უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები ერევიან სინოდის საქმიანობაში, დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ყველაფერს აკვირდებიან და სათანადო რეაქცია ექნებათ, განსაკუთრებით კი აკვირდებიან ქართულ ეკლესიაში უცხოურ ჩარევას.
„ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში და მათ შორის იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც წინ აქვს წმინდა სინოდს. ასევე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად დავაკვირდებით, ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. ვხედავთ, რომ მაგალითად უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“ პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში, დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ. ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვთ სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ - „რადიო თავისუფლებას“, „ტაბულას“ და ონლაინ გამოცემებს- „პუბლიკას“, „ნეტგაზეთს“ და ა.შ.
ეს იგივე მეთოდია, რომელსაც ჩვენ 2024 წელს, არჩევნების დროს ვხედავდით, როდესაც ევროკავშირის წარმოიდგინებოდა ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში, როგორც ევროკავშირის ელჩი 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში. დღეს, ვხედავთ, დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეში ჩარევას. ჩვენ ამას დეტალურად ვაკვირდებით, უნდა იცოდნენ, რომ ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, რომ ეს ყველაფერი აღირიცხება და ყველაფერზე რეაგირება გვექნება. მიზანი კი არის ის, რომ ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში არსებობს გარე გავლენებს დაექვემდებაროს. ახლა არის მცდელობა, რომ ქართული ეკლესია უცხოურ გავლენას დაუქვემდებარონ.
ვხედავთ, რომ მთელი საარჩევნო კამპანია აქვთ გაშლილი მამუკა ხაზარაძეს და მის ტელევიზიას იმისთვის, რომ სხვადასხვა სასულიერო პირებისა და ეკლესიის დისკრედიტაცია მოახდინონ. ვნახეთ, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, გლოვის პერიოდში, მამუკა ხაზარაძის ტელევიზიას ჰქონდა ანტიეკლესიური კამპანია გაჩაღებული, მათ შორის გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ. ვნახეთ, როგორ არჩევენ რესპონდენტებს, ადამიანებს, რომლებსაც ქართული ეკლესია სძულთ და ისინი გახდნენ მთავარი პერსონაჟები მამუკა ხაზარაძის ტელევიზიაში. ვნახეთ, თუ როგორ სძულთ კონკრეტული სასულიერო პირები და ეკლესია, ამ დროს კი სხვა ეკლესიის წარმომადგენლები არიან და რატომღაც მათი სასაუბრო გახდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებები. ყველაფერს ვაკვირდებით და სათანადო რეაქცია გვექნება, განსაკუთრებით ვაკვირდებით ჩვენი ეკლესიის საქმიანობაში უცხოურ ჩარევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.