თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება 4 წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით გაუფორმდება

თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ ვლადიმერ ღუდუშაურს, რომელიც ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, საპროცესო შეთანხმება 4 წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით გაუფორმდება.

როგორც ღუდუშაურის ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას სასამართლო უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.

„პირობები ასეთია: 4 წელი პირობითი, 10 000 ლარი ჯარიმა და ასევე, 1 წლის ვადით საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება შეეზღუდება. შუამდგომლობის შეტანიდან სასამართლოს 15 დღე აქვს, შუამდგომლობის განსახილველად, როდის გადაწყვეტს მოსამართლე განხილვას, ვერ გეტყვით.

საპროცესო შეთანხმების გაფორმება თავისთავად ნიშნავს, რომ ის დამნაშავედ იქნება ცნობილი. მან დანაშაული თავიდანვე აღიარა, ითანამშრომლა კიდეც გამოძიებასთან, საქმე რამდენიმე ათეული ტომისგანაა შემდგარი, მას შემდეგ, რაც საქმის მასალებს გავეცანით, ანალიზი გავუკეთეთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მივიჩნიეთ, რომ ეს იყო სწორი გზა და სტრატეგია, რაც მისი ინტერესების დასაცავად შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ამ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება იყო ერთადერთი სწორი გზა, მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს