[ირანის ომთან დაკავშირებით] ბევრი კითხვის ნიშანია: რას მიაღწია შეერთებულმა შტატებმა ამ ოპერაციით? რა ბედია ეწია ირანის ატომურ პროგრამას? ამ კითხვებს აშშ-მა და ირანმა უნდა უპასუხონ - ეს ორი კვირა, კრიტიკულია - სერიოზული კითხვის ნიშნებია, ცეცხლის შეწყვეტა არის თუ არა მდგრადი და სტაბილური, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-სა და ირანის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, „ჯერჯერობით მკვეთრი, კონკრეტული გამარჯვებული არ ჩანს“.
„თუ ამას შევხედავთ უფრო გრძელვადიანი თვალსაზრისით, აქ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანია. პირველი - რას მიაღწია შეერთებულმა შტატებმა ამ ოპერაციით? ჩვენ დავინახეთ, რომ ირანში მოხდა არსებული „ლიდერშიფის“ განადგურება, მაგრამ რეჟიმი, როგორც იყო ისევე არის. პირიქით, ზოგი კომენდატორის აზრით, ის უფრო გამკაცრდა კიდევაც. მეორე შეკითხვა არის - რა ბედია ეწია ირანის ატომურ პროგრამას? ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც რეალურად, ეს კონფლიქტი დაიწყო - ატომური იარაღი და გამდიდრებული ურანი. ეს ურანი ისევ აქვს ირანს? აღარ აქვს? მოხდა მისი გატანა? ამ კითხვებს უნდა უპასუხოს, რა თქმა უნდა, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა. ამიტომ არის ეს ორი კვირა ასეთი მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, კრიტიკული. რეალურად, ტრამპმაც თქვა, რომ ეს არის უბრალოდ 10 მუხლი, რომელზეც დაიწყება მუშაობა. ეს არ არის საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს არის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა. მაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, არის თუ არა ეს მდგრადი და სტაბილური ცეცხლის შეწყვეტა.
მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე ყველამ ყველაფერი დათმო. ჯერჯერობით მკვეთრი, კონკრეტული გამარჯვებული არ ჩანს. ირანის რეჟიმი იტყოდა, რომ მან გაიმარჯვა, ეს სრულად მოსალოდნელი იყო. ჩრდილოეთ კორეა „მზეზე ჯდება“ და ესეც არ მიკვირს. ყველა ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმს ახასიათებს ნებისმიერი სიტუაციის შემოტრიალების მცდელობა და ისე წარმოჩენა, თითქოს, ყველაფერი კარგად არის...
აქ ირანის რიტორიკას მე არ მივაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას. შეერთებული შტატების პოზიციონირება უფრო საინტერესოა ამ მხრივ, თუმცა აქაც ძალიან დიდია იმ ჰიბრიდული დაპირისპირების და კოგნიტიური ომის კომპონენტები. შესაბამისად, აქაც ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ განცხადებას“,- განაცხადა მელაშვილმა.
მისივე შეფასებით, გლობალური ეკონომიკური სივრცისთვის ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე, „ამოსუნთქვის შესაძლებლობაა“.
„ფაქტია, რომ ამ ეტაპზე გამარჯვებული ყველაზე მეტად გლობალური ეკონომიკა დარჩა იმიტომ, რომ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვამ გამოიწვია სერიოზული გავლენა არა მარტო შეერთებულ შტატებსა თუ ირანზე, არამედ საერთოდ მსოფლიო ეკონომიკაზე. მსოფლიო ეკონომიკა ისედაც საკმაოდ სერიოზულ კრიზისშია განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტზე. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ჩვენ დავინახეთ, რომ ევროპაში ისედაც გაიზარდა ენერგორესურსების ღირებულება. ახლა ვხედავთ, რომ ეს ღირებულება კიდევ უფრო იზრდება ირანში მიმდინარე მოვლენების გამო.
გლობალური ეკონომიკური სივრცისთვის ეს ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე ამოსუნთქვის შესაძლებლობაა.
„რეკონსტრუქციის შესახებ შეერთებულ შტატებში ხშირად საუბრობენ, მათ შორის, უკრაინის კონტექსტშიც არაერთხელ იყო გაჟღერებული. ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე არანაირ რეკონსტრუქციაზე, სამწუხაროდ საუბარი არ არის. ირანის შემთხვევაში, ისევ და ისევ, უნდა დაველოდოთ ორი კვირის განმავლობაში მოხდება თუ არა უფრო მდგრადი, გრძელვადიანი და სტაბილური შეთანხმების მიღება. ასევე, რა იქნება ამ შეთანხმების საფასური როგორც ირანის, ასევე შეერთებული შტატების თვალსაზრისით. ვიცით, რომ არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, იგივე ატომური იარაღის თემა, რომელიც აშშ-სთვის და ისრაელისთვის სრულად მიუღებელია. იმავე, სხვადასხვა დაჯგუფება ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ირანი აფინანსებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს არის ერთგვარი წითელი ხაზი. ირანს განსაკუთრებით კარგად ესმის, რომ ბირთვული იარაღი არის როგორც მისი პრობლემების ერთგვარი ამოსავალი წერტილი, ისე ეს შეიძლება იყოს ერთადერთი მოგვარების [საშუალება]. ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს თავდასხმა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამიტომ გვყავს ჩრდილოეთ კორეა, რომელიც აქამდე ახერხებს საკუთარი ტოტალიტარული მარაზმატიკული სახელმწიფოს შენარჩუნებას. ერთი მხრივ, კი, ირანისთვის უარის თქმა ბირთვულ პროგრამაზე იქნება გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ვერ მოაგვარებს რეჟიმის არაკომპეტენტურობის პრობლემას. ეკონომიკური პრობლემები, რაც ირანს აქვს, ნაწილობრივ სანქციების მიერაა გამოწვეული, მაგრამ ნაწილობრივ, ეს არის „აიათოლების“ რეჟიმის სრული არაადეკვატურობისა და არაკომპეტენტურობის შედეგი. ეკონომიკურად არ ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება ირანში სიტუაცია მკვეთრად გააუმჯობესოს“,- განაცხადა მელაშვილმა.
მისივე შეფასებით, ამ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია ფასების გარკვეული სტაბილიზაცია.
„ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია, მათ შორის, ამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ირანში ცეცხლი მართლა შეწყდება, ლიბანში არა. ისრაელი აპირებს, რომ ლიბანში ოპერაციები გააგრძელოს. საერთოდ, რამდენად მდგრადი იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტა, ამასაც ვნახავთ. ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად ამ ცეცხლის შეწყვეტით ირანის გარდა, ისარგებლებს ევროპის კავშირის ქვეყნები და ჩინეთი. ისინი ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულები ნავთობის ფასებზე. მათ არ გააჩნიათ საკუთარი საბადოები. ასე რომ, ეს ორი მხარე. უშუალოდ ჩართულების გარდა, არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულები, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნას და ნავთობის ფასებმა დაიკლოს. იმავე გვეხება ჩვენც. მოსალოდნელია, რომ ყოველ შემთხვევაში, ამ ორი კვირის განმავლობაში, ფასების გარკვეული სტაბილიზაცია მოხდება“, - განაცხადა მელაშვილმა.
მან ასევე შეაფასა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში. მისი მოსაზრებით, ალიევის მთავარი გზავნილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის შეიძლება ყოფილიყო ის, რომ „დასავლეთთან ურთიერთობები დალაგდეს“.
„დავიწყოთ შიდა იმპლიკაციებით. აქ სრულად აშკარაა, რომ ირაკლი კობახიძე არაფერს არ წყვეტს, საქართველოს პარლამენტი არსებობს დრაკონული კანონების მისაღებად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რეალური ძალაუფლება ქვეყანაში კონსოლიდირებულია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელში. ალიევის ვიზიტმა ძალიან ნათლად აჩვენა, რამდენად ჩამოშლილია სახელმწიფოს ვერტიკალი და რეალურად, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს სამშობლოში.
რაც შეეხება საგარეო იმპლიკაციებს, ეს უკვე საინტერესო თემაა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, რუსული გავლენები სამხრეთ კავკასიაში მცირდება. ეს ისედაც აშკარაა ყველასთვის. ფაშინიანის არჩევნებია უახლოეს პერიოდში და ის, როგორც ჩანს, გაიმარჯვებს. ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანში რუსული გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. რუსული კულტურული ცენტრებიც კი დახურულია, რუსული სკოლებიც იხურება და ა.შ. ამ მხრივ, მთავარი კითხვის ნიშანი არის საითკენ და ვისკენ არის თბილისი? ალიევის გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იქნებოდა: „დაალაგე ევროპელებთან ურთიერთობები“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
მისივე თქმით, „არანაირად არ არის გამორიცხული“, რომ ალიევი საქართველოში აშშ-ს გამოეგზავნა.
„მე არ ვიტყოდი, რომ ის არის შუამავალი, ეს მისი ფუნქციების დაკნინებაა, მაგრამ ის, რომ აზერბაიჯანი და ალიევი ცდილობს, კავკასიაში რუსული გავლენების შემცირებას და მათ შორის, ჩვენი რეგიონის ფუნქციის გაზრდას, ეს არის აშკარა. თუ „ქართულ ოცნებას“ თავისი ქმედებებით უფრო ჩიხისკენ მიჰყავს სიტუაცია, აზერბაიჯანი ცდილობს, რომ დერეფანი გაიხსნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესებშიც ჯდება“,- განაცხადა მელაშვილმა.