ ინტერესში ნამდვილად არ შედის, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნონ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“არჩევნები რომც გაიმართოს, დემოკრატიული სტანდარტები დაცული უნდა იყოს და ეს “ოცნების” პირობებში რამდენად მოხდება, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ამ მოთხოვნების წამოყენება აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციას კონკრეტული ალტერნატივის შექმნა შეუძლია. თუმცა, მიზანი რომ იქნას მიღწეული, ერთის მხრივ დასავლეთმა სანქციები უნდა აამოქმედოს და მეორეს მხრივ საპროტესტო აქციებში უფრო მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ახლა ქუჩაში იმდენი ადამიანი არ გამოდის, როგორც თუნდაც ორი წლის წინ გამოდიოდა”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

„რა თქმა უნდა, 26 მაისის აქციაზე ეს პირობები დასახელდება, ოღონდ ასეთი დიდი ტექსტებით არ იქნება საუბარი, არამედ პლაკატებზე შეიძლება იყოს - “ვადამდელი არჩევნები”, “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები” - რომ ვითომ აქამდე ეს არ იყო. ასევე “პოლიტპატიმრებს თავისუფლება” და ა.შ. - ეს მოთხოვნები იქნება გაჟღერებული. სხვა საქმეა ამის შედეგები რა შეიძლება იყოს, რამდენ ადამიანს შეაგროვებენ და ა.შ. გარანტირებულად გეტყვით და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება არც ერთი ამ პირობის შესრულებისკენ არ წავა, რადგან ეს ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ოპოზიციის მხრიდან ეს ყველაფერი იმიტომ ჟღერდება, რომ ის კამპანია, რაც დასავლეთშია საქართველოს მიმართ, კვლავ გაგრძელდეს. ამ მოთხოვნების წამოყენებით აქედან ეუბნებიან, რომ აი, ჩვენ ვიბრძვით, ცოცხლები ვართ, აგერ ასეთ პირობებში ვართ”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ასეთი მიმართვებით მათ მხარდამჭერთა რიცხვს ვერ გაზრდის. გარკვეული რაოდენობა რა თქმა უნდა ჰყავთ და ამიტომაც გადალახეს ბარიერი, თუმცა, ახლა ვერ გაზრდის. სხვა გზა არ აქვთ და ერთადერთი, რაც მათ ახლა დარჩათ, ესაა დასავლეთის გარკვეულ წრეებთან ურთიერთობა, რისი მეშვეობითაც სული უდგათ. მე იმ დაშვებასაც კი ვერ ვაკეთებ, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ თავად მათაც შეუძლიათ გამოკითხვა ჩაატარონ ცნობილ კითხვაზე - “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას?”. დარწმუნებული ვარ, თუ სამართლიანი გამოკითხვები ჩატარდა, ისინი მიზერულ შედეგს მიიღებენ, იმაზე გაცილებით ნაკლებს, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ”, - დასძენს მამრაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - “სავარაუდოდ, მისი უწმინდესობა შიო აპირებს ხელისუფლებას უფრო აქტიურად მიმართოს”

“ქვეყანაში უმაღლესი დონის პოლარიზაციაა, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები არა მხოლოდ უარს ამბობენ ერთმანეთთან ურთიერთობაზე, არამედ ერთმანეთთან აგრესიასაც გამოხატავენ პოლიტიკური ნიადაგზე. ეს უკვე შეინიშნება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. მადლობა ღმერთს, ჯერ იქამდე არ მივსულვართ, რომ ექიმმა პაციენტის მომსახურებაზე პოლიტიკური ნიშნის გამო უარი თქვას, თუმცა მსოფლიოს ისტორიას მსგავსი შემთხვევებიც ახსოვს... რაც შეეხება შერიგების მოლოდინს, საქართველოში 90-იანი წლებიდან ეკლესიამ შუამავლის მისია იტვირთა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების შეწყალებაზე შუამდგომლობა ტრადიციად აქცია. ეს პირადად ილია II-ის დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ზვიადისტებთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, 90-იანი წლების ბოლოს სწორედ ის იყო მთავარი ფიგურა, რომელიც ხელისუფლებას ზვიადის მხარდამჭერების შეწყალებისკენ მოუწოდებდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ამ საკითხით თავად მისი უწმინდესობა შიოც არის დაინტერესებული და, სავარაუდოდ, აპირებს ხელისუფლებას უფრო აქტიურად მიმართოს...”

“გვახსოვს 2000-იანი წლებიც, კარვების ქალაქები, როცა ავტორიტარული რეჟიმი ადამიანებს აკავებდა და ისინი უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ. ასეთ შემთხვევებშიც ეკლესია ხშირად ერთვებოდა პროცესებში, პირადად ილია II ცდილობდა დაკარგული ადამიანების მოძებნას და მათი გათავისუფლებისთვის იბრძოდა....მაგრამ ეკლესია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ძალიან უცნაურ მდგომარეობაში იყო. ერთი მხრივ, იყო პატრიარქი, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო აქტიურად ვეღარ ერთვებოდა პროცესებში, მეორე მხრივ, იყო მოსაყდრე, რომელიც პატრიარქს ვერ გადააბიჯებდა. შეიქმნა ძალიან ბუნდოვანი ვითარება, რაც “ქართულმა ოცნებამ” ოსტატურად გამოიყენა და ეკლესიაზეც თავისი გავლენა გაავრცელა. შენდობას ვითხოვ, მაგრამ ხანდახან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და “ოცნების” პრესცენტრის განცხადებებს ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩევდით. მაშინ, როდესაც ილია II ძლიერი იყო, ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია იყო და არც ერთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარტიას არ ექვემდებარებოდა. თუმცა ამ შუალედურ პერიოდში შეიქმნა ისეთი ვითარება, თითქოს ეკლესია დასუსტდა და “ქართულმა ოცნებამ” დომინაციის მოპოვება მოახერხა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ლორთქიფანიძე.

“დღეს ეს მდგომარეობა შეცვლილია. მისი უწმინდესობა შიო უკვე პატრიარქის ტახტზეა, სიცოცხლის ბოლომდე ხელს ვეღარავინ მოჰკიდებს, აქვს მყარი პოზიცია. შესაბამისად, მეტი სიმამაცე და მოქმედების მეტი შესაძლებლობა ექნება, რათა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლოს... რაც შეეხება ხელისუფლებას, არანაირი მონანიების პირობა კანონში არ წერია. პირიქით, შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ სწორად მოიქცა, მაგრამ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის გამო პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მაინც უნდა იწყალებდეს პატიმრებს. არც ზვიადისტებს უთქვამთ, არასწორად მოვიქეცითო, ან აღარ ვართ ზვიადის მომხრეებიო, მაგრამ მაინც გაათავისუფლეს, ვინაიდან შევარდნაძეს ძალიან კარგად ესმოდა საზოგადოებაში ხიდების შენების მნიშვნელობა”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ მოქმედებს როგორც მთელი საზოგადოების წარმომადგენელი ძალა. უფრო მეტად წარმოადგენენ იმ ამომრჩევლის ხელისუფლებას, ვინც მათ უჭერს მხარს ან ვინც კრიტიკას საჯაროდ არ გამოხატავს, ხოლო ყველა განსხვავებულად მოაზროვნეს სრულფასოვან მოქალაქეებად არ მიიჩნევს... პოლარიზაციის შემცირება “ოცნებისთვის” მხოლოდ მაშინ გახდება პრიორიტეტული, როცა მკაფიოდ იგრძნობს გარე ან შიდა წნეხს. უნდა ითქვას, რომ ილია II-ის მხრიდან შევარდნაძის ხელისუფლებაზე არსებობდა წნეხი და შეიძლება ითქვას, სწორედ ამან განაპირობა შეწყალებისთვის ნაბიჯების გადადგმა. დღეს, როგორც ეპისკოპოსების განცხადებებიდან იკვეთება, ამ საკითხით თავად მისი უწმინდესობა შიოც არის დაინტერესებული და, სავარაუდოდ, აპირებს, რომ ხელისუფლებას უფრო აქტიურად მიმართოს...” - დასძენს ლევან ლორთქიფანიძე და შეკითხვაზე - “გვახსოვს სუს-ის კრებსები, სადაც საპატრიარქოს დისკრედიტაციის ცდები იკვეთებოდა. თქვენი აზრით, პატრიარქ შიოსთან დაკავშირებული “რუსული შლეიფის” ნარატივი მისი დისკრედიტაციის ცდაა?” - პასუხობს:

“ზუსტად ვერ ვიტყვით, როგორია ეს “შლეიფი”, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტი. მაგალითად, მისი უწმინდესობა შიო რუსეთის სამრევლოს ხელმძღვანელი იყო მოსკოვში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. ასევე ცნობილია, რომ განათლება მიიღო მოსკოვის სასულიერო აკადემიასა და რელიგიურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. მის ირგვლივ ხშირად ფიგურირებენ პირები, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული, მათ შორის ლევან ვასაძე, რომელიც ეკლესიის გაფართოებული კრების დელეგატიც კი იყო, თუმცა რა დამსახურებით, ეს ნაკლებად არის განმარტებული. ამ ფონზე არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ შიოს გავლით შესაძლოა რუსული გავლენა უფრო გაძლიერდეს საქართველოს ეკლესიაში. გასათვალისწინებელია საერთაშორისო რელიგიური ვითარებაც, სადაც მართლმადიდებელ სამყაროში დაძაბულობაა მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის”...

“ერთი მხრივ, არის კონსტანტინოპოლი - ინტელექტუალურად გახსნილი, გლობალურ პროცესებზე ორიენტირებული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც საუბრობს მშვიდობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, გარემოს დაცვასა და სახარების გავრცელებაზე. მეორე მხრივ “ველიკოდერჟავული მართლმადიდებლობის” მატარებელი მოსკოვის საპატრიარქო. ამ ორ ცენტრს შორის დაპირისპირება დღეს უკვე ევქარისტიულ დონეზეც აისახა და მართლმადიდებელი ეკლესიები გარკვეული არჩევანის წინაშე დგანან, რომელ მხარეს დადგნენ: ეკლესიის იმ მოდელის, რომელიც სახარებისეულ და სულიერ პრინციპებზე დგას, თუ იმ მიმართულების, სადაც რელიგია ხშირად პოლიტიკურ იდეოლოგიასთან არის შერწყმული. მსოფლიოში არსებული ეს პოლარიზება ბუნებრივად აისახება საქართველოზეც, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ეკლესიას რუსეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და წმინდა სინოდის შემადგენლობაშიც არიან პირები, რომლებიც დაუფარავად გამოხატავენ პრორუსულ პოზიციებს. მაგალითად, არაერთხელ გახმოვანებულა სხალთელი ეპისკოპოს სპირიდონის განცხადებები, სადაც ის საუბრობს მომავალში ოთხ მეფეზე - რუსეთის, საქართველოს, სერბეთისა და საბერძნეთის, რომლებიც თითქოს დაამარცხებენ გლობალურ ძალებს და “ლუციფერის გავლენისგან” იხსნიან სამყაროს. ასეთი ხედვები ეკლესიაშიც გვხვდება და ამიტომაც არსებობს საზოგადოების ნაწილში შიში, რომ საქართველოს ეკლესია შესაძლოა ამ გავლენების ქვეშ მოექცეს”, - დაასკვნის ლევან ლორთქიფანიძე.

რუსეთი კიდევ ერთ მოკავშირეს კარგავს - მწვავე კრიზისში მყოფი კუბა აშშ-სთან მოლაპარაკებას იწყებს

“კუბის ხელისუფლებამ, აშშ-ის მხრიდან ნავთობის ბლოკადისა და ქვეყანაში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის დაწყების ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება დაიწყო. 15 მაისს ჰავანაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (“სი-აი-ეი”) ხელმძღვანელი იყო ჩასული და ადგილობრივი მედიის ცნობით, კუბის ხელისუფლებამ მას წარუდგინდა მტკიცებულებები, რომ კუბა არ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის აეროვნული ინტერესებისათვის. მედიის ცნობით, კუბა მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია და დახმარებას ყველგან ეძებს, მათ შორის დასავლეთიდან, ჩინეთიდან, ევროკავშირიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. მის მთავარ მოკავშირე რუსეთს კი, უკრაინის ომის ფონზე რესურსები და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეეზღუდა, რის გამოც კუბისთვის იმ მასშტაბის მხარდაჭერის გაწევა უჭირს, რაც აქამდე იყო. ამიტომ ჰავანა ცდილობს მხოლოდ მოსკოვზე დამოკიდებული აღარ იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთი კიდევ ერთ მოკავშირეს კარგავს - მწვავე კრიზისში მყოფი კუბა აშშ-სთან მოლაპარაკებას იწყებს.

“კუბის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში დიზელისა და საწვავის მარაგი სრულად ამოიწურა, რის გამოც ეროვნული ენერგოსისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია. დედაქალაქის ბევრ უბანში მოსახლეობას შუქი დღე-ღამეში 22 საათის განმავლობაში არ მიეწოდება. ენერგოკრიზისი აშშ-ის მიერ დაწესებულმა საწვავის ბლოკადამ გამოიწვია, რომელიც უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. ჯერ კიდევ 18 თებერვალს გამოცემამ “აქსიოს” თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მხარს უჭერს რაულ კასტროს შვილიშვილთან და დროებით მეურვესთან, გილერმო როდრიგეს კასტროსთან საიდუმლო მოლაპარაკებებს. მას შემდეგ აშშ-ის მხრიდან კუბაზე ზეწოლა გაძლიერდა. პრეზიდენტმა ტრამპმა კი მარტში განაცხადა, რომ კუბა “აღარ მიიღებს ნავთობსა და ფულს”. ნავთობის ბოლო პარტია კუბამ მარტის ბოლოს მიიღო. 30 მარტს რუსულმა ტანკერმა “ანატოლი კოდოლკინმა”, ამერიკული ბლოკადის მიუხედავად, კუბაზე 10- ათასი ტონა ნედლი ნავთობი ჩაიტანა. ამჟამად კუბის ენერგოსისტემა მხოლოდ ადგილობრივ ნედლ ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და განახლებად ენერგიაზე მუშაობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კუბამ 1 300 მეგავატი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, საწვავის დეფიციტით გამოწვეული სისტემური გაუმართაობის გამო, მათი ეფექტიანობა მინიმალურია. ამ ვითარებას ამძაფრებს ირანთან მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ტრანსპორტირების ფასების ზრდაც. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2026 წლის იანვრის ბრძანებულების შემდეგ, რომელიც კუბისთვის საწვავის მიმწოდებელ ქვეყნებს ტარიფებით ემუქრება, ჰავანასთვის ნავთობის მიწოდება მექსიკამ და ვენესუელამაც შეწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ გაერომ აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის არღვევს კუბელი ხალხის უფლებებს საკვებზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე. ჰუმანიტარული კრიზისის გამო, ქვეყანაში დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, პარალიზებულია ტურიზმის სექტორი და საფრთხის ქვეშაა სამედიცინო მომსახურება. კარიბის ზღვის აუზის ქვეყანა, სადაც 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ამჟამად საერთაშორისო დახმარებისა და ალტერნატიული მომწოდებლების ძიების პროცესშია, თუმცა ამერიკული სანქციების შიშით ამ რისკზე არავინ მიდის”, - განაგრძობს გამოცემა.

“15 მაისს “სი-აი-ეი”-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჰავანას ეწვია და კუბის შს სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. “ასოშიეითედ პრესის” ცნობით, ამერიკული დელეგაცია კუბის შს მინისტრმა ლაზარო ალვარეს კასასმა, ქვეყნის დაზვერვის უფროსმა და რაულ გილერმო როდრიგეს კასტრომ მიიღეს. კუბის ხელისუფლების ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარე იყო, თავად შეხვედრამ კი “რთული ორმხრივი ურთიერთობების ფონზე” ჩაიარა. რუსული ”რაშა თუდეი” წერს, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი აშშ-სა და კუბას შორის “პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის” მხარდაჭერა იყო. ამავე წყაროს ცნობით, კუბის ხელისუფლებამ ამერიკელ კოლეგებს წარუდგინა მტკიცებულებები, რომ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას იფიციალური ჰავანის მხრიდან არაფერი ემუქრება. გარდა ამისა, შეხვედრაზე ითქვა, რომ კუბა არასდროს უჭერდა მხარს ამერიკისადმი მტრულ მოქმედებებს და არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი, რომ ის იმყოფებოდეს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში.... მოლაპარაკების შედეგებზე და სხვა დეტალებზე არცერთ მხარეს დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია”, - დასძენს გამოცემა.

“პეტრიოტის” ანტირაკეტების გარეშე უკრაინა “ისკანდერებსა” და “კინჟალებს” ვეღარ მოიგერიებს

“13-14 მაისს რუსეთმა უკრაინის ორდღიანი მასირებული საჰაერო დაბომბვების ისეთი “მარათონი” გამართა, რომლის მსგავსი ომის დაწყების დღიდან არ უნახავთ უკრაინაში. წესით, 9-11 მაისს გამოცხადებული იყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომლის ინიციატორი და გარანტიც ტრამპი გახლდათ, რათა პუტინს მშვიდად მიეღო 9 მაისის სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე და არ შეშინებოდა უკრაინული კამიკაძე-დრონების “დაუპატიჟებელი სტუმრობისა”, რის შემთხვევაშიც პირადი დაცვა პუტინის სასწრაფო ევაკუაციას მოახდენდა საზეიმო ტრიბუნიდან ტელეკამერებისა და უცხოელი სტუმრების თვალწინ, რისი დაშვებაც კრემლის უხუცეს ბინადარს (ისე, პუტინი კრემლში აღარც ცხოვრობს და აღარც მუშაობს, ის მეტ დროს ბუნკერებში ატარებს, ისევ უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის შიშით), რა თქმა უნდა, არ სურდა. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, უკრაინამ 9 მაისს არ შეუტია მოსკოვს, თუმცა ფრონტის ხაზზე სიჩუმეს მაინც არ დაუსადგურებია”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “პეტრიოტის” ანტირაკეტების გარეშე დარჩენილი უკრაინა პუტინის “ისკანდერებსა” და “კინჟალებს” ვეღარ მოიგერიებს

“საოკუპაციო ძალები აგრძელებდნენ უკრაინული პოზიციებისა და ქალაქების დაბომბვას, რასაც უკრაინული მხარე სარკისებურად პასუხობდა. მაგრამ, რაც დაიწყო 13 მაისიდან და გაგრძელდა 14 მაისს, არ ექვემდებარება საღ აზრს. 9-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში დაგროვილი 1 565 კამიკაძე-დრონი რუსეთმა ორი დღის განმავლობაში გაუშვა უკრაინის ქალაქებისკენ. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, მათ 1 362 რუსული დრონი ჩამოაგდეს, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ დრონებისგან განსხვავებით, უკრაინის ქალაქებისკენ გაშვებული რუსული კვაზიბალისტიკური “ისკანდერებისა” და აერობალისტიკური “კინჟალების” მოგერიება უდიდეს პრობლემად გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალებს არა აქვთ მნიშვნელოვანი მიღწევები და ვერ შეძლეს საგაზაფხულო შეტევების ფართოდ გაშლა, უკრაინას და, კერძოდ, მის დედაქალაქს უდიდესი პრობლემა აქვს. უკრაინის საჰაერო ძალებს ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პეტრიოტებისთვის” განკუთვნილი თითებზე ჩამოსათვლელი PAC-3 MSE (Missile Segment Enhancement) ტიპის ანტირაკეტები თუ დარჩათ და მათ თვალისჩინივით უფრთხილდებიან, რადგან ახალი რაკეტების მიღება აშშ-დან, ფაქტობრივად, შეუძლებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ტრამპმა მეორედ გაპრეზიდენტების დღიდან შეწყვიტა შეიარაღების ჩუქება უკრაინისთვის, როგორც ამას მისი წინამორბედი აკეთებდა და ერთ-ერთ გამოსავლად იქცა ამერიკული რაკეტების შესყიდვა მსოფლიო ბაზრის ფასებით, რასაც ევროპული ქვეყნები აფინანსებენ. თუმცა ირანთან 39-დღიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს აშშ-მ “პეტრიოტის” ანტირაკეტები უხვად მიახარჯა იმ ირანული ბალისტიკური რაკეტების მოგერიებას, რომლებიც ისრაელისკენ და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ მიფრინავდნენ. ომის 39 დღის განმავლობაში აშშ-მ ბალისტიკური სამიზნეების გადასაჭერად დაახლოებით 1060-დან 1430-მდე PAC-3 ტიპის საზენიტო რაკეტა (ძველი CRI და ახალი MSE მოდიფიკაციის) დახარჯა, ირანში ოპერაციის დაწყებამდე კი აშშ-ის არსენალს 2330 ერთეული ამ დანიშნულების ანტირაკეტა ჰქონდა - ანუ მათმა საბრძოლო გამოყენების მაჩვენებელმა 45-დან 61%-მდე შეადგინა. აშშ-ის არმიას ამჟამად დარჩა 900-დან 1270-მდე CRI და/ან MSE ტიპის ანტიბალისტიკური რაკეტა. გარდა აშშ-ისა, ამ რაკეტებს იყენებდა სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანა, რადგან Patriot-ის ტიპის ანტიბალისტიკური რაკეტები ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის შეიარაღებაშიცაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“პეტრიოტის” ანტირაკეტების წარმოება ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს და ამიტომაც შეიქმნა დიდი დეფიციტი. კონტრაქტის ხელმოწერიდან პირველი ანტირაკეტების მიღება მყიდველს მხოლოდ 29 თვის ანუ დაახლოებით 2,5 წლის შემდეგ თუ შეუძლია. ამასთან, “პეტრიოტის” MSE ტიპის ანტირაკეტების წარმოების წლიური მოცულობა არ აღემატება 620 ერთეულს. ასე რომ, თვით ამერიკული არმიისთვისაც კი შეიქმნა “პეტრიოტის” ანტირაკეტების მარაგის დეფიციტი, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება დღე-დღეზე განაახლოს საბრძოლო მოქმედებები ირანში, რომლის მიერ საპასუხოდ გამოშვებული ბალისტიკური რაკეტების მოგერიება მხოლოდ “პეტრიოტის” ანტირაკეტებს თუ ძალუძთ, ისევე როგორც რუსული კვაზიბალისტიკური “ისკანდერებისა” და აერობალისტიკური “კინჟალების”. შესაბამისად, იქმნება სიტუაცია, როდესაც პუტინმა იცის, რომ ზელენსკის, ფაქტობრივად, აღარ დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ამერიკული ანტირაკეტები და მოსკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია კიევზე გარანტირებული წარმატებული სარაკეტო შეტევა”, - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა